"პუტინის აგრესიის აქტი უნდა ჩაიშალოს" - რას წერს The New-York Times - კვირის პალიტრა

"პუტინის აგრესიის აქტი უნდა ჩაიშალოს" - რას წერს The New-York Times

აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსის“ (The New-York Times) 6 მარტის ნომერში გამოქვეყნდა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის სტატია სათაურით „პუტინის აგრესიის აქტი უნდა ჩაიშალოს“, რომელშიც ავტორი რუსეთის მმართველი რეჟიმის აგრესიულ პოლიტიკაზე, რუსეთის ხელმძღვანელების დასჯაზე, უკრაინისადმი საერთაშორისო დახმარების გაწევასა და ომის შეწყვეტის გზებზე საუბრობს.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

გასულ კვირას, უკრაინაში მომხდარი სულისშემძვრელი ფაქტების პასუხად, დასავლური საზოგადოების ერთიანობა ერთობ შთამბეჭდავი და დამაიმედებელი აღმოჩნდა. პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკისთან ჩემი ყოველდღიური საუბრებიდან ვიცი, რომ დასავლურმა თანაგრძნობამ უკრაინელებს მძიმე წუთებში ნუგეში სცა და გაამხნევა.

არასდროს ჩემს ცხოვრებაში არ ვყოფილვარ მომსწრე ისეთი საერთაშორისო კრიზისისა, როცა საზღვარი ბოროტებასა და სიკეთეს შორის ესოდენ მკაფიოდ ჩანს, როცა გაავებული, გაბოროტებული რუსეთის სამხედრო მანქანა მთელი თავისის ბოროტებით ამაყ დემოკრატიას უტევს. რუსეთი ემუქრება უკრაინის ატომურ ელექტროსადგურებს, რაც ყველას გვახსენებს, თუ რაოდენ სერიოზულად დგას საკითხი ყოველი ადამიანისათვის. მილიონზე მეტი უკრაინელი ლტოლვილად იქცა...

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ნამდვილად ჩინებული ლიდერობა გამოავლინა: იგი მოკავშირეებთან - ჩვენთან - თათბირობდა და კონსულტაციას იღებდა. მასთან ერთად ევროკავშირმაც მნიშვნელოვანი ძალისხმევა გამოავლინა რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მკაცრი სანქციების მხარდასაჭერად. ათობით ევროპული ქვეყანა უკრაინულ არმიას თავდაცვით იარაღს უგზავნის... მაგრამ ყველაფერს საკმარისად ვაკეთებთ თუ არა უკრაინისათვის? პატიოსნად გიპასუხებთ: არ ვაკეთებთ.

foto-1646593351.jpg

ვლადიმერ პუტინის აგრესიის აქტი აუცილებლად უნდა ჩაიფუშოს და მისი ჩაშლა ყველამ უნდა დაინახოს. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ კრემლში ვინმე პასუხისმგებლობას თავს აარიდებს. ეს ნატოს კონფლიქტი არ არის და არც იქნება - ალიანსის არცერთ წევრ უკრაინაში თავისი ჯარები არ გაუგზავნია. ჩვენ არ ვართ მტრულად განწყობილნი რუსების მიმართ, მაგრამ ამავე დროს სასოწარკვეთა გვიპყრობს, როცა რუსი ახალგაზრდები უსარგებლო ომში იგზავნებიან და იღუპებიან.

ჩვენ ვცდილობდით, რომ მოსალოდნელი კონფლიქტი დიპლომატიური გზებით თავიდან აგვეცილებინა. მეც და ბევრი სხვა დასავლელი ლიდერი პირადად ვესაუბრეთ ვლადიმერ პუტინს, გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის წინ, მოსკოვში ტავისი ემისრები გაგზავნა, რომლებიც თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს და გენშტაბის უფროსს ვალერი გერასიმოვს (იგი ამ საშინელ საომარ კამპანიას ხელმძღვანელობს) შეხვდნენ.

მაგრამ ახლა ნათელია, რომ დიპლომატიური გზა წარუმატებელი აღმოჩნდა. ჩვენ პატივს ვცემთ რუს ხალხს, მაგრამ მაინც უნდა ვთქვათ, რომ ვლადიმერ პუტინის რეჟიმის მოქმედება უსინდისობის გამოვლინებას წარმოადგენს. რუსეთის პრეზიდენტი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძვლისა და გაეროს წესდების დანგრევას ცდილობს. იგი თანდათან უფრო ღრმად ეფლობა დანაშაულებრივ კამპანიაში და სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართულ წარმოუდგენელ ძალადობაში. რა თქმა უნდა, ვერ შევედრებით უკრაინას, რომელიც რუსეთის აგრესიის მთელ სიმძიმეს უძლებს, მაგრამ ჩვენს, გაერთიანებულ სამეფოში, უკვე გამოცდილი გვაქვს ჩვენს თავზეც პუტინის ულმობელი ხასიათი, როცა ინგლისში, სოლსბერიში მისი დავალებით მომწამლავი ნივთიერება იქნა გამოყენებული...

სამწუხაროდ, ჩვენ ვერ გამოვიტანეთ დასკვნა რუსეთის აგრესიული მოქმედებებიდან - დიდი ხნის განმავლობაში ვუშვერდით ლოყას სილის გასარტყმელად. ჩვენ ვხედავდით, თუ რა გააკეთა რუსეთმა 2008 წელს საქართველოს მიმართ, უკრაინაში 2014 წელს, მაგრამ მკაცრ რეაგირებას არ ვახდენდით...

მოხარული ვარ, რომ ვხედავ - სულ უფრო მეტი ქვეყანა აცნობიერებს ამ მკაცრ რეალობას. გაერთიანებულმა სამეფომ ჯერ კიდევ იანვარში გაუგზავნა უკრაინას თავდაცვითი დახმარება. იმ დროს ასეთი ქვეყნები ცოტანი ვიყავით, ახლა კი დახმარებაში 20 სახელმწიფო მონაწილეობს, იზრდება საბიუჯეტო ხარჯები თავდაცვისუნარიანობის განსამტკიცებლად. ეს ძალიან კარგია, მაგრამ მაინც არასაკმარისია უკრაინის გადასარჩენად და მისი თავისუფლების დასაცავად. რუსეთს ჭარბი ძალები აქვს და როგორც ვხედავთ, ომის კანონებს არ იცავს. შესაბამისად, მზად უნდა ვიყოთ უფრო საშინელი დღეებისათვის.

მოკლედ, ჩვენ უნდა დავიწყოთ ექვსპუნქტიანი გეგმის რეალიზება უკრაინისათვის, თანაც სწრაფად, დღესვე:

პირველი - მობილიზება უნდა მოვახდინოთ საერთაშორისო ჰუმანიტარული კოალიციის შესაქმნელად. მე ორშაბათს ლონდონში უნდა შევხვდე კანადისა და ნიდერლანდების ლიდერებს, რომ რუსეთი უკრაინაში ჩადენილ დანაშაულებებში ვამხილოთ. სამშაბათს ვხვდები პოლონეთის, სლოვაკეთის, უნგრეთისა და ჩეხეთის ლიდერებს, რადგან ეს ქვეყნები ლტოლვილებთან დაკავშირებული კრიზისის წინა ხაზზე იმყოფებიან. გაერთიანებული სამეფო მათთვის 200 მილიონ გირვანქა სტერლინგს გამოყოფს. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რომ სამოქალაქო მოსახლეობა სურსათით და მედიკამენტებით მოვამარაგოთ.

მეორე - უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, რომ უკრაინამ საკუთარი თავი თვითონვე დაიცვას. სულ უფრო მეტი ქვეყანა არის მზად კიევს თავდაცვითი იარაღი მიაწოდოს. ჩვენ სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ და ძალისხმევის კოორდინირება უნდა მოვახდინოთ უკრაინის მთავრობის მხარდასაჭერად ამ სფეროში;

მესამე - მაქსიმალურად უნდა გავაძლიეროთ ეკონომიკური ზეწოლა ვლადიმერ პუტინის რეჟიმზე, უნდა დავაწესოთ ყველანაირი სანქციები, „სვიფტიდან“ უნდა გამოვრთოთ რუსეთის არა ზოგიერთი, არამედ ყველა ბანკი. ჩვენ სამართალდამცველებს მივცემთ უპრეცედენტო უფლებამოსილებას, რათა მათ ნიღაბი ჩამოხადონ რუს ოლიგარქებს და ამხილონ ჭუჭყიანი ფულის წარმომავლობა ლონდონში. ამ მხრივ უნდა დავიწყოთ მკაცრი სამართლებრივი დევნა რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ. დღეისათვის გაერთიანებულმა სამეფომ სანქციები დაუწესა რუსული ელიტის 300-მდე წარმომადგენელს და ორგანიზაციას, თვით ვლადიმერ პუტინის ჩათვლით. მაგრამ ეს საკმარისი არ იქნება, თუ ევროპა უარს არ იტყვის რუსულ ნავთობზე და გაზზე, რომლის გაყიდვით მიღებული ფულისაგან პუტინის სამხედრო მანქანა ფინანსდება;

მეოთხე - ჩვენ თავიდან უნდა ავიცილოთ ყოველგვარი „მცოცავი ნორმალიზაცია“ იმისა, რასაც პუტინი უკრაინაში აკეთებს. 2008 წელს საქართველოში რუსეთის შეჭრისა და უკრაინაში 2014 წელს ყირიმის მიტაცების გაკვეთილი იმაში გამოიხატება, რომ რუსეთის აგრესიისადმი ყურის წაყრუება [მოსკოვის მხრიდან] უფრო მეტ აგრესიას იწვევს. ჩვენ არ უნდა მივცეთ კრემლს იმის უფლება, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოს ნაწილი მიიტაცოს, ადამიანებს უდიდესი ტანჯვა მიაყენოს და შემდეგ ისევ თავის ბუნაგს [დაუსჯელად] დაუბრუნდეს.

მეხუთე - ჩვენ ყოველთვის ღია უნდა ვიყოთ დიპლომატიისათვის, დეესკალაციის გზების ძიებისათვის, მაგრამ იმ პირობით, რომ უკრაინის მთავრობას მოქმედების სრული უფლება და შესაძლებლობა ექნება ყოველი პოტენციური დარეგულირების დროს. არ იქნება არანაირი ახალი იალტა - უკრაინის საკითხი მხოლოდ გარე ძალების ჩარევით, უკრაინელი ხალხის გარეშე არ გადაწყდება;

მეექვსე - ჩვენ ახლავე უნდა დავიწყოთ მოქმედება ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებისათვის. ვგულისხმობ არა მარტო ნატოს აღმოსავლეთი ფლანგის გაძლიერებას, არამედ იმ ევროპული ქვეყნებისადმი მხარდაჭერასაც, რომლებიც ნატოში არ შედიან და პოტენციურად რუსეთის აგრესიის რისკის ქვეშ იმყოფებიან - ისეთებისა, როგორიცაა მოლდოვა, საქართველო და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები. ხოლო ისინი, რომლებიც რუსეთის აგრესიაში მონაწილეობენ ან მას მხარს უჭერენ - ისეთები, როგორიცაა ბელარუსი, მათ სანქციები მაქსიმალურად უნდა დაუწესდეთ.

უკრაინელები მამაცურად იცავენ თავიანთ ქვეყანას. საერთაშორისო საზოგადოება სწორედ მათმა გმირულმა თავგანწირვამ, გაბედულებამ გააერთიანა. ჩვენ მათ არ მივატოვებთ.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ