საბრძოლო დანაკარგების გამოქვეყნებული ციფრები - რამდენად სანდოა ისინი? - კვირის პალიტრა

საბრძოლო დანაკარგების გამოქვეყნებული ციფრები - რამდენად სანდოა ისინი?

ჯერ არ შექმნილა ისეთი ქვეყანა, რომლის ხელისუფლება ომში დანაკარგებს მოწინააღმდეგეს ფურცელზე რომ არ გაუზრდის და საკუთარს არ შეამცირებს...

თანამედროვე ომები ისე დინამიკურად მიმდინარეობს, რომ ხშირად გენშტაბმა ის არ იცის, მის არმიას ზუსტად რამდენი ტანკი აუფეთქეს და რამდენიმე მებრძოლი დაეჭრა და დაეღუპა, არათუ - მოწინააღმდეგის საბრძოლო დანაკარგები.

მე ჩემს ბლოგში რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დღიდან თავს ვიკავებდი საბრძოლო დანაკარგების იმ ციფრების ციტირებისგან, რომელსაც ცალკე - უკრაინული და ცალკე - რუსული მხარე ავრცელებდა, მაგრამ ომის მეთორმეტე დღეს გარკვეული სიცხადე შეიქმნა...

უკრაინის გენშტაბის 7 მარტის მონაცემების თანახმად, უკრაინაში შეჭრილ რუსეთის არმიას დაეღუპა 11 ათასზე მეტი ადამიანი, განადგურებულია 290 რუსული ტანკი, 999 ჯავშანმანქანა, 117 საარტილერიო დანადგარი, 50 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, 23 საზენიტო საშუალება, 454 ავტომობილი, ჩამოგდებულია 46 თვითმფრინავი, 68 შვეულმფრენი და 7 უპილოტო საფრენი აპარატი, ჩაძირულია სამი რუსული კატარღა და აფეთქებულია 60 საწვავის სარკინიგზო ცისტერნა.

რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი თავიდან საერთოდ უარყოფდა რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგებს უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრის მომენტიდან, რაც ნონსენსს წარმოადგენდა და მხოლოდ 2 მარტს, ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან მეშვიდე დღეს აღიარა, რომ იმ მომენტისთვის დაღუპული იყო 498 რუსი სამხედრო, ხოლო დაჭრილი კი - 1 597-ი.

2-1646652422.jpg

ეს კი უკრაინელების რადიოლოკატორია, რომელიც რუსულმა რაკეტამ ომის დაწყების პირველ წუთებში ააფეთქა

რუსეთის გენშტაბი კი, თავის მხრივ, 5 მარტს ოფიციალურად იტყობინებოდა, რომ რუსეთის არმიამ უკრაინელებს გაუნადგურა 2 037 სამხედრო ობიექტი (მათ შორის - 71 მართვის პუნქტი და 61 რადიოლოკაციური სადგური), აუფეთქა 708 ტანკი და ჯავშანმანქანა, 261 ქვემეხი, ჰაუბიცა და ნაღმსატყორცნი, 74 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, 505 ავტომობილი, ჩამოუგდო 16 თვითმფრინავი (მიწაზე 66 თვითმფრინავი ააფეთქა) და 56 უპილოტო საფრენი აპარატი.

რუსული მხარის მტკიცებით, 5 მარტისთვის მოკლული იყო 2 870 უკრაინელი სამხედრო, დაჭრილი - 3 700, ხოლო ტყვედ აყვანილი კი - 572 ადამიანი.

როგორც თავად ხედავთ, საბრძოლო დანაკარგების ძალზე შთამბეჭდავი ციფრებია მოყვანილი მებრძოლი მხარეების მიერ ერთმანეთის დანაკლისის თაობაზე, მაგრამ ღირს კი ამ ციფრების დაჯერება?

ეტყობა - არა, რადგან მოწინააღმდეგის დანაკარგების რაოდენობის გაჟღერებას ყოველთვის ახლავს პროპაგანდისტული ნიშანი და ესეც საინფორმაცი ომის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია - საკუთარი მოსახლეობის განწყობის ამაღლება და მოწინააღმდეგე მხარის მორალური და საბრძოლო სულისკვეთების დაცემის მცდელობა.

მაშინ სად არის სინამდვილე? ალბათ, სადღაც შუაში...

ყველაზე რთული დაღუპულ მებრძოლთა ზუსტად დათვლაა ფართომასშტაბიანი და მობილური საბრძოლო მოქმედებების პერიოდში, მაგალითად, 2020 წლის ყარაბაღის ომის 44-დღიანი ომის დროს დაღუპული 1 700-ზე მეტი სომეხი სამხედროს ნეშტებს მთელი წელი პოულობდნენ ბრძოლების სხვადასხვა ადგილში...

შედარებით ადვილია აფეთქებული და დაზიანებული ტანკების, ჯავშანმანქანებისა თუ ჩამოგდებული თვითმფრინავების დათვლა, მაგრამ ამ შემთხვევაშიც მთავარ ნდობას მხოლოდ ის ფოტოვიდეო მასალა იმსახურებს, რომლებზეც შეიძლება აფეთქებული სამხედრო ტექნიკის ტიპისა და მისი კუთვნილების იდენტიფიციერება.

3-1646652469.jpg
ამ ფრაგმენტითა და ფერით ადვილად შეიძლება ჩამოგდებული რუსული Су-34 საფრონტო ბომბდამშენის იდენტიფიცირება

ინტერნეტში მოიძებნება ძალზე საინტერესო დამოუკიდებელი სამხედრო-ანალიტიკური რესურსი Oryx -ი, რომელსაც პროფესიონალურად უძღვება ორი სამხედრო ანალიტიკოსი - სტეინ მიტცერი და იოსტ ოლიმანსი.

ისინი ნაკლებად ენდობიან მებრძოლი მხარეების გავრცელებულ ინფორმაციებს დანაკარგების შესახებ და უჯერებენ მხოლოდ თავიანთ თვალებს და იმ ფოტოვიდეო მასალას, რომელზეც განადგურებული და დაზიანებული ტექნიკაა ასახული.

Oryx -ის ობიექტური დათვლით, რუსეთ-უკრაინის ომის პირველი ათი დღის განმავლობაში რუსეთის არმიამ დაკარგა 845 საბრძოლო ტექნიკა, მათ შორის - 130 ტანკი, 330 ჯავშანმანქანა, 63 საარტილერიო დანადგარი, 22 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, 250 ავტომობილი, 10 თვითმფრინავი და 11 შვეულმფრენი.

Oryx -ის დათვლით, უკრაინის არმიის დანაკარგებმა პირველ ათ დღეში შეადგინა 248 საბრძოლო ტექნიკა, მათ შორის - 46 ტანკი, 101 ჯავშანმანქანა, 15 საარტილერიო დანადგარი, 8 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, 5 რადიოლოკატორი, 66 ავტომობილი, 8 თვითმფრინავი (მათ შორის - მსოფლიოში უდიდესი „მრია“), ერთი ხომალდი და ერთი კატარღა.

4-1646652510.jpg
რემონტზე მყოფი ფლაგმანი, ფრეგატი „ჰეტმან საგაიდაჩნი“ უკრაინელებმა თავადვე ჩაძირეს პორტში... არადა, იყო დრო, ამ ბლოგის ავტორი მის გემბანზე დასეირნობდა...

თითოეულ აფეთქებულ, დაზიანებულ და მიტოვებულ საბრძოლო ტექნიკის მონაცემს თან ახლავს შესაბამისი ფოტო ან ვიდეოკადრები, რაც ბევრად სანდოს ხდის Oryx -ის მონაცემებს, თუმცა ისიც გასაგებია, რომ ვერც ეს ციფრები ასახავს სრულ რეალობას, რადგან ყველა აფეთქებული ტანკი და ჩამოგდებული თვითმფრინავი ჯერ არ არის ასახული ფოტოვიდეოკადრებზე ან გადაღებულია, მაგრამ არ არის ატვირთული ინტერნეტში, საიდანაც Oryx-ის ანალიტიკოსები იღებენ ძირითად ინფორმაციას.

მაგრამ, ასეა თუ ისე, მაინც ჩანს, რომ რუსეთის არმია ძალიან სერიოზულ საბრძოლო დანაკარგებს განიცდის, რომლის რიცხვი ბევრად უფრო გაიზრდება, როდესაც უკრაინის გზებზე და დასახლებულ პუნქტებში უკრაინელების სამამულო ომის პარტიზანული მოძრაობა კიდევ უფრო გაფართოვდება...