ვინ იყო დენის კირეევი: რუსეთის აგენტი, თუ უკრაინელი მზვერავი? - კვირის პალიტრა

ვინ იყო დენის კირეევი: რუსეთის აგენტი, თუ უკრაინელი მზვერავი?

ომის მეცამეტე დღეა და რუსეთი კვლავ თავის მიერვე შექმნილ “ტყუილების სამყაროში” ცხოვრობს: პუტინი უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც სამშობლოს იცავენ, “ნეოფაშისტებს” (!!!) უწოდებს, ხოლო რუს მებრძოლებს, რომლებიც უკრაინაში შეიჭრნენ და განურჩევლად ყველას და ყველაფერს ანადგურებენ - “განმათავისუფლებლებს”. ფარისევლობასაც ხომ უნდა ჰქონდეს საზღვარი?

ჩანს, რომ უკრაინის ბედი “პარტიზანულ” და “ქუჩის” ბრძოლებში გადაწყდება: რამდენადაა მზად ამისთვის უკრაინა? უკრაინის სამხედრო პოტენციალი და სპეცსამსახურების ძლიერი თუ სუსტი მხარეები, რუსეთისთვის კარგად იყო ადრევე ცნობილი, რასაც ხელს თავად უკრაინის ყოფილი პრორუსი პრეზიდენტები კუჩმა და განსაკუთრებით - იანუკოვიჩი უწყობდნენ.

თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ უკრაინის მოსახლეობის მნიშვნელოვანი რაოდენობა (პირველ რიგში, აღმოსავლეთ ოლქები) რუსი ეროვნებისაა (რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის, დონეცკისა და ლუგანსკის გარდა, ესენია: ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიესა და ოდესის ოლქები), მაშინ უკვე ნათელია, რომ უკრაინას დიდი საფრთხე შიგნიდან ელის. “მეხუთე კოლონა” და ღალატი სპეცსამსახურებში, შეიარაღებულ ძალებსა და სახელისუფლებო ელიტაში - სწორედ ამის იმედი აქვს რუსეთსაც და ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობენ ეფ-ეს-ბე და გე-ერ-უ. ამავე დროს, გრძელდება “საინფორმაციო ომიც”.

5 მარტს უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატმა, სახელისუფლებო ფრაქცია “ხალხის მსახურის” ყოფილმა წევრმა ოლექსანდრ დუბინსკიმ თავის "ტელეგრამ-არხზე" შემდეგი ინფორმაცია გაავრცელა: “უკრაინის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა დაკავებისას მოკლეს გომელში პირველი მოლაპარაკების დროს უკრაინის დელეგაციის წევრი დენის კირეევი. ღალატში ეჭვმიტანილი კირეევი კლიუევების კაცია. 2006 და 2008 წლებში დენის კირეევი მუშაობდა SCM Finance-ში, სადაც გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა;

2006-2012 წლებში დენის კირეევი იყო "უკრექსიმბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; 2010 წლიდან 2014 წლამდე კლიუევის კვოტით ეკავა Oschadbank-ის მმართველი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა. როგორ მოხვდა ის უკრაინის დელეგაციაში ოკუპანტებთან მოლაპარაკებისთვის? - ძალიან მინდა, გავარკვიო პრეზიდენტის აპარატიდან”.

ცნობილი ბანკირის, დენის კირეევის რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირისა და მკვლელობის შესახებ დუბინსკის ეს ინფორმაცია არა ერთმა უკრაინულმა და რუსულმა მედიამაც გაავრცელა. რუსეთმა საკუთარი პროპაგანდისტული შეტევისთვის უმალ “გამოაბა კუდები”: ხედავთ კიევის ცენტრში უკრაინელები როგორ კლავენ ცნობილ ფინანსისტებსო.

5 მარტს, გვიან ღამით, “ფეისბუქზე” უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს გვერდზე გამოქვეყნდა შემდეგი ოფიციალური ინფორმაცია:

denis2-1646727340.jpg

“უკრაინამ დაკარგა თავისი ერთგული შვილები

2022 წლის 5 მარტი

სპეციალური დავალებების შესრულების დროს დაიღუპა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს სამი თანამშრომელი - ოლექს ივანოვიჩ დოლია, ვალერი ვიქტოროვიჩ ჩიბინეევი და დენის ბორისოვიჩ კირეევი. ისინი იყვნენ პროფესიონალები, რომლებიც თავდადებული იყვნენ თავიანთი საქმისა და უკრაინის დასაცავად. ჩვენმა სახელმწიფომ დაკარგა ერთგული შვილები და მამაცი ჯარისკაცები. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო გულწრფელ სამძიმარს უცხადებს დაღუპული მზვერავების ოჯახებს. გმირები არ კვდებიან! ისინი ცოცხლობენ მანამ, სანამ ჩვენ გვახსოვს ისინი!”.

წესით და რიგით, აქ უნდა დაგვესვა წერტილი, თუმცა არსებობს რამდენიმე პასუხგაუცემელი კითხვა.

2022 წლის 13 თებერვალს უკრაინის ერთ-ერთმა კერძო ტელევიზიამ - “მე-5 არხმა” (რომლის მფლობელია უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრე პოროშენკო) გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიების მასალები, სადაც დენის კირეევი პირდაპირ იყო დადანაშაულებული რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირში. ტელეარხის ჟურნალისტი (ბლოგერი იაროსლავ ბონდარენკო) აღნიშნავდა: “დენის კირეევი მრავალი წელია, თანამშრომლობს რუსეთის სპეცსამსახურებთან. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ეფ-ეს-ბე - ბ.ა.) ოპერატიულ მასალებში უკრაინელი ბანკირი მოხსენიებულია ოპერატიული ფსევდონიმით - „ხოროში“. 2006 წლიდან ის ეფ-ეს-ბეს აწვდიდა ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებულ ძალებში იარაღის შესყიდვის შესახებ, ასევე, აწვდიდა უკრაინელი ოლიგარქების გამდიდრების სქემებს.

აღნიშნულ ფაქტებზე სისხლის სამართლის საქმე 2020 წლის ივლისში დაიწყო, თუმცა სამართალდამცავები მის შედეგებს არ ავრცელებენ.

კირეევი კვლავ აგრძელებს ურთიერთობას თავის კურატორებთან და ამისთვის ყოველთვიურად მიემგზავრება რუსეთში. წელს ის უკვე ორჯერ იყო რუსეთის ფედერაციაში. უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის დაწყების შემდეგ, კირეევი აგრძელებდა კონტაქტს რუსეთის სპეცსამსახურების კურატორებთან...

შთაბეჭდილება რჩება, რომ კირეევი თავს სრულიად უსაფრთხოდ გრძნობს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ივან ბაკანოვი გახდა უკრაინის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი, რადგან მათ აქვთ მეგობრული ურთიერთობა”.

ცნობილი იყო დენის კირეევის მეგობრული ურთიერთობა უკრაინელ პოლიტიკოსთან, უკრაინის ყოფილი პრორუსი პრეზიდენტის - ვიქტორ იანუკოვიჩის “მარჯვენა ხელთან”, ანდრეი კლიუევთან. დიდი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის მიერ ა. კლიუევი დასახელებულია იმ უკრაინელ პოლიტიკოსთა შორის, რომლებთანაც რუსეთის სპეცსამსახურები ამჟამადაც ინარჩუნებენ კონტაქტებს და მათ განიხილავენ უკრაინის “მარიონეტული მთავრობის” წევრებად.

თუმცა “უცნაურობები” დენის კირეევთან დაკავშირებით ამით არ სრულდება. 28 თებერვალს, ბელარუსის ტერიტორიაზე რუსეთ-უკრაინას შორის გასამართი მოლაპარაკებების დაწყების წინ, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა ოფიციალური ინფორმაცია. უკრაინის დელეგაციის წევრად დასახელებული იყო ექვსი პირი: უზენაეს რადაში მმართველი პარტია „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ხელმძღვანელი დავით არახამია, უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექს რეზნიკოვი, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი, დიპლომატი ანდრეი კოსტინი, რადას დეპუტატი რუსტემ უმეროვი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიკოლა ტოჩიცკი. დენის კირეევი მოლაპარაკების მონაწილედ არ იყო გამოცხადებული, თუმცა ის მოლაპარაკებებს ესწრებოდა, რაც ფოტო და ვიდეომასალაშიც კარგად ჩანს.

denis3-1646727340.jpg
უკრაინის დელეგაციაში 7 წევრია, მათ შორის - “არაოფიციალური” -კირეევი

რატომ ესწრებოდა დენის კირეევი მოლაპარაკებებს და რა სპეციალური დავალება ჰქონდა მას, ჯერჯერობით უცნობია. ასევე, უცნობია, უკავშირდება თუ არა მისი მკვლელობა რუსეთთან მოლაპარაკების პროცესს.

როგორც ვხედავთ, დაძაბული ბრძოლები “უხილავ ფრონტზეც” მიმდინარეობს და, სამწუხაროდ, მალე ის უფრო დაუნდობელი გახდება, თუმცა აქ ორივე მხრიდან დანაკარგები შესაძლოა სამუდამოდ საიდუმლოდ დარჩეს.