"ჩვენი ბრალია ანწუხელიძის ქვეყანა ღარიბაშვილით რომ დაამახსოვრებ მსოფლიოს თავს"
საქართველოს მთავრობა უბრალოდ ავლენს პანიკის ნიშნებს, ეს არ არის პოზიცია, ეს არ არის პოლიტიკა, რასაც შეიძლება რაიმე თანმიმდევრული სახელი დავარქვათ, ეს არის უბრალოდ პანიკა, შიში და ამ შიშის ირგვლივ კეთდება სხვადასხვა განცხადებები, - ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ხელისუფლების პოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
ამასთან, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, თუ საქართველოს ხელისუფლების დღევანდელი პოზიცია გავლენას იქონიებს ევროპელების გადაწყვეტილებაზე, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, ეს „უნამუსობა“ იქნება.
"თუ იქონიებს გავლენას დღევანდელი სამარცხვინო პოზიცია, მე ვერანაირად ვერ გავამართლებ იმ ევროპელ პოლიტიკოსებს. რა თქმა უნდა, ჩვენი ბრალია ანწუხელიძის ქვეყანა ღარიბაშვილით რომ დაამახსოვრებ მსოფლიოს თავს, ტატუნაშვილის ქვეყანას, რომ კობახიძით გაიცნობენ. საკუთარ თავს უნდა მოჰკითხო, რა დაგემართა? მაგრამ ჩვენ შეგვიძლია, ჩვენი თავი ვაკრიტიკოთ და ჩვენს თავს მოვკითხოთ, რა დაგმართნია? ეს ის ქვეყანაა, რომელიც 90-იანებში პირველი დაუდგა რუს ოკუპანტს და ჩვენი სამშობლოსთვის ვიბრძოლეთ და მაშინაც არავინ შემოგვხიდებია, ეს ის ქვეყანაა, რომელმაც 2008-ში რუსეთის დარტყმა მიიღო. მერე სხვათა შორის ძალიან ბევრი მხარდამჭერი არ გვყოლია. ასე რომ, ჩვენ შეიძლება საკუთარ თავს ვკითხოთ რაღაც, მაგრამ სხვებს მოსაკითხი ქართველებთან….პატარა ქვეყანასთან, 3 - მილიონიან ქვეყანას არ შეგვშინებია რუსეთის და ყოველთვის მედგრად ვიდექით. დღევანდელი პოზიციის გამო თუ გაგვრიყავენ, მარტივად გეტყვით, იქნება უნამუსობა. ჩვენ ჩვენი წვლილი და ძალიან ბევრი დარტყმა ავიღეთ საკუთარ თავზე. ამ თვალსაზრისით ჩვენ დასამალი არაფერი არ გვაქვს. დღესაც ქართული საზოგადოება დგას ძალიან მედგრად და ძალიან ნათლად აჩვენებს რუსთაველის გამზირზე, სად სცემს საქართველოს გული. ეს ნამდვილად ასეა“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
"ინტერპრესნიუსი"