"ჩემი დის მკვლელობაში ბრალდებულის ბოდიშს ოჯახი არ ვიღებთ და სასამართლოსგან მის უმკაცრესად დასჯას, უვადო პატიმრობას მოვითხოვთ" - კვირის პალიტრა

"ჩემი დის მკვლელობაში ბრალდებულის ბოდიშს ოჯახი არ ვიღებთ და სასამართლოსგან მის უმკაცრესად დასჯას, უვადო პატიმრობას მოვითხოვთ"

ავსტრალიის მოქალაქის შანაი ბრუკი ედვარდსის ოჯახი მკვლელობაში ბრალდებულის, რაფაელ მურსაკულოვის ბოდიშს არ იღებს და სასამართლოსგან მის უმკაცრესად დასჯას ითხოვენ. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მოკლულის ძმამ, ტაისონ ედვარდსმა ექსკლუზიურად განუცხადა.

როგორც ტაისონ ედვარდსი აცხადებს, ბრალდებულმა დანაშაული მას შემდეგ აღიარა, რაც ის ფაქტობრივად, კუთხეში მიიმწყვდიეს, როცა სხვა გამოსავალი არ ჰქონდა და ყველა მტკიცებულება მის წინააღმდეგ მეტყველებდა.

შანაი ბრუკი ედვარდსის ძმა აცხადებს, რომ ბრალდებულის ბოდიშს ოჯახი არ იღებს. ედვარდსის თქმით, ისინი სასამართლოსგან რაფაელ მურსაკულოვის უმკაცრეს დასჯას და უვადო პატიმრობის გამოყენებას ითხოვენ, რათა „გარეთ მკვლელები არ დადიოდნენ და შანაის ბედი სხვებმაც არ გაიზიარონ“.

ტაისონ ედვარდსი სპეციალურად ლონდონიდან საქართველოში დის მკვლელობაში ბრალდებულის განაჩენზე დასასწრებად დღეს დილით ჩამოფრინდა.

თბილისის საქალაქო სასამართლო შანაი ბრუკი ედვარდსის მკვლელობის საქმეზე განაჩენს ხვალ, 9 მარტს გამოაცხადებს.

ბრალდებულმა რაფაელ მურსაკულოვმა გასულ სხდომაზე საბოლოო სიტყვით ისარგებლა და მოკლულის ოჯახს ბოდიში მოუხადა.

„არ ვარ ასეთი ადამიანი და არ ვყოფილვარ ასეთი ადამიანი, მე ჩემი თავი იმ დღეს ვერ გავაჩერე, ალბათ, იმ დღეს, ჩემში, ღმერთზე მეტი, ეშმაკი იყო, როცა ამ ქვეყნის შვილი ხარ, ასე არ უნდა შეგეშალოს და მე შემეშალა. არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ მოხდა. მე ამ ქვეყანას, ხალხს ვუხდი ბოდიშს, იმ ადამიანის ოჯახს ვუხდი ბოდიშს, ეს არის დანაკლისი, რასაც ვერ ავანაზღაურებ. უბრალოდ, მაპატიეთ. რაც არ უნდა გამოიტანოთ განაჩენი, ხმას არ ამოვიღებ, არ გავასაჩივრებ“,- განაცხადა მურსაკულოვმა.

სახელმწიფო ბრალდების განმარტებით, შანაი ბრუკ ედვარდს დანით 13 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, მათგან 5 ყელის არეში, რაც მკვლელობის განზრახვას ამყარებს. პროკურორი გიორგი ქობულაძე განმარტავს, რომ მკვლელობის ჩადენის შემდეგ რაფაელ მურსაკულოვმა ცხედარი გადამალა, ფოთლები დააყარა და მის დაწვას გეგმავდა. ქობულაძის თქმითვე, დანაშაულის ჩადენის მომენტში ბრალდებული შერაცხადი იყო და ის სრულად აცნობიერებდა იმას, თუ რას სჩადიოდა.

ცნობისთვის, ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკი ედვარდსი გასული წლის 30 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა ქალის ცხედარი მთაწმინდის ფერდზე 31 ივლისს იპოვეს. აღნიშნულთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა რაფაელ მურსაკულოვი დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით), 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ და მესამე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი სხვა დანაშაულის დაფარვის და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით; ანგარებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.