პოლონელების გამანადგურებლები უკრაინელებს, ამერიკელების პოლონელებს - რა გამოვა?
უკრაინის პრეზიდენტის არაერთი დაჟინებული თხოვნა-მოთხოვნის შემდეგ, რომ ნატო რამენაირად სასწრაფოდ დაეხმაროს უკრაინას ცის ჩაკეტვაში, რუსული საჰაერო დაბომბვების შესაწყვეტად, აშშ-მა თითქოს რაღაც გამოსავალს მიაგნო.
იმის ფონზე, როდესაც არც ამერიკელებს და არც ნატოს წევრ ქვეყნებს არ სურთ უკრაინის ცის დასაცავად თავისი სამხედროები მიავლინონ, ასეთი ვარიანტი შეირჩა - ალიანსის წევრი პოლონეთი უკრაინას უსასყიდლოდ გადასცემს „მიგ-29“ ტიპის გამანადგურებლებს, სამაგიეროდ კი - აშშ პოლონეთს „ფ-16“ ტიპის ანალოგიური დანიშნულების საბრძოლო თვითმფრინავებს გაუგზავნის.
ამ შესაძლებელი „ჩეინჯის“ პლუსი ისაა, რომ პოლონეთიდან მიღებულ საბჭოთადროინდელ „მიგ-29“-ებზე უკრაინელ სამხედრო მფრინავებს გადამზადება და ასე სასიცოცხლო დროის დაკარგვა აღარ დასჭირდებათ, რადგან თავად უკრაინასაც ჰყავდა ორმოცამდე ასეთი ტიპის გამანადგურებელი და, საბრძოლო დანაკარგების მიუხედავად, კიდევ დარჩა.
თავად პოლონეთის სამხედრო-საჰაერო ძალების შეირაღებაში „მიგ-29“ გამანადგურებლის 22 ერთეული ერთადგილიანი საბრძოლო და - 6 ორადგილიანი სასწავლო-საბრძოლო თვითმფრინავია, რომელთა სასწრაფო გადაცემა მნიშვნელოვნად გააძლიერებდა ომში მყოფი უკრაინის საჰაერო შესაძლებლობებს - დასავლეთ უკრაინის აეროდრომებიდან აფრენილი ეს „მიგები“ საჰაერო ბრძოლებით შებოჭავდნენ (მიუხედავად იმისა, რომ რუსების ანალოგიური, ოღონდ - მოდერნიზებული „მიგ-29მ2“-ები და „სუ-35“-ები უფრო მაღალი საბრძოლო შესაძლებლობებით გამოირჩევიან, ვიდრე პოლონელების საბჭოთადროინდელი „მიგ-29“-ები) მოწინააღმდეგის ავიაციას და მას უკრაინის ცაში სრული გაბატონების საშუალებას არ მისცემდნენ.
ამერიკელებთან ასეთი გარიგება თავად პოლონელებს უნდა აწყობდეთ, პირველ რიგში, რადგან ისინი ხელის ერთი მოსმით მოიცილებენ მოძველებულ საბჭოთა საავიაციო ტექნიკას და მთლიანად ამერიკულზე გადავლენ, მით უმეტეს, რომ მათ შეიარაღებაში უკვე ისედაც არის 48 ერთეული ამერიკული „ფ-16“ და ამასთან, პოლონელებმა, თვით მეხუთე თაობის 32 ცალი "ფ-35"-ც კი შეუკვეთეს...
ეტყობა, ეხლა პოლონელებსა და ამერიკელებს შორის ფასზე ვაჭრობა მიმდინარეობს - პოლონური „მიგების“ უკრაინელებისთვის ჩუქების სანაცვლოდ, ამერიკელები რამდენ „ფ-16“-ს და რამდენად იაფად გადასცემენ პოლონელებს.
პოლონეთის სამხედრო ავიაციის შეირაღებაში ასევე რჩება, კიდევ უფრო ძველი, 18 ცალი საბჭოთადროინდელი „სუ-22მ4“ ტიპის გამანადგურებელ-ბომბდამშენი, მაგრამ საეჭვოა, თვით უკრაინაშიც კი მოინახოს მოქმედი სამხედრო მფრინავი, რომელიც მასზე ფრენას შესძლებს, ალბათ, პენსიონერი პილოტების მოძებნა გახდება საჭირო, რაც უკვე არალოგიკურია.
ნატოს წევრ კიდევ ერთ ქვეყანას შეუძლია ამგვარი „ჩეინჯის“ ოპერაციით უკრაინას სწრაფად და მნიშვნელოვნად დაეხმაროს.
ეს ბულგარეთია, რომლის შეიარაღებაში რჩება 16 ცალი „მიგ-29“ ტიპის გამანადგურებელი და 14 ერთეული „სუ-25“ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი.
უკრაინელებს განსაკუთრებით შეიძლება ბულგარული „სუ-25“ მოიერიშეების მიღება სურდეთ, რადგან ომში ამ ტიპის თვითმფრინავების დანაკლისი განიცადეს, თუმცა არც ბულგარულ „მიგ-29“-ებზე იტყოდნენ უარს.
მაგრამ ბულგარეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი, რეზერვის გენერალ-მაიორი რუმენ რადევი (რომელიც თავად იყო „მიგ-29“-ის პილოტი), სავარაუდოდ, არ წავა ასეთ გარიგებაზე, მიუხედავად იმისა, რომ ბულგარეთი ნატოს წევრია, ის ერიდება რუსეთთან აშკარა დაპირისპირებას...
რუსეთთან სერიოზული დაპირისპირება მოელის ნატოს წევრ იმ ქვეყნებსაც, ვინც გაბედავს და უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავებს გადასცემს - ამის შესახებ კრემლმა უკვე ხმამაღლა გააფრთხილა ყველა...