"ჩემი უფროსი მეგობრები, ჯანსუღ ჩარკვიანი და ნოდარ დუმბაძე სიცილით მეუბნებოდნენ: ეს "ამინ" როგორ აჭამე ცერბერივით მოდარაჯე უშიშროებასო?!" - კვირის პალიტრა

"ჩემი უფროსი მეგობრები, ჯანსუღ ჩარკვიანი და ნოდარ დუმბაძე სიცილით მეუბნებოდნენ: ეს "ამინ" როგორ აჭამე ცერბერივით მოდარაჯე უშიშროებასო?!"

ქართველები ნებისმიერ ჭირს და განსაცდელს იუმორით, ლექსითა და სიმღერით ხვდებოდნენ.

ასე იქცეოდნენ დიდი მწერლები და ხელოვანებიც - ადამიანები, რომელთა სახელები ასე ძვირფასია ნებისმიერი ჩვენგანისთვის.

პოეტმა მაყვალა გონაშვილმა ჟურნალ "გზას" უნიკალური ფოტო მისცა და მასთან დაკავშირებული ლამაზი ამბავიც გაუზიარა.

- 1981 წელს თბილისში, მწერალთა კავშირის მორიგი ყრილობა გაიმართა. ეს ფოტოსურათი იმ დღეს გადავიღეთ მე, ნიკო კეცხოველმა, რეზო ინანიშვილმა და გოდერძი ჩოხელმა. რასაკვირველია, მას ჩემს ფოტოარქივში განსაკუთრებული ადგილი უკავია.

- რით იყო გამორჩეული ის დღე?

- ის ჩემთვის პირველი და საქართველოს მწერალთა კავშირისთვის მეათე ყრილობა იყო, რომელსაც დიდი მღელვარებით ველოდი. ეს ის პერიოდია, თავმჯდომარეებად ერთმანეთს აბაშიძეები რომ ენაცვლებიან - ირაკლი და გრიგოლი. პირველი სიტყვაც მათ წარმოთქვეს. ამ გრძელი, მოსაწყენი მონოლოგების მოსმენისას, მწერლები კაფიებით იქცევდნენ თავს. მოულოდნელად, თემურ აბულაშვილმა ფურცელი გადმომაწოდა, სადაც ეს სტრიქონები ეწერა: "გაიხსნა დიდი ყრილობა, ჩამოსხდა პრეზიდიუმი,/ ირაკლიუმით გაიხსნა და მოჰყვა გრიგოლიუმი".

ცხადია, ამ სიტყვებმა გამახალისა, მაგრამ ყრილობაზე სიტყვის სათქმელად ახალგაზრდა მწერლებს შორის მე შემარჩიეს და ამ "გამოცდას" დაძაბული ველოდი.

- რატომ?

- მოგეხსენებათ, საბჭოთა პერიოდში ახალგაზრდა მწერლის ტრიბუნაზე გამოსვლა იშვიათობა იყო. 1940 წელს, 20 წლის მირზა გელოვანის გამოსვლის შემდეგ, ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ახალგაზრდას სიტყვის თქმის უფლება მისცეს. "მე ოცი წლის გმირი ვარ და საუკუნე მომაქვს მხრებით", - თქვა მაშინ მირზა გელოვანმა. მეც 20 წლის ვიყავი.

- ახალი თაობის მწერლებიდან კიდევ ვინ ჰყავდათ მოწვეული?

- პაატა ნაცვლიშვილი და გოდერძი ჩოხელიც იქ იყვნენ, ხოლო ისინი, ვინც ყრილობაზე არ შეუშვეს, დარბაზის კართან ბორგავდნენ. ზოგიერთმა ჭორად გაავრცელა, მაყვალა გონაშვილი იმიტომ გამოჰყავთ, კომუნისტურ პარტიას მადლობა უთხრას და ედუარდ შევარდნაძეს ეპირფეროსო... დღეს ამ ყრილობის მომსწრე არაერთი მწერალია ცოცხალი და ყველა დამემოწმება: ჩემი სიტყვა სიმართლით იყო სავსე. გამოსვლა ამგვარად დავასრულე: ახალგაზრდა მწერალი ძალიან ჰგავს გზაჯვარედინზე მდგარ ზღაპრის გმირს, გზაგასაყართან წარწერიანი ქვა გდია: მარჯვნივ წახვალ, ცხენს დაკარგავ, მარცხნივ წახვალ - თავს... ჭეშმარიტი მწერლის გზა თავგანწირვის გზაა და ვინც ამ გზით წავა, დალოცვილი იქნება-მეთქი. სიტყვის დასასრულს კი, ყველასთვის მოულოდნელად, ხმამაღლა ვთქვი - "ამინ!" ეს მაშინ დანაშაულს უდრიდა. ტაშისცემამ მიმახვედრა, რომ პირველი გამოცდა ჩაბარებული მქონდა. მერე ჩემი უფროსი მეგობრები, ჯანსუღ ჩარკვიანი და ნოდარ დუმბაძე სიცილით მეუბნებოდნენ: ეს "ამინ" როგორ აჭამე ცერბერივით მოდარაჯე უშიშროებასო?! გოდერძი ჩოხელმა კი სახელდახელო ლექსი მომიძღვნა, რომელსაც პირველად თქვენ წაგიკითხავთ:

"ყვავებს რაცა აქვთ საწყლებსა,/ ქარს მიაქვს იმათ ყრანტალი,/ მკვდარს მკვდარი აეკიდება,/ მართალს გაუგებს მართალი./ ტურებს, ყვავებს და ყორანებს,/ ყეფით ხმა აქუთ ჩამწყდარი,/ დადიან გაბღენძილები,/ გულგრილობა აქვთ საგზალი./ იქ ვაჟკაცობენ, თუ სადმე/ ვაჟკაცი ნახეს მამკვდარი".

ჩემ გვერდით გოდერძი ჩოხელი, თამაზ წივწივაძე და პაატა ნაცვლიშვილი ისხდნენ, უკანა რიგში კი რეზო ინანიშვილი და ვახუშტი კოტეტიშვილი. ვახუშტიმ ერთხანს უსმინა გამომსვლელებს და მერე ჩვეულ ხერხს მიმართა, გოდერძი ჩოხელს კაფია გადმოაწოდა: "ყრილობა მიდის ტაატით,/ მე ამას გირჩევ, ჩოხელო,/ გვერდით რომ გიზის ლამაზი,/ ვინძლო ეგ მაინც მოხელო,/ თუ ეგეც ვერ მოახერხე,/ მაშ, აქ რაისად მოხველო?!"

- რომ მოვხელო, მაყრად მზად ხარო? - ჰკითხა ჩოხელმა. - მაყარიც მზადაა და გუდამაყარიცო, - უპასუხა ბატონმა ვახუშტიმ, მერე ერთხანს ჩუმად იყო, ცოტათი განაწყენებული ჩანდა, კაფიაში არავინ ამყვაო და პატარა ბარათი გაუგზავნა თამაზ წივწივაძეს: "შავმა ქალმა დაიუბნა,/ რაისად ვარ ლამაზიო?!/ თუ გოდერძი ვერას გახდა,/ აგერა მყავს თამაზიო".

ახლა კი იკადრა ჩოხელმა პასუხის დაბრუნება და მე მომწერა: "ქალავ, წაგიყვან მთაშია,/ მაშვლად მყავს ჩოხის ხატია,/ ვერ დაგიფარავს საბჭოთა/ კომუნისტური პარტია".

მეც გავეპასუხე: "ფუჭია შენი სიტყვები,/ ჩალა-ბულა და ქარია,/ პირის ფარეშად გაგიხდის/ ჩემი მეფე და ქმარია".

ამ მიმოწერაში ყველა ჩაერთო... მოკლედ, იმ დღეს "წერამ აგვიტანა" და ჩვენი პაექრობა კარგა ხანს გაგრძელდა. ბოლოს გოდერძი ჩოხელმა ფარ-ხმალი დაყარა: "მწარეა შენთან ლექსობა,/ შენს გვერდით ჯდომაც მწარეა,/ ის დღე დაიწოს, რა დღესაც/ ჩემს ჭირად გაგიცანია..."

ის დღე კიდევ ერთ ლამაზ მოგონებად შემომრჩა - მოგონებად, რომელსაც დღემდე ვერ ვივიწყებ.

ხათუნა ჩიგოგიძე

ჟურნალი "გზა"