კიევის შენარჩუნება უკრაინის ბედს გადაწყვეტს
რუსი აგრესორები უკრაინის დედაქალაქზე რამდენიმე მიმართულებიდან ერთდროული შეტევისთვის ემზადებიან...
გოსტომელი, ბუჩა, ირპენი - ეს დასახელებები შეიძლება უკრაინაშიც არ იცოდა ზოგიერთმა, მაგრამ დღეს ისინი მსოფლიოს სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებიდან გამუდმებით ისმის, რადგან აქ წყდება კიევისა და, შესაბამისად, მთელი უკრაინის უახლოესი მომავალი - შეძლებს აგრესორი პუტინის არმია უკრაინის დედაქალაქის აღებას თუ უკრაინელი ხალხი, თავის არმიასთან ერთად, მოახერხებს კიევის დაცვას?!
ახლა ირპენთან გააფთრებული ბრძოლა მიმდინარეობს, რადგან რუსული შენაერთები მრავალრიცხოვანი ჯავშანტექნიკით ცდილობენ, უკრაინის დედაქალაქს დასავლეთიდან შეუტიონ. ამავე დროს რუსული იერიში იგეგმება კიევის აღმოსავლეთ ნაწილზეც.
კიევის ბოლომდე დაცვა ნიშნავს რუსეთ-უკრაინის ომში გარდატეხას, რის შემდეგაც შეიძლება საქმე მიდგეს რუსი აგრესორების მთელი უკრაინიდან, მათ შორის - დროებით ოკუპირებული დონბასიდან და თვით ანექსირებული ყირიმიდან განდევნაზეც კი.
ამას ხვდება პუტინიც, რომელიც ასე ნაქებმა შოიგუს არმიამ გააწბილა და ბლიცკრიგის იმედი დაუკარგა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი დაუნდობლად ბომბავს და ანადგურებს უკრაინის მოქალაქეებსა და ინფრასტრუქტურას, რაც დიდხანს გაგრძელდება საბრძოლო მოქმედებები, უკრაინაში შეჭრილ რუსეთის არმიას მით უფრო სერიოზული პრობლემები შეექმნება. საქმე ის არის, რომ ომის დაწყებიდან ათიოდე დღეში ასი ათასი უკრაინის მოქალაქე გაწევრდა ტერიტორიული თავდაცვის ძალებში და ეს პროცესი გრძელდება, ანუ მალე უკრაინას, 200-ათასიანი რეგულარული არმიის გარდა, შეიძლება 200-ათასიანი პარტიზანული არმიაც ჰყავდეს, ეს კი უკრაინის გამარჯვების მთავარი გზაა ამ, მართლაც, ყველა უკრაინელისთვის სამამულო ომში.
უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის ძალების ახალ მეომრებს, რა თქმა უნდა, საბრძოლო გამოცდილება აკლიათ და რუსი აგრესორების რეგულარულ დანაყოფებთან პირველ შეტაკებებში, სამწუხაროდ, დანაკარგი ექნებათ, მაგრამ მათი უპირატესობა სამშობლოს დაცვის უდიდესი სურვილია, რითაც კუდით ქვას ასროლინებენ „პუტინის ჯარისკაცის“ - კადიროვის „გამარიაჟებულ“ წვეროსნებსაც კი და მით უფრო - პირტიტველა რუს ახალწვეულ ჯარისკაცებს.უკრაინელი პარტიზანების ავტომატებით შეიარაღება რთული არ არის. მთავარია მათი ტანკსაწინააღმდეგო და საზენიტო კომპაქტური საშუალებებით აღჭურვა, რაც უკვე დაწყებულია - ნატოს წევრი ქვეყნები თავიანთი არმიების არსენალიდან ათასობით ტანკსაწინააღმდეგო „პანცერფაუსტსა“ და საზენიტო „სტინგერს“ უგზავნიან უკრაინის დამცველებს და როდესაც რუსი ტანკისტები და მფრინავები ყველა ბუჩქიდან, სადარბაზოდან თუ სახურავიდან „ჯაველინებისა“ თუ „სტინგერების“ სროლის მოლოდინში იქნებიან, უკრაინაში შეჭრილი რუსი ოკუპანტებისთვის ყველაფერი დამთავრდება.