"რეგიონში დიდი გამოწვევებია, მაგრამ უნდა გადავეწყოთ ისე, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდა შევინარჩუნოთ" - კვირის პალიტრა

"რეგიონში დიდი გამოწვევებია, მაგრამ უნდა გადავეწყოთ ისე, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდა შევინარჩუნოთ"

რეგიონში დიდი გამოწვევებია, მაგრამ უნდა გადავეწყოთ ისე, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდა შევინარჩუნოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, იანვარში საქართველოს 18%-იანი ეკონომიკური ზრდა აქვს.

„იანვარი ძალიან აქტიურად, ძლიერად დავიწყეთ - 18%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, რაც უპრეცედენტოა მთელ რეგიონსა და ევროპაში. ექსპორტი 47%-ითაა გაზრდილი, ასევე ტურიზმისა და სხვა ყველა მიმართულებით ზრდა გვაქვს. მნიშვნელოვანია, რომ ეს ტემპი არ შენელდეს. პირიქით - უნდა შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო უნდა გავზარდოთ. აქტიურად უნდა დავიწყოთ ის პროგრამები, რაც დავაანონსეთ - დასაქმების პროგრამა, ასევე ეკონომიკის დამაჩქარებლების წამახალისებელი პროექტები. ჩვენ, ყველა მოწოდებული ვართ, რათა ეს ტემპი შევინარჩუნოთ. რეგიონში დიდი გამოწვევებია, მაგრამ უნდა გადავეწყოთ ისე, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდა შევინარჩუნოთ. ამიტომ საჭიროა ბიზნესთან მეტი კომუნიკაცია. ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი, ასევე ფინანსთა მინისტრი ხვდებიან და ესაუბრებიან ბიზნესის წარმომადგენლებს. ამ კვირაში მეც აქტიურად ჩავერთვები. ასე რომ, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი ამ წელს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინტერპრესნიუსი