"არის ეგ საშიშროება და არამარტო ჩვენთან - ვერც ბალტიისპირეთი გადარჩება და ვერც აღმოსავლეთ ევროპის ის ქვეყნები, რომლებიც..." - კვირის პალიტრა

"არის ეგ საშიშროება და არამარტო ჩვენთან - ვერც ბალტიისპირეთი გადარჩება და ვერც აღმოსავლეთ ევროპის ის ქვეყნები, რომლებიც..."

ბოლო პერიოდში მსოფლიოსა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესების ანალიზით ჩვენი სტუმარია პოეტი ერეკლე საღლიანი.

- თითქოს საქართველოს პრეზიდენტი­ ზის თითოეული ქართველის სულში. ისე ღირსეულად იქცევა, როგორც ღირსეული ქვეყნის ღირსეულ ხელმძღვანელს შეეფერება... პუტინი საბჭოთა კავშირს შენატრის და მისი რესტავრაცია სურს, მაგრამ ვერ ხვდება, რომ ეს შეუძლებელია. უკრაინელ ხალხან ერთად, რომელიც იბრძვის და იცავს თავისი ქვეყნის დამოუკიდებლობას, ჩემი სული და გული არის იმ რუსებთან, რომლებმაც ომის წინააღმდეგ ხმა აიმაღლეს. როგორ უნდა ხედავდე იმ ქვეყნის მომავალს, რომელსაც შეუძლია 10-11 წლის ბავშვები დააპატიმროს მხოლოდ იმისთვის, რომ მათ თქვეს, არ გვინდა ომიო?! არსებობს რეჟიმის აპოლოგეტი და რეჟიმის მსხვერპლი. ის რუსები, რომლებიც ქუჩაში გამოდიან და თავიანთ აზრს თამამად გამოთქვამენ, რეჟიმის მსხვერპლად უნდა მივიჩნიოთ. ვინც პუტინის რეჟიმის მსხვერპლია, ყველა მეცოდება, მათ შორის - რუსი ხალხიც.

- ბევრი რუსი ჩამოდის დღეს საქართველოში. ეს საზოგადოებაში ბადებს შიშს, რომ უკრაინა ჩვენთანაც არ განმეორდეს...

- არის ეგ საშიშროება და არამარტო ჩვენთან - ვერც ბალტიისპირეთი გადარჩება და ვერც აღმოსავლეთ ევროპის ის ქვეყნები, რომლებიც სოციალისტურ ბანაკში შედიოდნენ. უბედურება ის არის, რომ ამ საფრთხეს ყველაზე მძაფრად გრძნობენ ის ქვეყნები, რომლებიც რუსეთს ესაზღვრებიან. ეს არის პოლონეთი და ბალტიისპირეთი. მახსოვს, 2008 წელს, როდესაც რუსეთი საქართველოში შემოიჭრა, ყველაზე ვაჟკაცური პოზი­ცია ამ ქვეყნებმა დაიჭირეს. მაშინდელ მსოფლიოს ეს პოზიცია რომ ჰქონოდა, შეიძლება დღევანდელი უკრაინა არც ყოფილიყო.

- ზოგიერთმა ჩვენს პრემიერ-მინისტრს დიპლომატია დაუწუნა. თქვენ რას ფიქრობთ?

- რუსეთი არაპროგნოზირებადი ქვეყანაა, რომელსაც შეურაცხადი ადამიანი მართავს, ამიტომ დღეს გვჭირდება მოზომილი პოლიტიკა, თუმცა ამ მოზომილ პოლიტიკას ღირსება არ უნდა შევწიროთ. მოდი, ნუ გავიხლიჩებით. უკრაინელმა ხალხმა ეროვნული ერთობით შეძლო ამხელა წინააღმდეგობის გაწევა. მჯერა, საბოლოოდ სიმართლე გაიმარჯვებს! დღეს ყველა ფრთხილობს, ყველა ფიქრობს თავის ქვეყანაზე, თორემ ჩვენს ქვეყანას დახმარებაზე უარი ხომ არ უთქვამს! პრემიერის მოზომილ განცხადებაში მე კოლაბორაციონიზმს კი არა, სიფრთხილეს ვხედავ.

პუტინი ანგრევს არა მარტო უკრაინას, არამედ რუსეთსაც. განწირულია ასეთი მოქმედება, მაგრამ შიშს ბადებს ის, რომ არავინ იცის, რა შეიძლება მოიმოქმედოს ეიფორიაში მყოფმა ადამიანმა. მართლაც ღილაკს რომ მიაჭიროს ხელი, რაღა დარჩება? ამიტომ არის სიფრთხილე საჭირო.

ჩვენი ბედი უკრაინის ბედზეა გადაბმული. თუ ისე მოვიქცევით, როგორც ამ შემთხვევაში ჩვენი პრეზიდენტი იქცევა, მიგვიღებენ ევროკავშირში. ეს აუცილებელია, რადგან შენ, მოგწონს თუ არა ბევრი რამ, რაც მსოფლიოში ხდება, თავი კაცობრიობის განუყოფელ ნაწილად უნდა წარმოიდგინო. არადა რა ხდება? მსოფლიომ, მაშინ, როცა რუსეთი დაშლის პირას იყო, ის არ გაიმეტა, რადგან სჭირდება, მაგრამ როდესაც ეს ქვეყანა კაცობრიობის მტრად იქცევა, მსოფლიოს სხვა გზას არ უტოვებს, გარდა იმისა, რომ ის დაშალონ.

რა თქმა უნდა, უნდა ვიყოთ ევროკავშირში - ამ ერთიან, დიდ ოჯახში და თუ სადმე შესვლას ვაპირებთ, ეს ჩვენი მოქმედებით უნდა დავიმსახუროთ, ოღონდ არ უნდა გეგმაზომიერად უნდა ვიმოქმედოთ. ბევრი შეცდომა დავუშვით, ბევრი რამ შეგვეძლო აგვერიდებინა და არ ავირიდეთ. და კიდევ - ხშირია ადამიანებზე თავდასხმა, მიმაჩნია, რომ ადამიანის გონების დაცემის უმთავრესი ნიშანია, როცა ის მხოლოდ სხვისი ლანძღვით ახსენებს თავს საზოგადოებას. პრობლემას უნდა შევხედოთ ტკივილით და არა ეგოისტური თვითტკბობით. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, სიტუაცია თავიანთი ვაიპოლიტიკური ამბიციების დასაცხრობად გამოიყენონ და არავის ზოგავენ. მე მათ ვეტყოდი: დაფიქრდით, სანამ რამეს იტყვით. ყველა ნათქვამს ფიქრი უნდა უძღოდეს.