15 ატომური რეაქტორი - 15 პოტენციური "ატომური ბომბის“ საფრთხე რუსული დაბომბვების ქვეშ
პუტინის სახიფათო თამაშები "ატომურ დანაღმულ ველზე“
რუსეთის მხრიდან უკრაინის ქალაქების მასობრივი დაბომბვის ფონზე მსოფლიო ახალი საშიშროების წინაშე აღმოჩნდა, რადგან უკრაინას, ატომური რეაქტორების რაოდენობით, მსოფლიოში - მეათე, ევროპაში კი მეხუთე ადგილი უჭირავს... ბირთვული საფრთხის შიშს იწვევს ის, რომ რუსეთი აქტიურ საბრძოლო მოქმედებებს წარმართავს უკრაინის იმ რაიონებში, სადაც ბირთვული ობიექტებია განთავსებული.
ჩერნობილის აფეთქებული რეაქტორის სარკოფაგთან სროლისა და იმ ტერიტორიის დაპყრობის გარდა, რუსულმა ავიაციამ კიევის შემოგარენში უკვე დაბომბა ბირთვული ნარჩენების ერთი სამარხი და ახლა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რაიონს შეუტია.
უკრაინაში, ჩერნობილის გარდა, კიდევ ოთხი ატომური ელექტროსადგურია: ზაპოროჟიეს, ხმელნიცკის, როვენსკისა და სამხრეთ უკრაინის, რომლებზეც 15 ატომური რეაქტორი მუშაობს. ეს რეაქტორები შეიძლება „ადგილობრივ ატომურ ბომბებად“ იქცეს, თუკი მათ შემთხვევით ან განზრახ "სმერჩის" ან, მით უმეტეს, "ისკანდერის" აერობალისტიკური რაკეტა მოხვდება, ან სულაც, ჩამოგდებული თვითმფრინავი ან შვეულმფრენი დაეცემა.
მართალია, ატომური ენერგობლოკების შენობები ზეგამძლე რკინაბეტონის მასალისგან არის აგებული და დამატებით დაცვაც გათვალისწინებულია, რომ მშვიდობიანობის პერიოდში მასზე შემთხვევით დაცემულ საშუალო ზომის თვითმფრინავს გაუძლოს, მაგრამ განზრახ ზუსტად ნასროლი "ისკანდერის" 480 კგ-იანი ქობინის ან 500 კგ-იანი საავიაციო ბომბის მოხვედრას, საეჭვოა, გაუძლოს.
არადა, რუსი აგრესორები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაკავებამდე მის სიახლოვეს სწორედ მსხვილკალიბრიან საავიაციო ბომბებს ისროდნენ, ახლა კი იერიში სამხრეთ უკრაინის ატომურ ელექტროსადგურზე მიაქვთ.
განცვიფრებულ მსოფლიოსთან იმის გასამართლებლად, რატომ რისკავს პუტინი ატომურ რეაქტორებთან ასეთ სახიფათო საბრძოლო შეტევებს, რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდამ, იცით, როგორი სულელური ტყუილი გაავრცელა? უკრაინას ამ ატომურ ელექტროსადგურზე პლუტონიუმი ჰქონდა დაგროვებული, ბირთვული ბომბის გაკეთებას აპირებდა და მას ვეძებთო!!!
თავის მართლების ამაზე ბრიყვული ცდა წარმოუდგენელია და მას რუსეთის გარეთ არავინ დაიჯერებს, მაგრამ რუსული ტელევიზიებით ლამის ზომბებად ქცეული იქაური მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ამას "გადაყლაპავს".
ევროპაში უდიდესი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ექვს ატომურ რეაქტორთან სროლით შეჭრა, წესით, მაგატემ (ატომური ენერგიის საერთაშორისო ორგანიზაცია) უმკაცრესად უნდა შეაფასოს და რუსეთი სათანადოდ დასაჯოს, მაგრამ მაგატეს ხელმძღვანელობაზე აქამდე კრემლი ისეთ ფარულ გავლენას ახდენდა, რომ ეს, ცოტა არ იყოს, გვეეჭვება. 1986 წლის 26 აპრილს სწორედ კრემლის მაშინდელი, საბჭოთა ხელმძღვანელობის არასწორი გადაწყვეტილებების გამო მოხდა ავარია ჩერნობილის ატომურ რეაქტორზე სპეციალური ექსპერიმენტის ჩატარების დროს, რისი მძიმე შედეგები, უკრაინის გარდა, მთელმა ევროპამაც გადაიტანა.დღეს იმავე კრემლიდან უკრაინაში მოქმედ 15-ივე ატომურ რეაქტორს ემუქრებიან, ოღონდ - უკვე იარაღის ჟღარუნით და, ღმერთმა ნუ ქნას, პუტინის ამ უდიდესმა სამხედრო ავანტიურამ რომელიმე მათგანის ავარია გამოიწვიოს, რადგან მის შედეგებთან შედარებით ჩერნობილის ტრაგედია შეიძლება გამონაგონად მოგვეჩვენოს.