"მე, ეროვნებით რუსი ხელოვანი, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ომი არ იყოს ჩემს ქვეყანაში - საქართველოში" - კვირის პალიტრა

"მე, ეროვნებით რუსი ხელოვანი, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ომი არ იყოს ჩემს ქვეყანაში - საქართველოში"

"რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით არსებობს საპროტესტო, დიდი წერილი, რომელსაც ხელს მსოფლიოში ცნობილი რუსი ხელოვანები აწერენ... ამ წერილს ჩემი ხელმოწერაც ახლავს და ერთადერთი ვარ რუსეთის ქვეყნის გარეთ მყოფი ხელოვანებიდან, ვინც ხელი მოაწერა... ომის დაწყებიდან პირველივე დღეს შედგა ეს წერილი... თავად ვესაუბრე ოლეგ ბასილაშვილს, სხვებსაც, რომლებიც უკიდურესად აღშფოთებულები იყვნენ", - გვითხრა, გრიბოედოვის სახელობის თბილისის რუსული დრამატული თეატრის დირექტორმა - ნიკოლაი სვენტიცკიმ, რომელმაც თავისი აღშფოთება და პოზიცია გაგვიზიარა.

ნიკოლაი სვენტიცკი:

- საშინელებაა დღეს რაც ხდება, დიდი სისულელე მისი მხრიდან, ვინც ომი დაიწყო!

- რუსეთმა - ვლადიმერ პუტინმა დაიწყო?

- რა თქმა უნდა, სამწუხაროდ, მან დაიწყო, აბა, მე ხომ არ დამიწყია?!

sventicki-1646652443.jpg

- საქართველოს მთავრობის პოზიციაზე რას იტყვით?

- მთავრობისა და ხალხის მხრიდან ნამდვილად არის უკრაინის მიმართ მხარდაჭერა... კარგია, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და ეხმარება, სასტუმროები უფასოა... მოსახლეობა ეხმარება და ეფერება უკრაინელებს. ასე უნდა გაგრძელდეს და ადამიანები მაქსიმალურად გვერდით უნდა დავუდგეთ... მთავრობამ მხარი არ დაუჭირაო, რომ ამბობენ, მე ასე არ ვფიქრობ. რასაკვირველია, მხარდაჭერა არის, მაგრამ ჩვენ ომში არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩავებათ. პატარა ქვეყანა ვართ და არ გვაქვს მაგის საშუალება, დიდ ქვეყნებს ვეომოთ.

სამწუხაროდ, მე ძალიან კარგად მახსოვს 2008 წელი, მანამდე რა ომებიც გადავიტანეთ, აქამდე გრძელდება ჩვენი ტანჯვა. დღემდე ვერ ჩავდივართ ოსეთში, აფხაზეთში, მე, პირადად, სოხუმში მაქვს ბავშვობა გატარებული, რა თქმა უნდა, ჩვენი, საქართველოს მიწებია და ძალიან გვტკივა.

- კიდევ ერთხელ რომ შევახსენოთ საზოგადოებას, რომ თქვენ საქართველოში გაზრდილი, ეროვნებით რუსი ბრძანდებით...

- დიახ, საქართველოში გაზრდილი ვარ, ორი თაობა აქ ვცხოვრობთ... ეს ჩემი ქვეყანაა, ჩემი მიწა-წყალია. რა ვქნა, სხვა არ მაქვს, აქ დავიბადე და აქ მოვკვდები!

- სოციალური ქსელი მოიცვა განცხადებამ - "მე ვარ ეროვნებით ქართველი და არ მსურს რუსი ეროვნების თუნდაც ტურისტად შემოვიდესო"...

- დიახ, მეც ბევრგან შემხვდა და, რა თქმა უნდა, დიდ შეცდომად მივიჩნევ. კიდევ კარგი, ეს ქვეყნის ოფიციალური პოზიცია არ არის... არ მომწონს ასეთი დამოკიდებულება, რადგან რუსეთში მილიონ-ნახევარი ქართველი ცხოვრობს და ხომ არ შეიძლება იქაურმა მოსახლეობამ ქართველებს ასე აგინოს?! ყველას უნდა მოვეფეროთ, რადგან ისინი ტურისტები კი არა, რეჟიმს გამოქცეული ხალხია. არანაირი ჯაშუშები ეგენი არ არიან, არ სურთ ჯარში წასვლა და ომში მონაწილეობის მიღება.

sventicki-2-1646652542.jpg

ტრაგედია, ომი მოხდა და ომში ყველა ეროვნების ადამიანი იჩაგრება - უკრაინელი, ქართველი, რუსი და სხვა... მე, მაგალითად, არ ვიცნობ რუსს, რომელსაც ომი უხარია. ძალიან ბევრი მეგობარი და ნაცნობი მყავს რუსეთშიც, უკრაინაშიც, ბელარუსშიც... ყოველ ღამე ოცზე მეტ წერილს ვწერ უკრაინაში. ადამიანებს ვეკითხები, რა შემიძლია გავაკეთო, მათ რით დავეხმარო.

არსებობს საპროტესტო, დიდი წერილი, რომელსაც ხელს მსოფლიოში ცნობილი რუსი ხელოვანები აწერენ... ამ წერილს ჩემი ხელმოწერაც ახლავს და ერთადერთი ვარ რუსეთის ქვეყნის გარეთ მყოფი ხელოვანებიდან, ვინც ხელი მოაწერა... ომის დაწყებიდან პირველივე დღეს შედგა ეს წერილი... თავად ვესაუბრე ოლეგ ბასილაშვილს, სხვებსაც, რომლებიც უკიდურესად აღშფოთებულნი იყვნენ.

კრემლში ქართველები იმღერებენო, ეს ყალბი ინფორმაცია ვრცელდებოდა. სოსო პავლიაშვილს, ქეთა თოფურიას, დიანა ღურწკაიას არ ვიცნობ, მაგრამ თამარ გვერდწითელი ჩემი მეგობარია და ვიცი, რომ მის გეგმაში ეს კონცერტი ნამდვილად არ იყო.

საუბრის დასასრულს გეტყოდით, რომ ჩემთვის მთავარია ჩემს ქვეყანაში - საქართველოში ომი არ იყოს და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ!

(სპეციალურად საიტისთვის)