რატომ ვერ შეძლო რუსეთმა საზღვაო დესანტის გადასხმა ოდესასთან?! - კვირის პალიტრა

რატომ ვერ შეძლო რუსეთმა საზღვაო დესანტის გადასხმა ოდესასთან?!

24 თებერვალს, რუსეთის უკრაინაზე ვერაგული თავდასხმის პირველივე საათებში, საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ცნობა, თითქოს რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა ოდესასა და მარიუპოლთან საზღვაო დესანტი გადასხა, მაგრამ იწურება რუსეთ-უკრაინის ომის მე-11 დღე და არც მარიუპოლთან, აზოვისა და არც ოდესასთან, შავი ზღვის სანაპიროებზე რუსეთს საზღვაო დესანტი არ ჩანს, არადა, ყველასთვის ცხადი იყო, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტი ამისთვის წლების განმავლობაში ემზადებოდა - ანექსირებული ყირიმის სანაპიროზე რუსმა მეზღვაურებმა არაერთხელ წაივარჯიშეს სადესანტო ხომალდებიდან მრავალრიცხოვანი საზღვაო დესანტისა და საბრძოლო ტექნიკის ნაპირზე დესანტირების ოპერაციებში.

პუტინის მიერ უკრაინაში სამხედრო აგრესიის დაწყების წინ რუსეთის ჩრდილოეთისა და ბალტიის ფლოტებიდან ოკუპირებულ სევასტოპოლში ექვსი დიდი სადესანტო ხომალდი „გადმოისროლეს, რის შემდეგაც რუსმა ადმირალებმა მომავალი ფართომასშტაბიანი საზღვაო დესანტირებისთვის რუსეთის შავი ზღვის ფლოტის კუთვნილ შვიდ დიდ სადესანტო ხომალდთან ერთად, უკრაინის სანაპიროებზე 13 მცურავ სადესანტო საშუალებას მოუყარეს თავი, რომლებსაც სანაპიროზე შეეძლოთ ერთი მოტომსროლელი ბრიგადის დესანტირება საშტატო საბრძოლო ტექნიკის დიდი ნაწილით.

უკრაინაში რუსეთის სამი ძირითადი მიმართულებიდან შეჭრის შემდეგ მარიუპოლსა და ოდესასთან საზღვაო დესანტის გადასხმა უფრო დაამძიმებდა უკრაინის დამცველთა მდგომარეობას, მაგრამ ეს, რატომღაც, არ მოხდა. რა თქმა უნდა, უკრაინელებმა მარიუპოლთან და განსაკუთრებით - ოდესასთან სანაპირო ზოლის თითქმის ყველა დესანტსაშიში მონაკვეთი (ანუ პლაჟის ის ადგილები, სადაც დიდ სადესანტო ხომალდს ნაპირზე „ასვლა“ და მძიმე ტექნიკის გადმოსატვირთავად აპარელის გაღება შეუძლია) გაამაგრეს, დანაღმეს და ტანკსაწინააღმდეგო „ზღარბები“ განათავსეს, მაგრამ რუს მეზღვაურებს ომის თერთმეტი დღის განმავლობაში მაინცდამაინც მონდომებით არ უცდიათ დესანტირება,.

ამას სამი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს: პირველი - ოდესისა და მარიუპოლის დამცველებმა მართლაც ძალიან კარგად გაამაგრეს სანაპირო ზოლის დესანტსაშიში მონაკვეთები და რუსეთის დაზვერვის მოპოვებული ინფორმაციის გაანალიზების შემდეგ პუტინის გენერალიტეტი მივიდა დასკვნამდე, რომ საზღვაო დესანტის გადასხმისას ძალიან დიდ დანაკარგს ნახავდნენ, მათ შორის - დიდი სადესანტო ხომალდების ჩაძირვითაც, ამიტომ საზღვაო დესანტირების ოპერაცია დროებით შეაჩერეს (თუმცა ჯარისკაცებისა თუ მეზღვაურების დიდი დანაკარგი როდის აწუხებდა და აბრკოლებდა ლენინ-სტალინ-პუტინის კრემლს?!).

მეორე - შავი ზღვაც „"მიხვდა", ვინ არის აგრესორი და შტორმით საშუალება არ მისცა რუს ოკუპანტებს, დესანტი გადაესხათ ულამაზესი ოდესის დასანგრევად. ეს - ნახევრად ხუმრობით, მაგრამ ოდესასთან მიმდგარი რუსული სამხედრო ესკადრი მართლაც ძლიერი შტორმის გამო გაბრუნდა სევასტოპოლისკენ.

და მესამე - ზოგიერთი გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ოდესის ლუზანოვსკის პლაჟთან დაგეგმილი იყო რუსეთის შავი ზღვის ფლოტის 810-ე ცალკეულ საზღვაო ქვეითთა ბრიგადის ავანგარდში გადასხმა წინასწარ პლაჟის საარტილერიო, სარაკეტო და საავიაციო დაბომბვის შემდეგ, მაგრამ თურმე უკვე ოდესასთან მისულ სადესანტო ხომალდებზე რუსი საზღვაო ქვეითების დიდი ნაწილი აჯანყდა და ოდესის დამცველთა ტყვიების წვიმაში სანაპიროზე გადასვლაზე კატეგორიული უარი განაცხადა.

ზემოთქმული არის თუ არა სიმართლე, მომავალი გვიჩვენებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთმა, სხვადასხვა მიზეზით, საბედნიეროდ, ჯერ ვერ მოახერხა ოდესასთან საზღვაო დესანტის გადასხმა.

რაც შეეხება მარიუპოლს, ქალაქის მდგომარეობა საზღვაო დესანტის გადახმის გარეშეც ურთულესია და შეიძლება ის მალე სრულ ალყაში აღმოჩნდეს .