ნონსენსია, როდესაც "ბირთვულღილაკიანი სატანა“ მსოფლიოს უკრაინაშივე დამზადებული ბირთვულქობინიანი „სატანებით“ ემუქრება - კვირის პალიტრა

ნონსენსია, როდესაც "ბირთვულღილაკიანი სატანა“ მსოფლიოს უკრაინაშივე დამზადებული ბირთვულქობინიანი „სატანებით“ ემუქრება

რუსეთის პრეზიდენტის, თავდაცვის მინისტრისა და გენშტაბის უფროსის დასტურის შემდეგ რუსეთს „ბირთვული ჩემოდნებიდან“ ბირთვული ომის დაწყება შეუძლია

უკრაინაზე თავდასხმის მეოთხე დღეს პუტინმა რუსეთის სტრატეგიული ბირთვული ძალები საბრძოლო მორიგეობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაიყვანა, რითაც მთელი მსოფლიო გააფრთხილა. ჩვეულებრივ, სტრატეგიული ბირთვული ძალების საბრძოლო მზადყოფნის დონის ამაღლებას არც ერთი ბირთვული ქვეყანა ხმამაღლა არ აცხადებს, რადგან ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამხედრო და სახელმწიფო საიდუმლოებაა. მაშ, რატომ გახდა ასეთი გულღია კრემლის ბუნკერის მთავარი ბინადარი? ამას უფრო საერთაშორისო ბირთვული შანტაჟის ელფერი დაჰკრავს, რაც განპირობებულია იმით, რომ პუტინს უკრაინაში ბლიცკრიგი არ გამოუვიდა და, რაც მთავარია, თითქმის მთელი მსოფლიო უკრაინას ამოუდგა მხარში და რუსეთი აგრესორად გამოაცხადა.

კიევს პუტინი რუსული ტანკებით ემუქრება, მაგრამ რით შეაშინოს ვაშინგტონი ან ლონდონი? რუსული ტანკი, საბედნიეროდ, იქამდე ვერ ჩააღწევს, ამიტომაც მუქარის საშუალებაა რაკეტები, თანაც - ბირთვულქობინიანი და უკრაინაში რუსული სამხედრო ოპერაციის "დამუხრუჭებისა" თუ რუბლის კატასტროფული ვარდნის ფონზე სწორედ სტრატეგიული ბირთვული შეიარაღება რჩება პუტინის ბოლო მნიშვნელოვან კოზირად. მისი ბირთვული შანტაჟი იმის დასტურია, რომ კუთხეში მიმწყვდეული ვირთხა შეტევას იწყებს და ყველაფერი შეიძლება ჩაიდინოს.

მართლაც შეუძლია თუ არა პუტინს, დედამიწა კატასტროფამდე მიიყვანოს? სამწუხაროდ, შეუძლია რამდენიმე ათასი სტრატეგიული და ტაქტიკური დანიშნულების რაკეტის, ბირთვული ქობინის, საავიაციო ბომბისა თუ საარტილერიო ჭურვის საშუალებით, რომელთა გადამტანად შეიძლება ტრიადა - სახმელეთო და საზღვაო ბაზირების ბალისტიკური და საჰაერო ბაზირების ფრთოსანი რაკეტები გამოიყენოს.

არსებობს თუ არა გარანტია, რომ პუტინის სტრატეგიული ბირთვულქობინიანი ბალისტიკური რაკეტების მასობრივი თავდასხმის მოგერიება მოხერხდება? სამწუხაროდ, არა, რადგან მასობრივი სარაკეტო თავდასხმის შემთხვევაში თვით აშშ-საც კი მხოლოდ რამდენიმე ბირთვული ქობინის გაუვნებლება შეუძლია.

გაბედავს თუ არა პუტინი, ბირთვული შანტაჟი რეალობად აქციოს, თუ დაინახავს, რომ მის მიერ აქამდე ცეცხლითა და მახვილით შეკოწიწებული "დიდი რუსეთის იმპერია" ხუხულასავით იშლება, ისევე, როგორც ავღანეთის ომში მარცხმა და ეკონომიკურმა კოლაფსმა თავის დროზე თვით "უკვდავი" საბჭოთა კავშირი შეიწირა? იმედია, ვერ გაბედავს და ვერც შეძლებს, რადგან თუკი საქმე აქამდე მივიდა, პუტინი, ალბათ, ხელისუფლებას ვერ შეინარჩუნებს - მის „სამეფო კარზეც“ ყველა თვითმკვლელი არ არის და ბევრი არ აპირებს, "მბრძანებელს" სამარეში ჩაჰყვეს ან 21-ე საუკუნის "ნიურნბერგის პროცესზე" კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის გასამართლებულის სავარძელი დაიბევოს.

რა საფეხურებია გასავლელი, თუკი პუტინმა მაინც გაბედა რუსული ბირთვულქობინიანი რაკეტების სტარტის ნებართვის გაცემა?

რუსეთის პრეზიდენტს მუდმივად დაჰყვება მეზღვაურის შავ ფორმაში გამოწყობილი ოფიცერი მოზრდილი შავი დიპლომატით, რომელიც რუსეთის სტრატეგიული ბირთვული ძალების მართვის ავტომატიზებული სისტემის პორტატული სააბონენტო ტერმინალი გახლავთ. კიდევ ორი ასეთი "ბირთვული ჩემოდნის" მფლობელები რუსეთის თავდაცვის მინისტრი შოიგუ და გენშტაბის უფროსი გერასიმოვი არიან. რუსეთის სარაკეტო ძალების მართვის ავტომატიზებული სისტემა მაშინ ამოქმედდება, თუკი სამი "ბირთვული ჩემოდნიდან" ორმა მაინც გასცა დასტური, თუმცა რუსეთის პრეზიდენტის "ბირთვულ ჩემოდანს" შეიძლება "დაბლოკვის" ფუნქციაც ჰქონდეს, რომ ზურგს უკან თავდაცვის მინისტრისა და გენშტაბის უფროსის "ბირთვული ჩემოდნების" გარიგება“ არ დაუშვას. ბირთვული ჩემოდნის“ საშუალებით შესაძლებელია სპეციალური კოდის შეყვანა, რომელიც რუსეთის სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარების სარდლობას ბირთვულქობინიანი რაკეტების სტარტის ბრძანებას აძლევს წინასწარ განსაზღვრული სამიზნეების მიმართულებით. სარაკეტო ჯარების სარდლობა ამ ბრძანებას სარაკეტო არმიების მეთაურობას გადასცემს, ის, თავის მხრივ - სარაკეტო დივიზიებს, შემდეგ - პოლკებს და ბოლოს ბრძანება ბირთვულქობინიანი რაკეტის სტარტის შესახებ მიდის მიწისქვეშა შახტში განთავსებული ბალისტიკური რაკეტის სამორიგეო ჯგუფთან (ასევე - ატომური წყალქვეშა ნავის მეთაურთან), რომლის ორმა მორიგე ოფიცერმა ერთდროულად უნდა გადაატრიალოს გასაღები (არადა პულტებზე გასაღების ჩასადები ბუდეები ისეა განთავსებული, რომ ერთი ადამიანი ორივე გასაღებს ერთდროულად ვერ გადაატრიალებს), რომ შემდგომ ღილაკზე თითის დაჭერით რაკეტის სტარტი შესაძლებელი იყოს.

ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტიდან რუსეთის შუაგულამდე მისაღწევად და პირიქით ბალისტიკურ რაკეტას 25 წუთი თუ სჭირდება, ამიტომაც ვინც ბირთვულ სარაკეტო დარტყმას დაიწყებს, ის გარანტირებულად მიიღებს გამანადგურებელ პასუხს, რადგან მოსკოვსაც და ვაშინგტონსაც აქვთ სტარტაღებული რაკეტების ადრეულად აღმოჩენისა და შეტყობინების მიღების კოსმოსური სისტემა.

თუკი ამერიკულმა ბირთვულმა დარტყმებმა გაანადგურა რუსეთის ხელისუფლება და მათ ვერ მოასწრეს საპასუხო სარაკეტო დარტყმისთვის ბრძანების გაცემა, ამისთვის მზად არის "განკითხვის დღის" სისტემა "პერიმეტრი". "პერიმეტრი" ერთგვარი სარაკეტო "ტერმინატორია", რომელიც დააფიქსირებს რუსეთის ტერიტორიაზე ბირთვულ აფეთქებებსა და რადიაციის დონის მკვეთრ­ მომატებას და თუ არ იქნება ადამიანების, ხელისუფლების ბრძანება, ის ავტომატურად გაააქტიურებს საპასუხო ბირთვული დარტმის მექანიზმს, შორეული აღმოსავლეთიდან, შახტიდან სტარტს აიღებს ბალისტიკური რაკეტა და აღმოსავლეთიდან დასავლეთით მთელი რუსეთის ტერიტორიას გადაუფრენს, ოღონდ მას, ბირთვული ქობინების ნაცვლად, აქვს მძლავრი რადიოელექტრონული აპარატურა, რომელიც ფრენის მარშრუტზე ასობით საშახტე ბირთვულქობინიანი საკონტინენტშორისო ბალისტიკური რაკეტის სტარტისთვის კოდირებულ სიგნალებს გადასცემს.ყველაზე დიდი ნონსენსი კი, იცით, რა არის? დღეს რუსეთის პრეზიდენტი ამერიკას ემუქრება იმ 211-ტონიანი, მსოფლიოში უდიდესი ბალისტიკური რაკეტებით, რომლებსაც ერთმეგატონიანი სიმძლავრის ათი ბირთვული ქობინის გადატანა შეუძლიათ, რისთვისაც ჯერ კიდევ პირველი "ცივი ომის" დროს ნატომ ისინი "სატანად" მონათლა და ეს "სატანები" საბჭოთა პერიოდში დამზადებულია... უკრაინაში, იმ უკრაინაში, რომელსაც რუსეთი დღეს დაუნდობლად ბომბავს.