"ამერიკელი ვეტერანები უკრაინაში მოხალისეებად მიდიან, ერთ-ერთი მათგანი კი ერაყში მის გვერდით მებრძოლ ქართველებს იხსენებს" - კვირის პალიტრა

"ამერიკელი ვეტერანები უკრაინაში მოხალისეებად მიდიან, ერთ-ერთი მათგანი კი ერაყში მის გვერდით მებრძოლ ქართველებს იხსენებს"

Voice of America: „ამერიკელი ვეტერანები უკრაინაში მოხალისეებად მიდიან. მეთიუ პარკერი იხსენებს იმ ქართველებს, რომლებიც ერაყში მის გვერდით იბრძოდნენ და მათ რეაქციას რუსეთის თავდასხმის დროს, 2008 წელს...“

აშშ-ის რადიოსადგურის - “ამერიკის ხმის“ (Voice of America) უკრაინული სამსახური თავის ვებგვერდზე აქვეყნებს სტატიას სათაურით - „ამერიკელი ვეტერანები უკრაინაში მოხალისეებად მიდიან“ (ავტორი - მიროსლავა ღონღაძე).

გთავაზობთ პუბლიკაციას:

„როცა მეთიუ პარკერმა, ამერიკელმა ვეტერანმა, რომელმაც აშშ-ის სახმელეთო არმიაში 22 წელი იმსახურა, უკრაინაში რუსეთის ჯარების შეჭრის ამბავი გაიგო, გაახსენდა, რომ ერაყში მასთან ერთად ამერიკელი ჯარისკაცი, წარმოშობით უკრაინელი, მსახურობდა და გადაწყვიტა, რომ უკრაინელებს სამშობლოს დაცვაში დახმარებოდა.

„ჩემთან ერთად ერაყში წარმოშობით უკრაინელი ჯარისკაცი მსახურობდა“, - უხსნის მეთიუ პარკერი „ამერიკის ხმას“ თავისი გადაწყვეტილების მიზეზს, - „იგი მომიყვა, თუ როგორ გახდა აშშ-ის მოქალაქე, როგორ წავიდა ამერიკის არმიაში, ხშირად იხსენებდა თავის სამშობლოს და სახლს, ოჯახის წევრებს და ამბობდა, რომ ისინი მისი გადაწყვეტილებით ამაყობენ. მახსოვს, რომ საუბრის დროს მან თავისი დაც ახსენა... ახლა იმედი მაქვს, უკრაინაში რომ ჩავალ, შეიძლება მე იმ ჩემი უკრაინელი მეგობრის დედას და დას დავიცავ და ალბათ, ამით მადლობას გადავუხდი ამერიკის არმიაში სამსახურისათვის“.

მეთიუ პარკერი, რომელმაც საბრძოლო გამოცდილება ერაყში და ბოსნია-ჰერცოგოვინაში მიიღო, მარტო არ არის. როგორც ვაშინგტონში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელმა „ამერიკის ხმას“ აცნობა, უკრაინელთა მოწოდებას დახმარების თაობაზე 3000 ამერიკელი მოხალისე გამოეხმაურა, რომლებიც მზად არიან საერთაშორისო ბატალიონში იმსახურონ და წინ აღუდგნენ რუს თავდამსხმელებს. მტერთან ბრძოლის სურვილი გამოხატეს სხვა ქვეყნების მოქალაქეებმაც, რომელთა შორის უმეტესობა პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან - საქართველოდან და ბელარუსიდან არიან. უკრაინის მთავრობამ უკვე გააუქმა სავიზო მოთხოვნა მოხალისეების მიმართ.

მეთიუ პარკერმა, ოთხი შვილის მამამ, რომელსაც თმაში უკვე ჭაღარა აქვს შეპარული, უკრაინაში მოხალისედ წასვლის გადაწყვეტილება მანამდე მიიღო, სანამ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოწოდება გაჟღერდებოდა.

თავდაპირველად იგი მოელაპარაკა იმ 12 ვეტერანს, ვისთან ერთადაც მრავალი წლის განმავლობაში მსახურობდა, მათ დაგეგმეს თვითმფრინავით წასვლა პოლონეთში და უკრაინის საზღვრამდე მისვლა, სადაც ქვეყნის ტერიტორიული თავდაცვის ძალებს შეუერთდებოდნენ. სიტუაცია გაადვილდა მას შემდეგ, როცა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მსოფლიოს მოუწოდა საერთაშორისო ლეგიონის ჩამოყალიბება, ხოლო თავის მხრივ, უკრაინის მთავრობამ შეიმუშავა პროცედურა იმ უცხოელების მიმართ, რომელთაც უკრაინისადმი დახმარების გაწევა სურთ.

„რა თქმა უნდა, ჩვენ წინ სირთულეები გველოდა - ენა არ ვიცით და საზღვრამდე მისვლა ვინმეს დახმარებით მოგვიწევდა. ახლა კი პრობლემა მოიხსნა. ჩვენ მომზადებულნი ვართ, სადაც გვეტყვიან, იქ ვიბრძოლებთ. მე თვითონ ვიყავი აშშ-ის არმიის ინსტრუქტორი და საბრძოლო ქვედანაყოფის მეთაური“, - ამბობს მეთიუ პარკერი, რომელიც სამხრეთ კაროლინის შტატში ცხოვრობს.

ამერიკელი ვეტერანისთვის უკრაინაში ბრძოლა უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე ცენტრალური აფრიკის რომელიმე ქვეყნის დაცვა. მეთიუ, ისევე როგორც სხვა ამერიკელი მოხალისე, თვლის, რომ თუ რუსეთი უკრაინასთან ომში გაიმარჯვებს, მაშინ საფრთხე შეექმნება ამერიკელების დემოკრატიულ საზოგადოებასაც, ამერიკელების უფლებებს.

„რუსები, ვის წინააღმდეგაც უკრაინელები იბრძვიან, ტიპური ბანდიტები არიან, ისინი პატივს არ სცემენ საერთაშორისო სამართალს, არ ზრუნავენ ქალებსა და ბავშვებზე. ჩვენ ადრეც ვებრძოდით ამ ტიპის ადამიანებს“, - ამბობს მეთიუ პარკერი „ამერიკის ხმასთან“ საუბრის დროს.

ვეტერანის თქმით, ერაყში მის გვერდით კიდევ რამდენიმე თანამებრძოლი მსახურობდა საქართველოდან, სადაც იმავე აგრესორმა რუსეთმა 2008 წელს უკრაინის მსგავსი ომი გააჩაღა. „ჩემ გვერდით, ერაყში, იბრძოდნენ ჯარისკაცები საქართველოდანაც. მე მახსოვს, როგორი რეაქცია ჰქონდათ, როცა მათ სამშობლოს რუსეთი თავს დაესხა. ახლა ჩვენ მოწმენი ვართ იმისა, თუ როგორ იბრძვის თავისუფლებისათვის კიდევ ერთი ქვეყანა - უკრაინა, რომელიც, საქართველოს მსგავსად, რუსეთის აგრესიის მსხვერპლი გახდა“.

მეთიუ პარკერის თქმით, იგი სამხრეთ კაროლინის შტატში ტოვებს თავის ოჯახს, ბიზნესს და უახლოეს დღეებში, რაც შეიძლება სწრაფად, უკრაინაში გაემგზავრება.

„რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა წლების წინ უკვე მიიტაცა ყირიმი. მსგავსი რამ აღარ უნდა დავუშვათ. იმ დროს საერთაშორისო თანამეგობრობამ სისუსტე გამოამჟღავნა, ახლა კი აგრესორს უკრაინის დაპყრობის ნება აღარ უნდა მივცეთ“, - მტკიცედ ამბობს ამერიკელი ვეტერანი.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ