"აშკარად ჩანს, რომ ელევათ ზუსტი დამიზნების რაკეტები, საკვები, საწვავი და ეს სულ 11 დღეში" - კვირის პალიტრა

"აშკარად ჩანს, რომ ელევათ ზუსტი დამიზნების რაკეტები, საკვები, საწვავი და ეს სულ 11 დღეში"

რუსეთ-უკრაინის ომსა და მის თანმდევ მოვლენებზე გვესაუბრება ექსპერტი სანდრო­ თვალჭრელიძე.

- ნება მომეცით, უპირველესად ვთქვა, რომ აღმაშფოთებელია და თანამედროვე მსოფლიოსთვის სრულიად მიუღებელი ის აგრესია, რასაც რუსეთი დამოუკიდებელი უკრაინის წინააღმდეგ იჩენს. 10 დღეზე მეტი გავიდა ომის დაწყებიდან და ბევრი რამის შეფასება უკვე შეგვიძლია.

აშკარაა, რომ პუტინს თავისი "გენიალური" სტრატეგების ექსპერტიზის საფუძველზე ეგონა, ადვილად გაისეირნებდა უკრაინაში, მაგრამ მისთვის საუბედუროდ და მთელი მსოფლიოს სასიხარულოდ, უკრაინამ გამოავლინა გაუგონარი გმირობა და ამაში უზარმაზარია ვოლოდიმირ ზელენსკის როლი, რომელიც სამ დღეში სუსტი პრეზიდენტიდან მსოფლიო დონის ლიდერად და გმირად გადაიქცა. ერი შეკრულია, უკან დახევაზე არავინ ფიქრობს, ჩვენ ყოველდღიურად პირდაპირ ეთერში ვხედავთ გმირობის საოცარ მაგალითებს, როდესაც ხალხი შიშველი ხელებით უკან ახევინებს ოკუპანტებს. ოდესაში მოხალისეებისგან ქალაქის დასაცავად ბრიგადა შეიქმნა. ქვეყნიდან წასული უკრაინელები საბრძოლველად სამშობლოში ბრუნდებიან.

ასევე ვხედავთ რუსეთის უუნარობას სამხედრო თვალსაზრისით. მათ უკრაინის არმიაზე თითქმის ხუთჯერ მეტი შესაძლებლობები ჰქონდათ, მაგრამ ეს უპირატესობა გამქრალია... მათი სტრატეგია არის ერთფეროვანი, რითაც მნიშვნელოვანს ვერაფერს აკეთებენ. აშკარად ჩანს, რომ ელევათ ზუსტი დამიზნების რაკეტები, საკვები, საწვავი და ეს სულ 11 დღეში! უნდა მოესმინათ გენშტაბის უფროსის ყოფილი მოადგილისთვის, როცა ის ამბობდა, რომ რუსეთი ამ ძალებით უკრაინას ვერ მოერეოდა. უკვე იმასაც კი ამბობენ, რომ პუტინი საყოველთაო მობილიზაციას გამოაცხადებს. პუტინის პანიკა იმითაც მჟღავნდება, რომ რუსეთში საინფორმაციო წყაროები, სოციალური ქსელები დაკეტეს. შეჩერებულია საერთაშორისო ფრენა. შიგნიდან კეტავს ქვეყანას, რომ ხალხი არ გაიქცეს. სრული უუნარობა გამოიჩინა სამხედრო დაზვერვამ, არ გამართლდა პროგნოზი, რომ უკრაინელები რუსეთის არმიას სიხარულით შეეგებებოდნენ... რუსი ჯარისკაცების ქმედებაში სტრატეგია არ ჩანს, მეტიც, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მათ ომისა არაფერი გაეგებათ. მათი სტრატეგიული შეფასებაც, რა მოხდებოდა მსოფლიოში ომის დაწყების შემთხვევაში, აბსოლუტურად მცდარი გამოდგა. არავინ ელოდა ასეთ სანქციებს, რაც ლავროვმაც აღიარა. არც სეჩინი, არც ტიმჩენკო, არც უსმანოვი თავიანთ იახტებს ევროპაში არ დატოვებდნენ, ასეთი სანქციების მოლოდინი რომ ჰქონოდათ. მარტო ამ სამ ოლიგარქს 2 მილიარდის ქონება წაართვეს.

საინტერესოდ იქცევა აბრამოვიჩი - ის ყიდის "ჩელსის" და ამბობს, რომ მთელ ფულს უკრაინას გადაურიცხავს. ერთ-ერთმა გავლენიანმა რუსმა ბიზნესმენმა ოლეგ დერიპასკამ, რომელიც კა-გე-ბეს გენერალი და პუტინის მარჯვენა ხელია ევროპასთან ფინანსური კავშირის თვალსაზრისით, თქვა, ომი დამღუპველია და მალე რუსეთში დაახლოებით ისეთი მასშტაბის ეკონომიკური კრიზისი დაიწყება, 1998 წლის კრიზისი სამზე რომ გავამრავლოთო.

ჩიპებს ვერ ყიდულობენ, არადა, საფრენი აპარატები, რაკეტები ტაილანდურ ჩიპებზე იგება, ამიტომაც მოუწევთ მათი წარმოების შეწყვეტა. თვითმფრინავებს, რომლებიც რუსებს ლიზინგით აქვთ, უცხოური კომპანიები უკან ითხოვენ. რა თქმა უნდა, არ დააბრუნებენ, ამიტომაც მათი საერთაშორისო ფრენები შეწყვეტილია და როგორც კი რომელიმე ასეთი თვითმფრინავი უცხოეთში დაჯდება, მას დააყადაღებენ. ორიოდე თვეში რუსეთში თვითმფრინავი ვეღარ აფრინდება. მოგეხსენებათ, მათ მუდმივი მოვლა სჭირდება, "ბოინგმა" და "აერბუსმა" კი რუსეთში პროფილაქტიკური ოფისები დაკეტეს. ეგ კი არა, მალე "ჟიგულისაც" ვეღარ აწარმოებენ, რადგან ძალიან ბევრი ნაწილი უცხოეთიდან შეჰქონდათ. მოკლედ, მოუწევთ ურმებზე გადასხდომა. რუსი ექსპერტებისვე თქმით, უცხოური ტექნოლოგიების გარეშე ცოტა ხანში მტვერსასრუტსაც კი ვერ ააწყობენ. პუტინმა ესეც ვერ გაითვალისწინა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ვერ გათვალა, როგორც თვითონ ეძახის, "სამხედრო ოპერაციაა". კიდევ ათი დღე თუ გაუძლო უკრაინამ, რუსეთს ეს კამპანია წაგებული ექნება. მან ომი პირველი დღიდან წააგო, რადგან როგორც უნდა დასრულდეს საბრძოლო მოქმედებები, იმ ფორმით, როგორც 24 თებერვლამდე არსებობდა, რუსეთი აღარასდროს იარსებებს. მსოფლიოში ახლა სულ სხვა რეალობაა და მადლობა ბატონ პუტინს, რადგან მის გარდა ვერავინ მოახერხა დასავლეთის ასეთი კონსოლიდაცია. აღმოჩნდა, რომ უსაფრთხოების გლობალური სისტემის შექმნას ალტერნატივა არ აქვს. გააგრძელე კითხვა