ცხოვრება ბომბების ქვეშ - კვირის პალიტრა

ცხოვრება ბომბების ქვეშ

"ჩემთან ათიოდე წლის გოგონა მოვიდა, თქვენთან ვიქნები, დედიკოს ვერ ვპოულობო.­ თურმე ქალი პურის საყიდლად წასულა და დაბომბვაში მოყვა. ასობით ბავშვი დაობლდა, რამდენიმე ვიშვილეთ, მაგრამ როგორმე აქედან უნდა გაიყვანონ, ისედაც უმძიმესი სტრესი აქვთ“

წარმოუდგენელი გმირობის მაგა­ლ­ითები­ როგორც შეიარაღებულ ძალებში, ასევე მშვიდობიან მოსახლეობაში უკრაინის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდა. უდიდესი დანაკარგის ფასად უკრაინელები ცდილობენ არ დათმონ პოზიციები. ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია, როგორია უთანასწორო ბრძოლაში ჩართული უკრაინელების მოტივაცია.

"ყველა მოხუცის დანახვაზე ჩემი კეთილი მეზობლები გამახსენდება"

ოლია შამრაი: - როდესაც ე.წ. დნრ-სა და ლნრ-ს "დამოუკიდებლობა" აღიარეს, მივხვდით, რომ ეს ომს ნიშნავდა. როდესაც­ დონბასში დაიწყეს სროლა, ვიცოდით, რომ იმავე ხმებს კიევშიც გავიგონებდით. მე და ჩემი მეუღლე ბავშვებს ვაჩვევდით, რომ თავშესაფარში მოგვიხდებოდა ჩასვლა. ერთ დღესაც კიევის ცა წითლად განათდა. ჯერ სამხედრო და სტრატეგიულ ობიექტებს ბომბავდნენ და მეუღლემ ბომბსაფარში ჩაგვაცილა, თავად კი ნივთები ჩანთაში ჩაილაგა, მეგობრის მანქანაში ჩაჯდა და ომში წავიდა. შემდეგ თავშესაფარში გაცნობილ გოგოებთან ვხუმრობდი, 21-ე საუკუნეში ჩემი ქმარი ფრონტის წინა ხაზზეა-მეთქი, ვიღაც ბიჭი, რომელიც სამ პატარა შვილთან ერთად იყო, გამომეხმაურა, უარესს გეტყვით, ჩემი ცოლია ომში ჩემს დასთან ერთადო. ყველას გაგვეცინა. თავად 2014 წელს ყოფილა დონბასში კონტრაქტორად, თავში დაჭრილა და ორივე თვალი დაზიანებია. ღამით თითქმის ვერ ვხედავო, მაგრამ მაინც აპირებდა წასვლას. ახლა ჩვენს სასაუბრო ტერმინოლოგიაში ასეთი "უცხო" სიტყვები დამკვიდრდა: "ჩემი თავშესაფრელი", "განგაშის სიგნალისას გაცნობილი"...

- საკვების დეფიციტია?

- ყველაფრის დეფიციტია. დივერსანტები ყველგან დაწანწალებენ. ზოგი საჭმელსაც ეძებს, რომ თავისიანებს წაუღოს. ამბობენ, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში უამრავი რუსი ჩამოდიოდა და კიევში ბინებს ქირაობდნენ. ასე ხდებოდა ყველა ქალაქში. ახლა რუსული არმიის პარალელურად, ისინიც გვებრძვიან. ამიტომ ყველას ეჭვით ვუყურებთ, უცხო ადამიანს უკვე ყნოსვით ვგრძნობთ და მაშინვე პოლიციას ვიძახებთ. ყოჩაღ ჩვენს ძალოვნებს,­ არაფერს ვამბობ არმიაზე, გმირები არიან!

ყველა ერთმანეთს ვუყოფთ, რაც გვაქვს: მედიკამენტებს, პურს, წყალს, ყავას, შაქარს, თბილ ტანსაცმელს... ახლახან ვიღაც ბიჭებმა იკითხეს, ვინმეს მშრალი საფუარი ხომ არა გაქვთ, გვჭირდებაო. მოხუცმა ქალმა უპასუხა, მაქვს, საცხობის გახსნას ვაპირებდით და საჭირო რამეები სარდაფში შევინახე, მთავარია, შენობა მთელი იყოსო. საღამოს ისევ ჩაირთო განგაშის სიგნალი. მობილურის სატენის ასაღებად შევბრუნდი­ შინ, უეცრად ცა გაწითლდა, სარაკეტო დარტყმებმა ჩემს კორპუსში შუშები ჩაამსხვრია, მთელი სახლი ზანზარებდა, საჰაერო მოიერიშეებმა შხუილით გადაიფრინეს­ და როგორც კი გონს მოვედი, დავინახე, ჩემს პატარა გოგონას სახესა და ხელებზე სისხლი მოსდიოდა. ის იყო, კიბეზე დავეშვი,­ რომ ღია კარში ჩემი მოხუცი მეზობელი ცოლ-ქმარი დავინახე, შვილები იმავე უბანში, ოღონდ სხვა კორპუსში ცხოვრობენ და უცხოეთში არიან წასული. კაცმა გიჟივით მიმავალს პირჯვარი გადამწერა, წამით შევყოვნდი, წამოდით თქვენც-მეთქი, თან ხელში დასისხლიანებული ბავშვი მეჭირა, მაგრამ ვერ ვტოვებდი მოხუცებს განსაცდელში, ისინი კი ხელით მანიშნებდნენ, სასწრაფოდ წადიო... ჩემს შვილს თავშესაფარში ჭრილობები დაუმ­უშავეს, საბედნიეროდ, შუშის ნამსხვრევებმა მხოლოდ ზედაპირულად დააზიანა. წარბის კუთხეში პატარა იარა დარჩება, რომ გაიზრდება, გაახსენდება, რაც "მოძმე"­ ერმა დაგვმართა... იმ ღამეს იმ ბიჭებმა ცხელი პურები მოგვიტანეს და ამ ყველაფრის შემდეგ ჭამა შევძელი. აი, მაშინ მივხვდი, რომ შიში გადავლახე. თავშესაფრიდან გამთენიას­ გამოვედით, ქუჩის შესახვევში მეხანძრეები ხანძარს აქრობდნენ... მოხუცი მეზობლები ვერ ვიპოვე. მეეჭვება, ვინმე გადარჩენილიყოო, მითხრა მეხანძრემ. ომის დამთავრება­მდე ჯერ კიდევ შორია, ვიცი, კიდევ ბევრი­ შავი დღე გაგვითენდება,­ ისიც ვიცი, რომ ახალ სახლს ავაშენებთ და მე და ჩემი ოჯახი უკეთეს უკრაინაში ვიცხოვრებთ, მაგრამ ყველა­ მოხუცის დანახვაზე ჩემი კეთილი და შეშინებული, მაგრამ დიდსულოვანი მეზობლები გამახსენდება - კართან საცოდავად რომ იდგნენ და ჭურვების გუგუნში­ ორივე ხელით გვანიშნებდნენ, წადით, თავს უშველეთო.

ამ დღეებში­ ყველაფერი ვნახე: სიკვდილი, ნგრევა, დაჭრილები, დახოცილები, ქუჩაში დამწვარი რუსული სამხედრო მანქანები, დესანტი, რუსი დივერსანტები, რომელთაც მოქალაქეები თავად გავუსწორდით, შიმშილი, სიცივე, უძილობა, უპირობო მხარდაჭერა, სიმტკიცე, გაუტეხლობა... სრულიად უცხო გოგონამ, ჩემს შვილს თავისი თბილი ქუდი და შარფი აჩუქა. სხვა დროს ტირილით მოვკვდებოდი, ახლა უბრალოდ გავუღიმე­ მადლობის ნიშნად, ვიცი, ხვალ მე მომიწევს სხვისთვის იმავეს გაკეთება...

- რას ელოდებით?

- გამარჯვებას! ერთადერთი, რისი ატანაც მიჭირს, ჩემი ოჯახის წევრებთან­ კავშირის უქონლობაა. ჩემი ძმა ქალაქ რივნეში­ ცხოვრობს, დედ-მამა - ბოროდია­ნკაში და რამდენიმე დღე ისე გადის, ერთმანეთს ვერ ვუკავშირდებით. ბოლო დღეებია თითქმის მუდმივად თავშესაფარში გვიწევს ყოფნა, რადგან საჰაერო განგაში არ წყდება.

"დივერსანტები დავიჭირეთ და ელდა მეცა, როცა ჩვენი მაღაზიის გამყიდველის შვილიშვილი შეგვრჩა­ ხელში"

ტამარა, მარიუპოლი: - შვილი და შვილიშვილი ომში არიან, პირველივე დღეს წავიდნენ. შვილი მოხალისეა, შვილიშვილი­ მობილიზაციით გაიწვიეს. თავიდან ყოველ­ დილით გვირეკავდნენ, შემდეგ ყოველ მეორე დღეს. ჩვენი ტელეფონები ისმინებაო­ და აგვიკრძალეს დარეკვა. რამდენიმე დღეა სროლა და დაბომბვა არ შეწყვეტილა, ქალაქი განადგურებულია. არ გვაქვს შუქი, გაზი, წყალი... მერვე სართულზე ხელით ვეზიდებით წყალს, შინ პალტოთი დავდი­ვართ, რომ არ გავიყინოთ და განგაშის დროს ჩაცმაში დრო არ დავკარგოთ. ყველა­ფერი გაძვირდა. განსაკუთრებით პური, რატომღაც მაშინვე ქრება დახლებიდან. რამდენიმე დღის წინ გვითხრეს, მოხუცები­ მიდიან, გასასვლელი­ გზა თავისუფალია, გაჰყევით, პოლონეთი საბუთების გარეშეც იღებს უკრაინიდან ლტოლვილებსო. ჯერ ერთი, შვილი და შვილიშვილი ვის დავუტოვო და მეორე - ჯერ 61 წლის ვარ, საჭმლის მომზადება მაინც შემიძლია ჩემი მოხალისეებისთვის. გასულ კვირას მე და ჩემმა მეზობლებმა რუსი დივერსანტები დავიჭირეთ და ელდა მეცა, როცა ჩვენი მაღაზიის გამყიდველის შვილიშვილი შეგვრჩა­ ხელში. აქ დაბადებულ-გაზრდილი­ ნახევრად რუსი სომხები არიან. პოლიციას ჩავაბარეთ. მანამდე იმ მოხუცმა­ გვთხოვა, რაღაც შეეშალა, ნუ გაწირავთო. სხვებს შეეცოდათ, იქნებ მართლა აიყოლიეს­ რუსებმა, გავუშვათო. მე არ გავაშვებინე, ჩემი შვილი და შვილიშვილი რუსული ტანკის პირისპირ დგანან, შარშან ქალიშვილი დამეღუპა,­ მისი საფლავის გასაკეთებლად მოგროვილი­ ფულით მოხალისეებსა და მეზობლებს (მათ შორის იმ სომხების ოჯახს) ვაჭმევ, საკვებს­ ლამის ათმაგად ვყიდულობთ, ისინი კი ზურგში­ დანას გვირტყამენ. ამ ქალსაც მოად­გნენ პოლი­ციელები და წაიყვანეს. მე არ ვგრძნობ თავს დამნაშავედ, ყველამ იცოდეს, ვინც ამ გაჭირვებაში ფეხს დაგვიდებს, ყველა დაისჯება­. ახლა ენის მოჩლექით ლაპარაკის დრო არ არის, ომია. ქუჩებში მაროდიორები დაწანწალებენ, მაღაზიებსა და ბანკომატებს ძარცვავენ; მშიერი რუსი სამხედროები ხალხს სახლებში უცვივდებიან და საჭმელ-სასმელს ართმევენ. ჩვენი გმირი სამხედროები თავს არ ზოგავენ, რამდენჯერმე ალყაში ვიყავით, მაგრამ აქამდე გავუძელით და კიდევ გავუძლებთ.

"რამდენჯერმე მოგვმართეს, გადმოდით ჩვენს მხარესო. პასუხად მიიღეს ზმეინის მესაზღვრეების ნათქვამი..."

ნატალი დემიდენკო, ხარკოვი: - რამდენიმე დღეა ინტენსიურად გვბომბავენ. გვეუბნებიან, რომ ქალაქის შემოგარენი და გარეუბნები დანაღმულია. რამდენჯერმე რუპორით მოგვმართეს, გადმოდით ჩვენს მხარეს და არაფერი დაგემართებათო. პასუხად ძალიან პოპულარული პასუხი მიიღეს, ზმეინის მესაზღვრეების ნათქვამი... აქ ჩვენი შვილები, ქმრები, მამები, ძმები იბრძვიან, ჩვენც ომში ვართ და მათ მხარეს გადასვლა ღალატს ნიშნავს, ამას კი სიკვდილი ჯობია. ეს ადრე პათეტიკად მეჩვენებოდა, ახლა კი, რომ ვუყურებ, როგორ ცდილობენ თანაქალაქელები რუსული ტანკების შეკავებას შიშველი ხელებით, ვხვდები, რომ სამშობლოს სიყვარული ეს არის. საღამოობით "მოლოტოვის კოქტეილებს" ვამზადებთ, თუ უბანში რამდენიმე ცეცხლმოკიდებულ რუსულ მანქანას ვნახავთ, ესე იგი, კარგად გვიმუშავია.

- თქვენი ქალაქი განსაკუთრებული დარტყმის ქვეშ არის, არა?

- უმძიმესი დღეები გვაქვს. გაუსაძლისი.­ ამას წინათ, ჩვენმა ქალებმა და კაცებმა რუსი სამხედროები აიყვანეს. არ დაიჯეროთ­ იმ ატირებული ტყვეების, რომლებიც ამბობენ, არ ვიცოდით, სად მოვდიოდითო. ჯერ ერთი, ჯარისკაცს არავინ ეუბნება, სად მიჰყავთ, მაგრამ ყველამ იცის, აქ რისთვის ჩამოდიან, ყველას უდევს რუკა, რომლის მოშორებასაც დაკავებისთანავე ცდილობენ... არ დაიჯეროთ, მათი ცრემლების, ერთი-ერთზე რომ შემოგხვდნენ, მაშინვე ყელს გამოგჭრიან. ათეულობით ადამიანი დაიხოცა ჩემს ქალაქში, უამრავი ბავშვი დაგვეღუპა. უმწეო მოხუცები, ზოგი დაბომბვისას, უფრო მეტი კი პირდაპირ ქუჩაში დახვრიტეს... რამდენიმე დღის წინ ჩემთან ათიოდე­ წლის გოგონა მოვიდა, თქვენთან ვიქნები, დედიკოს ვერ ვპოულობო.­ თურმე ქალი პურის საყიდლად წასულა და დაბომბვაში მოყვა. ასობით ბავშვი დაობლდა, რამდენიმე ვიშვილეთ, მაგრამ როგორმე აქედან უნდა გაიყვანონ, ისედაც უმძიმესი სტრესი აქვთ, ოკუპანტებმა მშობლები დაუხოცეს...

რუსი ოკუპანტები ჯერ მშვიდობიან მოსახლეობას ცეცხლს უხსნიან, თუ ტყვედ აიყვან­ და მოერევი, ტირილს იწყებენ, რომ თავი შეგაცოდონ. ზომბირებული ჰყავთ თავიანთ მეთაურებს. ელოდნენ, რომ ერთ დღეში ბოლოს მოუღებდნენ ჩვენს არმიას, მოსახლეობა კი ყვავილებით დახვდებოდა, მაგრამ არ გამოუვიდათ... დღეები არეული მაქვს. ხანდახან ვცდილობთ არ გავგიჟდეთ და ვმღერით. დღეში რამდენჯერმე ჩავრბივართ თავშესაფარში, სარდაფში, მეტროში, სადაც გვიხერხდება, სადაც ვასწრებთ, ისე ვემალებით რუსულ ბომბებს, რომელსაც სიკვდილი მოაქვს.

"ჩემი ხალხი დაუმარცხებელია"

ბეჟან კეკუა, ოდესაში მცხოვრები ქართველი: - სროლა და დაბომბვები არ წყდება, გვესვრიან ზღვიდანაც, ესვრიან საცხოვრებელ კორპუსებს, სახელმწიფო ობიექტებს... გვყავს დაღუპულები,­ დაჭრილები, მაგრამ შიში გადალახულია­ და ხალხს დაღლა არ ეტყობა. ქალები­ ოკუპანტებს "მოლ­ოტოვის კოქტეილებს" ესვრიან. ჩემს მეზობლად ახალგაზრდა ოჯახი ცხოვრობდა,­ ორი პატარა შვილით. ახლახან გავიგე, რომ ერთი დაიღუპა. დედამ მეორე შვილი მშობლებს დაუტოვა და ომში წავიდა. 30 წელია ოდესაში ვცხოვრობ. ჩემი დარბაზი მქონდა, სადაც კარატეს ვასწავ­ლიდით, ჩემი მეგობრები კი - ქართულ ცეკვას. უკრაინელებიც იყვნენ და ადგილ­ობრივი რუსებიც.­ მთელი დარბაზი, 16 წლის ზემოთ სპორტსმენები, მოცეკვავეები ომში არიან. დარბაზი აღარ არსებობს, რუსულმა ბომბებმა მიწასთან გაასწორა. იქ მშვიდობიანი­ მოსახლეობა იმალებოდა, ეტყობა, დივე­რსანტებმა მისცეს ინფორმაცია, და როგორც კი საჰაერო დაბომბვა დაიწყო, მაშინვე დაარტყეს... მაროდიორების ადგილზე დახვრეტის ბრძანება გასცეს. უკვე მშვიდობიანი მოსახლეობაც შეიარაღებულია, მათ შორის ქალები. 3 მარტს ზღვიდან გვიტევდნენ, მაგრამ გავუძელით. აქაურები წარმოუდგენელ გმირობას სჩადიან, რუსულ აგრესიას ებრძვიან ოდესელი რუსებიც. მშვიდობიანი მოსახლეობა სანაპიროდან ტომრებით ქვიშას ეზიდება თავდაცვითი ზღუდეებისთვის. ინტენსიური დაბომბვისა და სროლის დროს ერთმანეთს ეხუმრებიან, მოერიდე ოკუპანტის ტყვიებს, თორემ­ გამარჯვების დიდებულ წუთებს­ ვერ ნახავო... მთელი მსოფლიო აღფრთოვანებულია უკრაინელებით. ჩემი ხალხი დაუმარცხებელია.