"ჩვენი ვეტერანები უკრაინაშიც იბრძვიან, მაგრამ ქვეყანა არ შეუწუხებიათ ძახილით, ომში გაგვიშვითო“
"ასეთი საშინელებების პატრიოტული შეძახილებით გადაფარვის ცდა დიდი უტვინობაა“
რუსეთ-უკრაინის ომის პარალელურად ქართველ საზოგადოებაში ახალი დაპირისპირება დაიწყო. ერთი მხარე მეორეს უკრაინული მოვლენებისადმი გულგრილობასა და სილაჩრეში ადანაშაულებს; მეორე პირველს - საკუთარი პოლიტიკური ამბიციების სამსახურში, ზოგი კი სულაც ქართველი ერის უვარგისობაზე ლაპარაკობს. ცხადია, ყველა ომს თავისი ინტერესები აქვს, თუმცა ჩვენი ერთადერთი ინტერესია, გადავრჩეთ და ქვეყანაც დავიბრუნოთ, ამისთვის კი საჭიროა, გავიხსენოთ, რომ ქართველები არც ვაჟკაცობით ჩამოვრჩებით არავის, არც სამშობლოსთვის თავგანწირვის უნარით. და კიდევ - ომში დამარცხება უკვე ვიწვნიეთ, ამიტომ თუ ახალ ომს დავაპირებთ, მისთვის მომზადებულიც უნდა ვიყოთ. ლაჩრის იარლიყი ყველაზე შეურაცხმყოფელი ვეტერანებისათვის აღმოჩნდა, მათთვის, ვინც ქვეყნისთვის იომა, სიცოცხლე არ დაუშურებია და არც ახლა იშურებს - უკრაინაში უკრაინელებთან ერთად ებრძვის საერთო მტერს. სამაჩაბლოს ომის გმირს, ჯიმი ინატაშვილს, ამ თემაზე საუბარი არ უნდოდა, ყველამ თავისი საქმე იცის, ვაჟკაცობას რა მტკიცება უნდაო, მაგრამ არ მოვეშვი - თავადაც ხომ მჭირდებოდა სტიმული ამ ურთულეს სიტუაციაში!
- უკრაინის ომის პარალელურად, საზოგადოების ნაწილი ომში ჩაბმას ძალიან იოლად უყურებს და ამ თემაზე დიდი დისკუსიაც გაჩაღდა, ვეტერანები კი ჩუმად ხართ. რატომ?
- ვისაც ცხინვალში რუსების თვითმფრინავებიდან ჩამოყრილი 400-კილოგრამიანი ჭურვები არ უნახავს, ომზე ადვილად ილაპარაკებს, მაგრამ ვინც იცის, რა შედეგი შეიძლება მოიტანოს ასეთმა დაბომბვებმა, ის ჩუმად არის. 400-კილოგრამიანი ჭურვები ჰაერში ფლეთს ყველაფერს. სამაჩაბლოს ომშიც იყო შემთხვევები, როცა ასეთმა ჭურვებმა ჩვენი ბიჭები ჰაერში გააქრო, მათგან ნაფლეთიც აღარ დარჩა, ის მაინც რომ გვეთქვა, გარდაიცვალნენო. მათი ოჯახები ამას ვერ იჯერებდნენ და ბიჭებს კარგა ხანს ელოდნენ, სანამ ყველა უგზო-უკვლოდ დაკარგულად არ გამოცხადდა. ასეთი საშინელებების პატრიოტული შეძახილებით გადაფარვის ცდა დიდი უტვინობაა. ომს ცოდნა და საქმე სჭირდება. ამჟამად ჩვენი საქმე იმით ჩანს, რომ ჩვენი ვეტერანები უკრაინაშიც იბრძვიან, მაგრამ ისე, რომ ქვეყანა არ შეუწუხებიათ ძახილით, ომში გაგვიშვითო. ვისაც წასვლა უნდა, წავიდეს, ვინ უშლის ხელს?! ჩვენი ბიჭები უკრაინელებს ფსიქოლოგიურადაც ეხმარებიან, ჩვენ ხომ რუსებთან ბრძოლის დიდი ხნის გამოცდილება გვაქვს! და თუ საკუთარ ომში არ დავლაჩრებულვართ, უკრაინაში როგორ დავლაჩრდებოდით, ზოგიერთი იმ ადამიანისგან განსხვავებით, რომელიც დღეს მიტინგებს მართავს ომში მოხალისეების გაგზავნისთვის, მაგრამ როდესაც ჩვენს ქვეყანაში იყო ომი, აქედან გაიქცნენ და თავს უშველეს!
- თქვენ ანწუხელიძის 41-ე ბატალიონში იბრძოდით...
- დიახ. მთელი ბატალიონი ომში ისე წაგვიყვანეს, არ ვიცოდით, სად მივყავდით. მე მხოლოდ მაშინ მივხვდი, როცა სამაჩაბლოს გაუკაცრიელებულ გზაზე ერთადერთი შაოსანი ქალი შეგვხვდა, რომელიც ჩვენს დანახვაზე გაჩერდა და პირჯვარი გადაგვწერა. მაგრამ ამის მიუხედავად, არავის შეგვშინებია და არც ლაჩრულად დაგვიხევია უკან. არადა, ბატალიონი, ძირითადად, 18 წლის ბიჭებისგან შედგებოდა. 21-23 წლისანი მხოლოდ რამდენიმე ვიყავით. ჩვენმა მეთაურმა შალვა მაისაშვილმა ბიჭებს ბრძოლაში გასვლის წინ უთხრა, ვისაც გეშინიათ, ჯობს, ახლავე წახვიდეთ, ოღონდაც ფორმა გაიხადეთ და ისე წადით, რომ მუნდირი არ შეარცხვინოთო, მაგრამ ეს არავის მოსვლია აზრად. ვაჟკაცი ქართველი ფსიქოლოგიურად კვდება იმის გახსენებაზეც კი, რომ მისი მიწა სხვამ წაიღო, მის სახლში ვიღაც გადამთიელი ცხოვრობს და თავისთავად ჩნდება განცდა, რომ ამ ყველაფრის დასაბრუნებლად თავი უნდა გასწირო.
ჩვენც გავწირეთ, როგორც დღეს უკრაინელები აკეთებენ. ჩვენს ბატალიონში ყველა გმირი იყო. ვერავის ვივიწყებ, 18 წლის საბა დადვანის ჩათვლით. ბიჭი სოფელ ტანძიიდან იყო, სულხან-საბას სოფლიდან და იმიტომაც ერქვა საბა. როდესაც დაინახა, რომ წვრილკალიბრიანი ავტომატით ისე ვერ იბრძოდა, როგორც უნდოდა, ეს ავტომატი გადააგდო და მსხვილკალიბრიანი იარაღი აიღო, მაინც მომკლავენ, მაგრამ მტერს ათს მაინც გავიყოლებო და ასეც გააკეთა. ამ სიტყვებს რომ ამბობდა, მეთაურებსაც მოადგათ თვალზე ცრემლი. საბამ იმ დღეს სამშობლოსთვის სიკვდილი თავისი სურვილით გადაწყვიტა, არადა, ეს 18 წლის ბიჭი ოჯახის ერთადერთი მარჩენალი იყო - დედას და ორ პატარა ძმას ეხმარებოდა. რომელ სილაჩრეზეა ლაპარაკი! მეთაურები რომ დაგვეხოცა, მაშინაც ვიბრძოდით, სანამ არ გვიბრძანეს, ცხინვალი დატოვეთ, დედაქალაქს გამაგრება სჭირდებაო...
ცრემლი გვახრჩობდა, როცა ყველაზე მამაცი ბიჭების ცხედრებს ვტოვებდით, ხელისუფლებას კი ამ დროს რუსთაველზე ვითომ გამარჯვების აღსანიშნავად მიტინგი ჰქონდა გამართული! დღეს რუსთაველზე ძალიან ბევრი დგას იმ ხალხიდან, ვინც მაშინ საქართველოს "გამარჯვება" იზეიმა. დგანან იმისთვის, რომ როგორმე ისევ ხელისუფლებაში მოვიდნენ და მსგავსი ჯოჯოხეთი ისევ მოაწყონ! ამ ხალხმა ომი კი არა, ისიც არ იცის, რა არის ომის შემდეგ ყველაზე ძნელი - როგორ შეხედო თვალებში იმ დედებს, რომელთა შვილები დაიხოცნენ, შენ კი გადარჩი! მე ამის მეშინოდა მხოლოდ და ახლაც ამის მეშინია, სხვა არაფრის! ლაჩარი ის ხალხია, ვინც, ღმერთმა ნუ ქნას და, ომი თუ დაიწყო, ისევ გაიქცევა, თორემ ჩვენი ვაჟკაცები იმედით ცხოვრობენ და შესაფერის დროს ელოდებიან გადამწყვეტი ბრძოლისთვის! როცა დავინახავთ, რომ სწორედ გადამწყვეტი დრო დადგა, ომში წასასვლელად სხვისი დარიგება არ გვჭირდება!