უკრაინელებს ქართულგვარიანი რუსი პილოტიც ბომბავს... - კვირის პალიტრა

უკრაინელებს ქართულგვარიანი რუსი პილოტიც ბომბავს...

აგვისტოს ომის დროს საქართველოში შემოჭრილ რუს ოკუპანტებს შორის არაერთი ქართულგვარიანი რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეც იყო და ამიტომაც არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ დღეს უკვე უკრაინაში შეჭრილ თითქმის 150-ათასიან რუსულ არმიაში ქართული გვარებიც ხშირად გამოერიოს...

უკრაინის სამხედრო დაზვერვამ გამოაქვეყნა რუსეთის საარმიო ავიაციის იმ 67 მფრინავის, მფრინავ-შტურმანისა და მფრინავ-ოპერატორის სახელი და გვარი, რომლებიც საშვეულმფრენო ბრიგადის შემადგენლობით ბელარუსის ქალაქ ლიდას სამხედრო აეროდრომიდან საბრძოლო გაფრენებს ახორციელებენ უკრაინის ტერიტორიის დასაბომბად.

maiori-1646642249.jpg
მაიორი ბადრიაშვილი

ამ სიაში მე-12 ნომრით წერია საშვეულმფრენო რგოლის შტურმანი, მფრინავი მაიორი თ. ო. ბადრიაშვილი...

მცირე ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ გავარკვიე, რომ მაიორი თ. ბადრიაშვილი მსახურობს რუსეთის ლენინგრადის ოლქის ქალაქ პუშკინში დისლოცირებულ 332-ე ცალკეულ გვარდიულ საშვეულმფრენო პოლკში (სამხედრო ნაწილი 12633), ესკადრილიის მფრინავ-შტურმანად.

როგორც ჩანს, მაიორი ბადრიაშვილი რუსეთის შეიარაღებული ძალების უფროს ოფიცერთა კატეგორიას ეკუთვნის და რუსეთის არმიაში (საშვეულმფრენო მფრინავების უმაღლესი სასწავლებლის, სავარაუდოდ - სიზრანის, 4-წლიანი კურსის ჩათვლით) იგი უკვე არანაკლებ 15 წელია, მსახურობს.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის აგვისტოს ომში იღებდა მონაწილეობას, რადგან ლენინგრადის ოლქის 332-ე საშვეულმფრენო პოლკი მაშინ არ გადმოუსროლიათ ცხინვალის რეგიონის საოკუპაციოდ, თუმცა ამ პოლკის შვეულმფრენები და პილოტები ჩეჩნეთის მეორე ომში იყვნენ მივლინებულნი.

გასაგებია, რომ მაიორი ბადრიაშვილი რუსეთის მოქალაქეა და თავის ქვეყანას ემსახურება, თუნდაც ამ დამპყრობულ ომში - უკრაინის წინააღმდეგ, მაგრამ მაინც, რატომღაც არ მინდა ვიხილო ვიდეოკადრები, როდესაც უკრაინელი სამხედროები მორიგ ჩამოგდებულ და მუხლებზე მდგარ დატყვევებულ რუს პილოტს გვარს ეკითხებიან და ის პასუხობს - ბადრიაშვილი...