"არ გამოვრიცხავ, პუტინმა ბირთვულ ღილაკს თითი დააჭიროს...“ - კვირის პალიტრა

"არ გამოვრიცხავ, პუტინმა ბირთვულ ღილაკს თითი დააჭიროს...“

რუსეთს ბლიცკრიგი არ გამოუვიდა, უკრაინა თავგანწირვით იბრძვის და მიწის თითოეულ გოჯს გააფთრებით იცავს. ქვეყნის ოფიციალური უწყებების ცნობით, ომს უკვე შეეწირა 11 000 რუსი ჯარისკაცი. მსხვერპლია უკრაინის არმიასა და მშვიდობიან მოსახლეობაშიც. ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილია 28 ბავშვი. რუსეთს მსოფლიომ მართლაც არნახული ეკონომიკური სანქციები დაუწესა. უდიდესმა უცხოურმა კომპანიებმა, მათ შორის - ტექნოლოგიურმა, უკვე შეწყვიტეს რუსეთში მუშაობა. სანქციები დაუწესდათ ქვეყნის პოლიტიკური თუ ბიზნესელიტის წარმომადგენლებს, ბანკებს, ენერგეტიკულ კომპანიებს. რუსული რუბლი კატასტროფულად უფასურდება. კრემლი საკუთარი მოსახლეობის სრულ იზოლაციაში მოქცევას ცდილობს. მიიღეს კანონი, რომლის თანახმად, რუსეთში „ცრუ ინფორმაციის” გავრცელებისთვის ჟურნალისტებს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ამის შემდეგ მაუწყებლობა შეაჩერა თითქმის ყველა დამოუკიდებელმა და საერთაშორისო მედიაორგანიზაციამ. უკრაინამ ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრებისთვის განაცხადი შეიტანა. მას მიჰბაძეს საქართველომ და მოლდოვამ. როგორ დასრულდება პროცესი, რთული სათქმელია. რუსეთ-უკრაინის ომსა და მის თანმდევ მოვლენებზე გვესაუბრება ექსპერტი სანდრო­ თვალჭრელიძე.

tvalchrelidze-sandro.jpg

- ნება მომეცით, უპირველესად ვთქვა, რომ აღმაშფოთებელია და თანამედროვე მსოფლიოსთვის სრულიად მიუღებელი ის აგრესია, რასაც რუსეთი დამოუკიდებელი უკრაინის წინააღმდეგ იჩენს. 10 დღეზე მეტი გავიდა ომის დაწყებიდან და ბევრი რამის შეფასება უკვე შეგვიძლია.

აშკარაა, რომ პუტინს თავისი "გენიალური" სტრატეგების ექსპერტიზის საფუძველზე ეგონა, ადვილად გაისეირნებდა უკრაინაში, მაგრამ მისთვის საუბედუროდ და მთელი მსოფლიოს სასიხარულოდ, უკრაინამ გამოავლინა გაუგონარი გმირობა და ამაში უზარმაზარია ვოლოდიმირ ზელენსკის როლი, რომელიც სამ დღეში სუსტი პრეზიდენტიდან მსოფლიო დონის ლიდერად და გმირად გადაიქცა. ერი შეკრულია, უკან დახევაზე არავინ ფიქრობს, ჩვენ ყოველდღიურად პირდაპირ ეთერში ვხედავთ გმირობის საოცარ მაგალითებს, როდესაც ხალხი შიშველი ხელებით უკან ახევინებს ოკუპანტებს. ოდესაში მოხალისეებისგან ქალაქის დასაცავად ბრიგადა შეიქმნა. ქვეყნიდან წასული უკრაინელები საბრძოლველად სამშობლოში ბრუნდებიან.

ასევე ვხედავთ რუსეთის უუნარობას სამხედრო თვალსაზრისით. მათ უკრაინის არმიაზე თითქმის ხუთჯერ მეტი შესაძლებლობები ჰქონდათ, მაგრამ ეს უპირატესობა გამქრალია... მათი სტრატეგია არის ერთფეროვანი, რითაც მნიშვნელოვანს ვერაფერს აკეთებენ. აშკარად ჩანს, რომ ელევათ ზუსტი დამიზნების რაკეტები, საკვები, საწვავი და ეს სულ 11 დღეში! უნდა მოესმინათ გენშტაბის უფროსის ყოფილი მოადგილისთვის, როცა ის ამბობდა, რომ რუსეთი ამ ძალებით უკრაინას ვერ მოერეოდა. უკვე იმასაც კი ამბობენ, რომ პუტინი საყოველთაო მობილიზაციას გამოაცხადებს. პუტინის პანიკა იმითაც მჟღავნდება, რომ რუსეთში საინფორმაციო წყაროები, სოციალური ქსელები დაკეტეს. შეჩერებულია საერთაშორისო ფრენა. შიგნიდან კეტავს ქვეყანას, რომ ხალხი არ გაიქცეს. სრული უუნარობა გამოიჩინა სამხედრო დაზვერვამ, არ გამართლდა პროგნოზი, რომ უკრაინელები რუსეთის არმიას სიხარულით შეეგებებოდნენ... რუსი ჯარისკაცების ქმედებაში სტრატეგია არ ჩანს, მეტიც, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მათ ომისა არაფერი გაეგებათ. მათი სტრატეგიული შეფასებაც, რა მოხდებოდა მსოფლიოში ომის დაწყების შემთხვევაში, აბსოლუტურად მცდარი გამოდგა. არავინ ელოდა ასეთ სანქციებს, რაც ლავროვმაც აღიარა. არც სეჩინი, არც ტიმჩენკო, არც უსმანოვი თავიანთ იახტებს ევროპაში არ დატოვებდნენ, ასეთი სანქციების მოლოდინი რომ ჰქონოდათ. მარტო ამ სამ ოლიგარქს 2 მილიარდის ქონება წაართვეს.

საინტერესოდ იქცევა აბრამოვიჩი - ის ყიდის "ჩელსის" და ამბობს, რომ მთელ ფულს უკრაინას გადაურიცხავს. ერთ-ერთმა გავლენიანმა რუსმა ბიზნესმენმა ოლეგ დერიპასკამ, რომელიც კა-გე-ბეს გენერალი და პუტინის მარჯვენა ხელია ევროპასთან ფინანსური კავშირის თვალსაზრისით, თქვა, ომი დამღუპველია და მალე რუსეთში დაახლოებით ისეთი მასშტაბის ეკონომიკური კრიზისი დაიწყება, 1998 წლის კრიზისი სამზე რომ გავამრავლოთო.

ჩიპებს ვერ ყიდულობენ, არადა, საფრენი აპარატები, რაკეტები ტაილანდურ ჩიპებზე იგება, ამიტომაც მოუწევთ მათი წარმოების შეწყვეტა. თვითმფრინავებს, რომლებიც რუსებს ლიზინგით აქვთ, უცხოური კომპანიები უკან ითხოვენ. რა თქმა უნდა, არ დააბრუნებენ, ამიტომაც მათი საერთაშორისო ფრენები შეწყვეტილია და როგორც კი რომელიმე ასეთი თვითმფრინავი უცხოეთში დაჯდება, მას დააყადაღებენ. ორიოდე თვეში რუსეთში თვითმფრინავი ვეღარ აფრინდება. მოგეხსენებათ, მათ მუდმივი მოვლა სჭირდება, "ბოინგმა" და "აერბუსმა" კი რუსეთში პროფილაქტიკური ოფისები დაკეტეს. ეგ კი არა, მალე "ჟიგულისაც" ვეღარ აწარმოებენ, რადგან ძალიან ბევრი ნაწილი უცხოეთიდან შეჰქონდათ. მოკლედ, მოუწევთ ურმებზე გადასხდომა. რუსი ექსპერტებისვე თქმით, უცხოური ტექნოლოგიების გარეშე ცოტა ხანში მტვერსასრუტსაც კი ვერ ააწყობენ. პუტინმა ესეც ვერ გაითვალისწინა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ვერ გათვალა, როგორც თვითონ ეძახის, "სამხედრო ოპერაციაა". კიდევ ათი დღე თუ გაუძლო უკრაინამ, რუსეთს ეს კამპანია წაგებული ექნება. მან ომი პირველი დღიდან წააგო, რადგან როგორც უნდა დასრულდეს საბრძოლო მოქმედებები, იმ ფორმით, როგორც 24 თებერვლამდე არსებობდა, რუსეთი აღარასდროს იარსებებს. მსოფლიოში ახლა სულ სხვა რეალობაა და მადლობა ბატონ პუტინს, რადგან მის გარდა ვერავინ მოახერხა დასავლეთის ასეთი კონსოლიდაცია. აღმოჩნდა, რომ უსაფრთხოების გლობალური სისტემის შექმნას ალტერნატივა არ აქვს

- უკრაინა ნატოსგან მისი ტერიტორიის არასაფრენ ზონად გამოცხადებას ითხოვს, რაზეც ნატომ ჯერჯერობით უარი თქვა... ამ თემაზე ილაპარაკა რუსეთის პრეზიდენტმა სტიუარდესებთან შეხვედრისას და განაცხადა, ნებისმიერი მოძრაობა ამ მიმართულებით ჩვენ მიერ განიხილება, როგორც შეიარაღებულ კონფლიქტში ამა თუ იმ ქვეყნის მონაწილეობაო. მანამდე კი ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატო სისუსტესა და ერთობის არქონაში დაადანაშაულა სწორედ იმიტომ, რომ დასავლურმა სამხედრო-პოლიტიკურმა ალიანსმა უკრაინის ცის არასაფრენ ზონად გამოცხადებაზე უარი განაცხადა...

- ნატო ფრთხილობს და ეს არ არის გასაკვირი. მას თუ მოუწია ამ კონფლიქტში სამხედრო ფორმით ჩართვამ, ვფიქრობ, ჯერ რუსული ბირთვული არსენალის განეიტრალება უნდა მოახერხოს. არ გამოვრიცხავ, რომ პუტინმა დევიზით: "თუ მე და რუსეთი არ ვიქნებით, დაე, მსოფლიოც ნუ იქნება, თითი დააჭიროს ბირთვულ ღილაკს. ის არ არის ადეკვატური. დადებითად მხოლოდ ის შემიძლია შევაფასო, რომ თქვენს ნახსენებ შეხვედრაზე ისე ჩანდა, თითქოს ის ბუნკერიდან ამოძვრა, თუ ეს შეხვედრაც დადგმული არ იყო, რისი ეჭვიც გაჩნდა. იმედია, მან მოახერხა ისტერიკული, შიზოფრენიული შიშის დაძლევა, რაც სამი-ოთხი დღის წინ ჰქონდა...

ისევ საფრენი სივრცის დაკეტვას რომ დავუბრუნდეთ... სხვათა შორის, არსებობს საერთაშორისო სამართლის ნორმები და კარგი იქნება, ეს ნორმები ჩვენმა პრემიერ-მინისტრმაც განუმარტოს მოსახლეობას, როგორც ბორის ჯონსონმა გააკეთა, როდესაც მას აღელვებულმა უკრაინელმა ჟურნალისტმა მიმართა. ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა აქამდე ამის ახსნა ვერ შეძლო. არ ვიცი, შეიძლება არც იცის... საქმე ის არის, რომ საჰაერო სივრცის დახურვა ან რომელიმე სახელმწიფოს მიერ ლოჯისტიკურად მოხალისეების დახმარება ნიშნავს, რომ შენ უკვე ხარ კონფლიქტის რომელიღაც მხარეს. როცა ნატოზეა ლაპარაკი, ეს ქვეყნები თავიანთ ცას ხომ არ დახურავენ, სხვა ქვეყნის, ამ შემთხვევაში - უკრაინის ცა უნდა დახურონ, ანუ ის შეიარაღებით უნდა გააკონტროლონ, ესე იგი რუსეთთან კონფლიქტში ჩაერთონ. სწორედ ეს თქვა სტოლტენბერგმა. ამიტომ ერიდება ნატო უკრაინაში ცის დახურვას. ამის გაკეთება მართლაც შეიძლება იქცეს ევროპის ომში ჩართვის მიზეზად.დააკვირდით, ომამდე ბრიტანეთი და სხვა ქვეყნები უკრაინას პირდაპირ და დაუფარავად აწვდიდნენ იარაღს, მაგრამ ახლა ამას ერიდებიან, სამაგიეროდ, აძლევენ ფულს და იარაღიც მაშინვე ჩნდება, ანუ ამას ისე წარმოაჩენენ, რომ ამ იარაღს უკრაინა ყიდულობს. ასე ცდილობენ ნეიტრალურობის შენარჩუნებას. საფრანგეთმა თავისი ლეგიონის 17 წევრი, რომლებიც მოხალისეებად მიდიოდნენ, დააკავა, არადა, ეს არის ქვეყანა, რომელიც ყველაზე მეტად ეხმარება უკრაინას. ვითომ საელჩოს დაცვის მიზნით გაგზავნილი სპეცრაზმი, ხომ კარგად ვიცით, რომ უკრაინელი ჯარისკაცების გაწვრთნას ემსახურება, მაგრამ საჯაროდ ისე მოიქცნენ, თითქოს არ ეთანხმებიან უკრაინაში მოხალისეების წასვლას. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი ევროპული ქვეყნიდან უკვე ჩავიდნენ მოხალისეები, ეს სახელმწიფოები ამას ემიჯნებიან. მთავრობები აცხადებენ, რომ ამაში არ მონაწილეობენ. მთელი მსოფლიო რუსეთის წინააღმდეგია, ეს ჩანს ამ მასშტაბურ სანქციებში, მაგრამ ომში ჩართავს ყველა ერიდება.

- საქართველოს ხელისუფლების, ასე ვთქვათ, ორმაგ სახეზე მინდა გკითხოთ. ერთი მხრივ, ჩვენ საერთაშორისო ორგანიზაციებში თუ ქვეყნის შიგნით მხარს ვუჭერთ უკრაინას, მის კვალდაკვალ ევროკავშირში გაწევრებაზეც შევიტანეთ განაცხადი, მაგრამ მეორე მხრივ, გვესმის ხელისუფლების წარმომადგენლების უცნაური განცხადებები, მაგალითად, ის, რომ უკრაინის ომი ჩვენი საქმე არ არის, რომ თურმე სანქციები არ მუშაობს და ა.შ. და ამ ყველაფერს ამბობს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. შედეგად ქვეყნიდან საკონსულტაციოდ გაიწვიეს უკრაინის ელჩი... ეს ყველაფერი როგორ შეიძლება აიხსნას?

- არ ვიცი, რა უნდა ვთქვა... ღარიბაშვილს ე.წ. სპიჩვრაითერი არ ჰყავს და ჯობს, გაჩუმდეს, საერთოდ ხმა არ ამოიღოს, იმიტომ, რომ რასაც მეტს ლაპარაკობს, მით უარესს და უარესს ამბობს. მის საუბარში დიპლომატიური აზროვნების ნასახიც არ ჩანს. იგივე ითქმის ირაკლი კობახიძეზეც. ორივე უმძიმესი შემთხვევაა... ინფანტილური პოლიტიკის დრო წავიდა... ზუსტად ღარიბაშვილის არასწორმა, არაადეკვატურმა ლაპარაკმა გამოიწვია ელჩის გაწვევა საკონსულტაციოდ. რომ არა ღარიბაშვილის ყოვლად გაუმართლებელი განცხადებები, დარწმუნებული ვარ, ზელენსკი ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა. იმაზე, რომ თვითმფრინავი არ უნდა დაესვათ და მოხალისეები ზარ-ზეიმით არ გაეცილებინათ, უკვე ვილაპარაკე და ისიც ავხსენი, რატომ არ იქცევიან ასე განვითარებული ქვეყნები, მაგრამ ამას მე კი არა, ხელისუფლება უნდა უხსნიდეს თავის მოსახლეობასაც და უკრაინელებსაც... ვისაც უკრაინაში წასვლა უნდოდა, უკვე იქ არიან და იბრძვიან, ყოველგვარი ჩარტერული რეისების გარეშე.

წარმოგიდგენიათ?! ისე უთავოდ იქცევა ჩვენი ხელისუფლება, რომ კელი დეგნანს მოუხდა ჩვენი დაცვა - დიდი მადლობა საქართველოს უკრაინის დახმარებისთვისო. ერთადერთი პოლიტიკური ფიგურა, რომელიც ადეკვატურად იქცევა, არის ჩვენი პრეზიდენტი. ან რა იყო ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ თურმე ხელისუფლების ადგილი არ არის მრავალათასიან მიტინგზე, რომელსაც იმ ქვეყნის პრეზიდენტმა მიმართა, რუსეთი სისხლში რომ ახრჩობს. რა შუაში იყო "ნაციონალური მოძრაობა" ან თუნდაც ელჩის გაწვევა?! უკრაინა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, მეგობარი ქვეყანა, რომელიც არაერთხელ დაგვიდგა გვერდით და სირცხვილი არ არის კობახიძისა და მისთანების პოზიცია?!

- აბსოლუტურად გეთანხმებით. ზელენსკი და მისი გარემოცვა ლამის "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებად გამოაცხადეს. სრულიად გაუგებარია, როგორ შეიძლება უდიდესი გეოპოლიტიკური კრიზისის ვიწრო პოლიტიკურ დაპირისპირებამდე დაყვანა...

- სხვაგვარად ვერ აზროვნებენ და ეს მაშინებს ყველაზე მეტად. ვითარების შეფასების ელემენტარული უნარი არ აქვთ. დავით არახამია ამოიჩემეს ახლა. ეს არის ქართული წარმოშობის უკრაინელი პატრიოტი, რომელსაც მიანდეს რუსეთთან ურთულესი მოლაპარაკებები. მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურაა, ლეგიონი შექმნა, გმირია კაცი და იძახიან, "ნაციონალურ მოძრაობასთან" არის ასოცირებულიო! კარგი, რა, ხალხო...

პეტრო პოროშენკოს პრეზიდენტობის დროს გაეკეთებინათ რამე, როდესაც სააკაშვილი გუბერნატორად დასვეს! იმჟამად რაც მოხდა, ესეც ჩვენი ხელისუფლების ბრალია. გაცილებით უკეთესად უნდა დაესაბუთებინათ სააკაშვილის თუ ადეიშვილის დანაშაული. უფრო პროფესიონალურად, ვიდრე პროკურატურამ გააკეთა...

- ევროკავშირში გაწევრების თაობაზე საქართველომ განაცხადი შეიტანა, რაც ნამდვილად ისტორიული ნაბიჯია...

- გეთანხმებით. სახელმწიფომ ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო და ისევ კინკლაობენ, ვინ რა დაიბრალოს. ხალხო, დავიღალეთ, აუტანელია ასეთი დამოკიდებულება! ახლა საჭირო ერთობა, თანხმობა, რადგან ძალიან მნიშვნელოვან, საეტაპო პროცესს გავდივართ. პირველად მომეწონა გიორგი ვაშაძის განცხადება, გვეყოფა კინკლაობა და სასწრაფოდ წავიდეს სხვადასხვა პარტიისგან შემდგარი დელეგაცია ბრიუსელში ჩვენი პოზიციის დასაცავადო. დღეს გვაქვს ევროკავშირში გაწევრების კარგი შესაძლებლობა და თუ ამას ხელიდან გავუშვებთ, უდიდესი შეცდომა იქნება.

- ჩვენში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას, განცხადებამ, რომ უკრაინა არ არის თანახმა, ევროკავშირში მისი გაწევრების საკითხი საქართველოსა და მოლდოვასთან ერთად განიხილონ...

- ჩემი აზრით, ომის გათვალისწინებით შეიძლება გავუგოთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, მაგრამ, საზოგადოდ, ვფიქრობ, არ იყო ეს მთლად კოლეგიალური განცხადება. ამას უკრაინა არ წყვეტს, ყველაფერი დამოკიდებული იქნება ევროკავშირსა და იმაზე, როგორ წარვმართავთ მოლაპარაკებებს, როგორ მოვიქცევით ქვეყანაში და ქმედითი იქნება თუ არა ჩვენი ნაბიჯები. მე თუ მკითხავთ, ევროპაში ჩვენი პოზიციების დასაცავად ყველა პარტიის სახელით საქმის წარმართვას ჩვენს პრეზიდენტს მივანდობდი.

თავის დროზე, საპრეზიდენტო არჩევნებისას, მე არ ვიყავი აღფრთოვანებული სალომე ზურაბიშვილით, მხარს ვუჭერდი დათო უსუფაშვილს და ეს არის ჩემი შეცდომა, რომელსაც ვაღიარებ. მახსენდება ერთი რამ: თავის დროზე ოთარ იოსელიანს აკრიტიკებდნენ, რატომ არ გყავს ფილმებში კარგი კომუნისტური გმირიო. მან უპასუხა, გმირი და კარგი ადამიანი დაბრკოლებებთან ბრძოლაში უნდა გამოჩნდეს და რადგან საბჭოთა კავშირში დაბრკოლებები არ არის, გმირი როგორ შევქმნაო...

სალომე ზურაბიშვილის თვისებებიც კრიზისისას გამოჩნდა. აღმოჩნდა, რომ მას თავისი დიდი დიპლომატიური გამოცდილებით შეუძლია დაბრკოლებებთან გამკლავება. ამ ბოლო ორი წლის განმავლობაში შეცდომა არ დაუშვია. რუსთაველზე შეკრებილი უკრაინის მხარდამჭერებისათვის მიმართვა სწორი ნაბიჯი იყო. მან დაამტკიცა, რომ არ არის არც "ქართული ოცნების" და არც ოპოზიციის პრეზიდენტი. მას აქვს პრინციპული პოზიცია, რომელსაც აყალიბებს არა რომელი პარტიის დღის წესრიგი, არამედ ქართველ საზოგადოებაზე ფიქრი. სულ ცოტა 200 000 კაცი იდგა იმ დღეს რუსთაველზე და კარგი ქნა, ამ ხალხს რომ მიმართა. მან პოლიტიკოსებს კი არა, საზოგადოებას უთხრა, რომ იქ დგას, სადაც საქართველოს ადგილია, ანუ უკრაინის გვერდით. იგივე უნდა გაეკეთებინათ პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, მაგრამ მათ ვიწრო პარტიული ინტერესებით ნასაზრდოები რაღაც სინდრომი აქვთ. სალომე ზურაბიშვილმა დაამტკიცა, რომ არის პოლიტიკური ფიგურა, რომელსაც შეუძლია შარლ მიშელთან, ემანუელ მაკრონთან, ურსულა ფონ ლაინერთან და სხვებთან ლაპარაკი. როგორც ვიცი, ამ ბოლო ვიზიტებისას რამდენიმე შეხვედრა არ იყო დაგეგმილი, მაგრამ მას ყველა შეხვდა. დარწმუნებული არ ვარ, რომ ჩვენი პრემიერის ან პარლამენტის თავმჯდომარის ჩასვლისასაც იგივე მოხდებოდა. საქმე ის არის, რომ ეს უნდა დაიმსახურო, ყველას უნდა დაანახვო, რომ ვიწრო პარტიულ ხრიკებზე მაღლა დგახარ. არ მახსოვს არც ერთი გამოსვლა ჩვენი პრემიერ-მინისტრის, სადაც "ნაციონალურ მოძრაობას" არ ლანძღავს. როგორ მეხატება გულზე, "ნაციონალური მოძრაობა", კარგად იცით; მე მიმაჩნდა, რომ ეს პარტია საერთოდ უნდა აკრძალულიყო თავისი ექსტრემიზმის გამო, მაგრამ არსებობს გაცილებით მაღალი ფასეულობები, ვიდრე ეს ვიწრო პარტიული კინკლაობაა...

ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებები უზარმაზარი გამოცდილებისა და ევროპული სულისკვეთების სიღრმისეული ცოდნის გამო სწორედ ქალბატონ სალომეს უნდა მიანდონ, თუმცა, თითქმის დარწმუნებული ვარ, ამისთვის პოლიტიკური გამჭრიახობა არ ეყოფათ.

- დასასრულ მინდა გკითხოთ რუსეთიდან საქართველოში ბოლო დღეების განმავლობაში ჩამოსულ ადამიანებზე. ბევრი მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის ეს სახიფათოა და სასურველია სავიზო რეჟიმის შემოღება...

- თავის დროზე მე წინააღმდეგი ვიყავი რუსეთთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმებას. დღესაც მიმაჩნია, რომ ეს შეცდომა იყო, ამიტომ არ იქნება ურიგო, თუ სავიზო რეჟიმის აღდგენაზე დავფიქრდებით. ნამდვილად არის საფრთხე, რომ რუსეთიდან შემოსულ ადამიანებს არაერთი აგენტი შემოჰყვეს, ამიტომ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურებს ძალიან სერიოზული მუშაობა მართებთ.