"აჩვენეთ ეს რუს დედებს - დაე, მათ იცოდნენ, თუ რას აკეთებენ მათი შვილები უკრაინაში" - რას წერს ოლენა ზელენსკაია
უკრაინის პირველი ლედი - ოლენა ზელენსკაია "ინსტაგრამის" ოფიციალურ გვერდზე პოსტს აქვეყნებს, ფოტოებთან ერთად:
"ოკუპანტები უკრაინელ ბავშვებს ხოცავენ, შეგნებულად და ცინიკურად... ჩვენს ბავშვებს.
ალისა უკრაინის ქალაქ ახტირკიდან იყო. მან რვა წლის ასაკამდეც კი ვერ იცოცხლა - სროლის დროს ბაბუასთან ერთად დაიღუპა, რომელიც შვილიშვილს ზედ გადაეფარა.
18 თვის კირილი მარიუპოლიდან მშობლებმა ცეცხლის ქვეშ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ექიმები უკვე უმწეონი აღმოჩნდნენ და ვერ უშველეს.
პოლინა კიევიდან. დაიღუპა დედაქალაქის ქუჩებში სროლის შედეგად, მშობლებთან და თავის პატარა ძმასთან ერთად. მისი დაიკო კი მძიმე მდგომარეობაშია.
არსენი, 14 წლის. ბიჭს თავში ჭურვის ნამსხვრევი მოხვდა. მედიკოსები ცეცხლის ქვეშ აღმოჩნდნენ და დაჭრილთან დროულად ვერ მივიდნენ. არსენი სისხლისაგან დაიცალა.
სოფიკო, 6 წლის. დაიღუპა თვე-ნახევრის ძმასთან, დედასთან, ბებიასთან და ბაბუასთან ერთად ავტომანქანაში. ოჯახი ქალაქ ნოვაია კახოვკადან გასვლას ცდილობდა.
მე ამის შესახებ აუცილებლად უნდა ვთქვა: უკრაინაში უკვე 38-ზე მეტი დაღუპული ბავშვია - მშვიდობიან ქალაქებზე და დაბებზე სროლის შედეგად! ეს ციფრი სწრაფად იზრდება!
როცა რუსეთში ამბობენ, რომ ისინი მშვიდობიან მოსახლეობას არ ებრძვიან, აჩვენეთ მათ ეს ფოტოსურათები! ეს იმ ბავშვების სახეებია, რომლებიც უკვე ვერასოდეს გახდებიან დიდები!
კიდევ რამდენი ბავშვი უნდა დაიღუპოს, რომ რუსეთის ჯარმა სროლა შეწყვიტოს და ჰუმანიტარულ დერეფანზე დათანხმდეს?
კიდევ რამდენი უნდა დაიცალოს სისხლისგან და შიმშილით მოკვდეს, რომ რუსებმა სამოქალაქო ტრანსპორტის განადგურება შეწყვიტონ და ჰუმანიტარული მისიები თავისუფლად გაატარონ?
ასეთი დერეფნები ახლავეა საჭირო უკრაინის ყველაზე ცეცხლმოდებულ ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებში - იქ, სადაც დღეს სარდაფებში შეხიზნული ასობით ბავშვი იღუპება შიმშილისაგან და სამედიცინო დახმარების უქონლობისაგან. მათთან კავშირი უკვე ერთ კვირაზე მეტია, აღარ არის, ოკუპანტები პირდაპირ ხვრეტენ ოჯახებს და მოხალისეებს - ვოლონტერებს - ქალაქებიდან გასვლისა და შესვლის დროს.
მე მივმართავ მსოფლიოს ყველა პატიოსან მასობრივი ინფორმაციის საშუალებას! მოუყევით და აჩვენეთ ყველას ეს საშინელი სიმართლე: რუსი დამპყრობლები ბავშვებს ხოცავენ და ამას შეგნებულად აკეთებენ - სასიკვდილოდ ესვრიან და ჰუმანიტარულ დახმარებას არ უშვებენ!
აჩვენეთ ეს რუს დედებს - დაე, მათ იცოდნენ, თუ რას აკეთებენ მათი შვილები უკრაინაში. აჩვენეთ ეს ფოტოები რუს ქალებს - თქვენი ქმრები, ძმები, თანამემამულეები ისეთივე ბავშვებს კლავენ, როგორებიც თქვენი ბავშვები არიან! და თქვენ პირადად ხართ პასუხისმგებელნი ყოველი უკრაინელი ბავშვის სიკვდილში, რადგან მდუმარედ ეთანხმებით ამ დანაშაულს!
ნატოს ქვეყნებო, ბოლოსდაბოლოს, დახურეთ უკრაინის ცა რუსული თვითმფრინავებისათვის! გადაარჩინეთ ჩვენი ბავშვები, რომ ხვალ თქვენი ბავშვებიც არ დაიღუპონ!
#NoFlyZoneUA #closeUAskyNOW #NATOclosethesky #stoprussia", - წერს ზელენსკაია.
მოამზადა სიმონ კილაძემ