"თუ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ რუსები არ გავაღიზიანოთ და თავი მოვაწონოთ ე.ი. უკვე მისი ლუკმა ვართ" - კვირის პალიტრა

"თუ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ რუსები არ გავაღიზიანოთ და თავი მოვაწონოთ ე.ი. უკვე მისი ლუკმა ვართ"

„რამსებარეული ქვეყანა: ევროკავშირი სანქციებს უწესებს, ჩვენ მათ ეკონომიკურ აქტივობას მივესალმებით; ევროკავშირი უკრაინელ ლტოლვილებს იღებს, ჩვენ - რუსებს; ევროკავშირი უკრაინელ პოლიტიკოსებს გმირებად აცხადებს, ჩვენ - ნაცებად ანუ მტრებად... განაცხადს ევროკავშირში ვაკეთებთ...“ - ასე ეხმაურება საქართველოში, ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი. პრემიერის მხრიდან რატომ იყო აუცილებელი განცხადების საჯაროდ გაკეთება იმის შესახებ, რომ საქართველო რუსეთს სანქციებს არ დაუწესებდა, რატომ ვუშვებთ ქვეყანაში ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ათასობით ადამიანს მტრულად განწყობილი სახელმწიფოდან, რატომ რთულდება ურთიერთობა მეგობრულად განწყობილ, რუსეთთან ომში მყოფ უკრაინასთან, - ამ და სხვა საკითხებზე გია ხუხაშვილი გვესაუბრება:

- არ მინდა შეთქმულების თეორიების განვითარება, ამიტომ დეტალებში არ შევალ, თუმცა ერთ რამ ცხადია - ხელისუფლებამ თავისი პოლიტიკის ქვაკუთხედად აქცია შიში ძლიერის მიმართ. ფაქტობრივად, ყოველი გადაწყვეტილების მიღებისას ფიქრობს, არაფერი გააკეთოს ისეთი, რომ რუსეთი გაბრაზდეს. ასეთი ტიპის პოლიტიკა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს ისე, როგორც რუსებს სურთ და მოსწონთ. ჩნდება ძალიან მარტივი კითხვა, თუ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ რუსები არ გავაღიზიანოთ და რუსებს თავი მოვაწონოთ ე.ი. უკვე მისი ლუკმა ვართ. რუსების ამოცანა სულაც არ არის ის, რომ ქართველებს გვიყვარდეს, მათი ამოცანაა, გვეშინოდეს მათი. ჩვენ ამ ამოცანას ვუსრულებთ. ამიტომაც ამოგვიღებს არამეგობარი ქვეყნების სიიდან. დღეს ჩვენი ქვეყანა, ნებსით თუ უნებლიეთ, რუსეთისთვის სასურველ პოლიტიკას ატარებს, რაც წინააღმდეგობაში მოდის დასავლურ პოლიტიკასთან. შესაბამისად, ჩნდება პარადოქსი - ყველაფერს ვაკეთებთ ისე, როგორც რუსეთს სურს და განაცხადს ვაკეთებთ ევროკავშირში. სრულ აბსურდთან გვაქვს საქმე, ეს არაფერში წერია.

- ჩვენს პრემიერს, ბატონ ღარიბაშვილს საჯაროდ რომ არ გაეკეთებინა განცხადება, რუსეთისთვის სანქციების არ თუ ვერ დაწესების შესახებ, არ მიგვეღო საზღვარს მომწყდარი ათასობით რუსი, რომლებიც, მათივე თქმით, პუტინის რეჟიმს გამოექცნენ, საფრთხის წინაშე დავდგებოდით?

- არანაირი საფრთხის წინაშე არ დავდგებოდით. გასაგებია, რომ პუტინს ამით ვერ გავახარებდით, მაგრამ ახლა მას საქართველოში მეორე ფრონტის გასახსნელად ნამდვილად არ სცალია. ნამდვილად არ ვარ იმის მომხრე, რომ ქართველები ფრონტის წინა ხაზზე გავიჭრათ, მაგრამ დასავლური პოლიტიკის ტრენდს ხომ უნდა მივყვებოდეთ?! ჩვენ საწინააღმდეგოდ მივდივართ და ამას რუსეთისადმი ირაციონალური შიშებით ვამართლებთ. „ქართული ოცნების“ პროპაგანდის მთავარი გზავნილია - ომი გინდათ?! რატომ იქნება ომი, თუ ჩვენ რუსეთს სავიზო რეჟიმს დავუწესებთ, მიგრაციული რისკების თავიდან ასარიდებლად?! რუსების საქართველოში უკონტროლო შემოსვლა სოციალური, ეკონომიკური და სხვა ტიპის საფრთხეების წინაშე გვაყენებს. მე წინააღმდეგი ვარ ეთნიკური ნიშნით ადამიანების ჩაგვრისა, მაგრამ არ მესმის, რატომ ნიშნავს რუსების ჩაგვრას სავიზო რეჟიმის შემოღება, მით უმეტეს მაშინ, როდესაც რუსეთს ცალმხრივად დაწესებული აქვს სავიზო რეჟიმი?! არანაირ დიპლომატიურ ურთიერთობაში არ ჯდება ცალმხრივი სავიზო რეჟიმი. აქედან გამომდინარე, ძალიან ბევრი ლეგიტიმური კითხვა ჩნდება. მაშინ, როდესაც ხელისუფლება კოლაბორაციონიზმის ზღვარზეა, ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი როგორ შეაქვთ, რას ნიშნავს ეს ყველაფერი?! სიურრეალიზმში, სრულ აბსურდში გვაცხოვრებს დღეს „ქართული ოცნება“.

- იმას, რასაც თქვენ ახლა სიურრეალიზმი უწოდეთ, „ქართული ოცნება“ პრაგმატულ პოლიტიკად მიიჩნევს.

- სინამდვილეში პრაგმატულ პოლიტიკასთან საერთო არაფერი აქვს იმას, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს.

- ხელისუფლება ამბობს, რომ პუტინის რეჟიმს გამოქცეულ რუსებში საფრთხეს არ უნდა ვეძებდეთ.

- ცუღლუტობა და მამაძაღლობაა, როდესაც ამ ხალხს "რეჟიმს გამოქცეულებს" ვეძახით. სინამდვილეში, პუტინის რეჟიმს ვინც გამოექცა, აეროპორტიდან გააბრუნეს უკან. „დოჟდის“ ჟურნალისტებს ვგულისხმობ. ეს ხალხი ფულის "გაქეშებისთვის" არის აქ ჩამოსული. არ გაინტერესებთ, რატომ გახდა დოლარი 3 ლარი და 40 თეთრი?! რუსებმა "ქეშით" მოხსნეს დოლარი, რამაც დოლარზე დეფიციტი გააჩინა და ლარის კურსი დააგდო. ესენი ლტოლვილები კი არა, კეთილდღეობის შენარჩუნებაზე ორიენტირებული ხალხია, ლტოლვილები არიან ის საცოდავი ბავშვები, პოლონეთის საზღვარზე მშობლების გარეშე რომ გადადიან. რუსები როგორი ლტოლვილები არიან, ომია მათ ქვეყანაში?! ამაზე საუბარი არის ცინიზმი.

- ეს ე.წ. ლტოლვილები მხოლოდ ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისით ქმნიან საფრთხეებს?

- არავითარ შემთხვევაში. ეს ხალხი აქ ეკონომიკურ ინფრასტრუქტურას შექმნის, სამწუხაროდ, ისევ ქართველების დახმარებით და საქართველოს ტერიტორიას შავ ხვრელად გამოიყენებენ, რუსეთისთვის დასავლური სანქციების სავალალო შედეგების თავიდან ასარიდებლად. ძალიან სერიოზული აქტივობა იქნება, სანქციების ქვეშ მოყოლილი პროდუქციის ტრანზიტზე ანუ - რეექსპორტზე, საქართველოს მეშვეობით. ფაქტობრივად, დღეს საქართველოს ტერიტორიაზე რუსული ბიზნესის დივერსია ხდება.

- როგორც უკრაინული წარმოშობის საბჭოთა დისიდენტმა, საბჭოთა "კაგებეს" ოფიცერმა, ამჟამად აშშ-ში მცხოვრებმა იური შვეცმა განაცხადა, ამის შესახებ ამერიკის შესაბამის უწყებებში უკვე აქვთ ინფორმაცია. ხომ არ არის შესაძლებელი, რომ საქართველოც მოჰყვეს სანქციების ქვეშ, იმ მიზნით, რომ რუსული ბიზნესის დივერსია არ მოხდეს?

- ამის რისკი ნამდვილად არის. კარგი იქნება, თუ აშშ და ევროკავშირი განცხადებას გააკეთებენ, რომ ყველა ის ფიზიკური და იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს ტერიტორიას გამოიყენებს, რუსეთისთვის სანქციების არიდების მიზნით, მოჰყვება სასანქციო სიაში, ხოლო საქართველო მოექცევა არამეგობრულ ქვეყანათა სიაში. ეს აუცილებელია პრევენციისთვის. მხოლოდ დაკვირვება არ არის საკმარისი. საჯარო განცხადება უნდა გაკეთდეს.

- როგორ წარმოგიდგენიათ, ამჯერად მაინც თუ მოახერხებს ოპოზიცია ამ მოცემულობის გამოყენებას?

- არ მკითხოთ რა! ხელისუფლებასთან არის ძალიან ბევრი ობიექტური პრეტენზია, რის ბაზაზეც ოპოზიციას შეუძლია სერიოზული პოლიტიკური პროცესის წარმოება, მაგრამ ამის ნაცვლად ოპოზიციაში ისეთ წვრილმანებს ეკიდებიან, ხშირად არასამართლიანად მოქმედებენ, ყველაფერს აფუჭებენ. ამიტომ, სიმართლე გითხრათ, არ მაქვს ოპოზიციის იმედი.

(სპეციალურად საიტისთვის)

ხათუნა ბახტურიძე