"ამხელა ქალაქის აღება, ხელისუფლების შეცვლა და იქ თავისი მარიონეტის დასმა, რუსეთს ძალიან გაუჭირდება" - კვირის პალიტრა

"ამხელა ქალაქის აღება, ხელისუფლების შეცვლა და იქ თავისი მარიონეტის დასმა, რუსეთს ძალიან გაუჭირდება"

კიევსა და მიმდებარე რაიონებში კვლავ აფეთქებებია. სხვადასხვა ქალაქში საჰაერო განგაშის სიგნალები მუდმივად ისმის. განგაშის ხმა მოქალაქეებს პოტენციური საჰაერო თავდასხმების საფრთხის შესახებ ატყობინებს, რათა დაუყოვნებლივ ბუნკერებს შეაფარონ თავი. უკვე მესამედ შედგა მხარეებს შორის მოლაპარაკება, მაგრამ - უშედეგოდ. ოფიციალურმა მოსკოვმა ცეცხლის შეწყვეტისა და ჰუმანიტარული კორიდორების გახსნის შესახებ განცხადება მესამედ გამოაცხადა, მაგრამ ფაქტია, შეთანხმება თავადვე დაარღვია. ბრძოლები გრძელდება. მთელი მსოფლიოს ყურადღება ისევ უკრაინისკენ არის მიმართული. ემოციურია უკრაინის პრეზიდენტის - ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებები. ის მსოფლიო ლიდერებს უფრო მეტი მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. უკრაინის ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე გვესაუბრება.

თორნიკე შარაშენიძე:

- მოლაპარაკებების მოლოდინი არავის ჰქონდა. მგონი, ორივე მხარე ზრდილობის გულისთვის იჯდა მაგიდასთან, იმისთვის, რომ დაენახვებინა სხვებისთვის, - აი, ნახეთ, ჩვენ ვცდილობთ მოლაპარაკებასო. რუსეთის უკვე მსოფლიოში აღარავის სჯერა, მაგრამ პუტინის ეს ნაბიჯი იყო თავისი აუდიტორიისთვის გათვლილი, რომ ეთქვა, ვითომ აქვს მოლაპარაკება. ეტყობა ამის დემონსტრირება უნდოდა, ისინი მაინც ომობენო.

- ამ სიტუაციაში გამოსავალი არსებობს?

- ამ სიტუაციაში, არ ვიცი, რა შეიძლება იყოს გამოსავალი ომის შეწყვეტის კუთხით. რუსეთი არ დაიხევს უკან. უნდა წაიღოს დიდი ტერიტორია, მთლიანად შავი ზღვისპირეთი. ეს მინიმუმია, ალბათ. შეიძლება შეძლოს კიდევაც, თუ მარიუპოლის ალყას ბოლომდე მიიყვანს. სამწუხაროდ, ამის ნიშნები არის. მარიუპოლში ალყაშია მოქცეული დიდი სამხედრო შენაერთი და ეს საფრთხე არსებობს. მაგრამ მე ასე მგონია, ამას ის არ დასჯერდება და კიევში ხელისუფლების შეცვლა უნდა. როგორ მოხერხდება ეს კიევის აღების გარეშე, ეს უკვე სხვა თემაა. კიევის აღება უფრო რთული იქნება, ვიდრე მარიუპოლის აღება, მარიუპოლისთვის ალყის შემორტყმა ადვილია. მაინც პერიფერიაშია ეს ქალაქი და კიევზე დარტყმა, ამხელა ქალაქის აღება, ხელისუფლების შეცვლა და იქ თავისი მარიონეტის დასმა, ძალიან გაუჭირდება. ამიტომაც, თუ ეს აქვს მიზნად დასახული, ჯერ კიდევ ყველაფერი წინ არის. ძალიან რთული ეტაპია წინ.

- იმედია, არ მიაღწევს თავის მიზანს. არის შანსი, რომ უკან დაიხიოს?

- რომ არ დათმობს, ეს ვიცით, მაგრამ იმედი მაქვს, ასე მარტივად ვერ მიაღწევს მიზანს. ომი რომ აწარმოო, თეორიულად უნდა მუშაობდეს ჯარიც, მთავრობაც და ზურგი ანუ მოსახლეობაც. ჩვენ ვხედავთ უკრაინის შემთხვევაში სამივე კარგად მუშაობს. მოსახლეობაც ძალიან აქტიურად ეხმარება ჯარს და ასეთ დროს გატეხვა ძალიან რთულია, იგივე სახელმწიფოსი, მით უმეტეს, როცა ამხელა მოსახლეობაა და ამხელა სახელმწიფოა. ასე რომ, ძალიან გაუჭირდება რუსეთს.

- რუსულმა არმიამ დაამსხვრია უძლეველობის მითი?

- მე არ ვარ სამხედრო ანალიტიკოსი და ამაზე ვერ ვისაუბრებ. ჩვენთან, მიწაში ჩადეს რუსული არმია. ამბობენ, არაფერი შეუძლია, არაფერი სცოდნიაო. მე ასე ხელაღებით ვერ ვიმსჯელებ, ვერ ვიტყვი ამას. მე არა მგონია, 12 000 კაცი იყოს რუსეთის მხრიდან დაღუპული. ეს კატასტროფული რიცხვია. გამოდის, დღეში 1000 კაცი უკვდება რუსეთს? არა მგონია, ძალიან მაღალია ეს რიცხვი. თუ დავუშვებთ, რომ 12000 დაღუპულია, მაშინ - სამი ამდენი დაჭრილია და ადის 48000-მდე, გამოდის აღარ არსებობს რუსული არმია. ეს ზღაპარია, ამდენი დაღუპული და დაჭრილი ნამდვილად არ ჰყავს.

- ვხედავთ, სანქციები დაუწესეს რუსეთს, კიდევ რა შეიძლება გააკეთოს მსოფლიომ ამ ომის შესაჩერებლად?

- ყველა პარალელი უზუსტოა ასეთ დროს, მსგავსი აგრესიები რომ ხორციელდებოდა, მაგალითად, იტალია დაესხა თავს ეთიოპიას, მაშინ გარიცხეს, დააკისრეს სანქციები, მაგრამ ამის გამო არ დაუხევია უკან და ომი ბოლომდე მიიყვანა. დაახლოებით, იგივე გააკეთა იაპონიამ. აგრესორი სახელმწიფო სანქციების გამო არ იხევს უკან, როგორც წესი. თუ დაიხევენ უკან, მხოლოდ იმიტომ, რომ უკრაინელებისგან მწარედ მოხვდებათ. სანქციების გამო რუსეთი არ დაიხევს უკან. სანქციების გამო დასუსტდება სახელმწიფო, მაგრამ დანგრევამდე ჯერ კიდევ შორია. საქართველოში ბევრი უკვე მარხავს რუსეთს, მაგრამ აქამდე ჯერ კიდევ შორია, დასუსტებით - ნამდვილად დასუსტდება.

- იაპონიამ შეახსენა რუსეთს კურილის კუნძულები. ხომ არ ფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით შეუქმნიან პრობლემებს რუსეთს?

- არა. ახლა იაპონია რუსეთს ომს დაუწყებს? ეს გამორიცხულია. უბრალოდ, შეახსენა. ახლა კარგი დროა ყველასთვის, რომ შეახსენონ რუსეთს, რა აქვს გაფუჭებული.

- ზელენსკის გამოსვლებში ხშირად იგრძნობა იმედგაცრუება, როგორც ჩანს, მეტი მოლოდინი ჰქონდა ნატოსი, დასავლეთის?

- არ ვიცი, რამდენად რეალისტურად ჰქონდა იმის მოლოდინი, რომ ნატო ჩაერეოდა უკრაინის ომში და გადაკეტავდა ცას, მაგრამ როცა ნამუსზე აგდებს ნატოს, ნატო იძულებულია დაეხმაროს უფრო მეტად, მაგრამ ის არ ჩაებმება ამ ომში. ცა რომ ჩაიკეტება, ამის მოლოდინი მე არ მაქვს. შეიარაღებით და ფულით კი განაგრძობენ უკრაინის დახმარებას.

- ზეწოლისთვის სხვა რამე ბერკეტი დარჩა დასავლეთს?

- შეიარაღება და სანქციები. ეს საკმაოდ ბევრია. 45-მილიონიანი ქვეყანაა და მართლა შეუძლია სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთს და უწევს კიდეც. ჩვენს შემთხვევაში ასე მარტივად არ იქნებოდა საქმე. რაც უნდა შეიარაღება მოგვცენ, ჩვენ რამდენი დღე გავუძლებთ ომს, როცა 20 კილომეტრში დგას რუსის ჯარი და ბევრი მიმართულებიდან შეუძლია დაგარტყას. ჩვენ ვერ გავძლებდით ამდენ ხანს, მაგრამ უკრაინა 45-მილიონიანი ქვეყანაა, ვხედავთ როგორ იბრძვის ყველა, სად ჩვენ და სად - ისინი?! თუ შეიარაღებითაც მეტად დაეხმარებიან, უკრაინას დიდხანს შეუძლია გაუწიოს წინააღმდეგობა რუსეთს. მოლოდინი იმისა, რომ ომი უახლოს პერიოდში დამთავრდება, არ მაქვს. ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ რომ წარმოვიდგინოთ, ბოლომდე მიიყვანა ომი რუსეთმა, ოკუპაცია მაინც ძალიან გაუჭირდება. წინააღმდეგობა არ გაჩერდება, თან უკრაინელებს აქვთ პარტიზანული მოძრაობების ძალიან სერიოზული გამოცდილება. ერთი საუკუნე არ არის გასული მეორე მსოფლიო ომიდან და შემდგომი პერიოდიდან. რომც აიღოს, გაგრძელდება ეს ომი. ძალიან მძიმე შეცდომა დაუშვა მოსკოვმა, რომ ეს ომი დაიწყო. მერე კიდევ რა ელის წინ, არავინ იცის. ძალიან მძიმე რაღაც ელის რუსეთს.

- ვხედავთ, ოპოზიციური არხები დახურა რუსეთმა, ბლოკავს ყველაფერს, რომ რეალური ინფორმაცია არ მივიდეს მოსახლეობასთან. ვიცით, ხალხი ქუჩაში გამოდის და აპროტესტებს ამ ომს, მასობრივად რომ გამოვიდეს რუსი მოსახლეობა, შეიძლება ამ მძლავრმა პროტესტმა შეცვალოს ვითარება?

- რუსი ხალხი ვერ დაუპირისპირდება ვერანაირად იმ რეჟიმს. ისეთი რეჟიმია ვერაფერს გახდებიან. პატარა გამოსვლები არაფერს შეცვლის. ვხედავთ, ვისაც არ მოსწონს, რაც ხდება, ისინი გარბიან ქვეყნიდან. ამას ვუყურებთ ყველა. ასეთ დროს ერთადერთი გამოსავალია შიგნით, ხელისუფლებაში, მთავრობაში მოხდეს გადატრიალება. ჩემი აზრით, ამის შანსიც ძალიან მცირეა, დაახლოებით, იგივე მოხდეს, რაც ხრუშჩოვის შემთხვევაში მოხდა, მაგრამ ამის შანსიც ძალიან მცირეა.

- საქართველოში ბევრი რუსი ეროვნების ადამიანი შემოვიდა და ამას მოჰყვა დიდი პროტესტი. ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ეს არ უნდა დაუშვას ხელისუფლებამ და, ასევე, მოსალოდნელ საშიშროებაზეც საუბრობენ. თქვენ რას იტყვით?

- ადამიანი მოდის იქიდან იმიტომ, რომ იქ არ შეუძლია ცხოვრება, შენ კარს უკეტავ და ეუბნები დაბრუნდი უკანო? მე მიმაჩნია, რომ მათი შემოსვლა არაფერი საფრთხის შემცველი არ არის. ისმის შეშფოთება, შემოდიან აგენტები და დივერსანტებიო. აგენტების და დივერსანტების შემოყვანა თუ უნდოდა რუსეთს, დიდი ხნის წინ შემოყვანილი ეყოლება, 12 წელია, უვიზო რეჟიმი გვაქვს. დღეს ჩვენთვის ნაკლებად სცალია, რომ აქ შემოგზავნოს აგენტები და დივერსანტები. ჩემი აზრით, აქ ვინც ჩამოდის, ის ხალხია, რომელსაც რუსეთში ცხოვრება არ უნდა და უნდა, აქ ამოისუნთქოს ცოტა ხნით. მით უმეტეს, როცა ასეთი ხმაურია ატეხილი, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რამდენი ქართველი ცხოვრობს რუსეთში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გვინდა თუ არ გვინდა, მაინც მიბმული ვართ რუსეთზე. კარი მივუჯახუნოთ ყველას, არ არის საქმე ასე მარტივად, რაც უნდა ემოციურად ვიყოთ. მესმის, ცუდად ვართ განწყობილი მათ მიმართ, მაგრამ როდესაც ამდენი ოჯახი ცხოვრობს იქიდან გადმორიცხული ფულით, მიუჯახუნო კარი, ასე ადვილი არ არის. მე მაინც მგონია, აგენტურის შემოგზავნა თუ უნდათ, დიდი ხნის შემოგზავნილიც ეყოლებათ და იმისთვის არსებობს სპეცსამსახურები, რომ მათზე იმუშაოს და გაანეიტრალოს.

- უკრაინის ლიდერების განცხადებებიც, ალბათ, მოისმინეთ, როცა დაიწყო საუბარი რუსეთში რძის პროდუქტების შეტანაზე. რამდენად სწორი იქნება ასეთი ნაბიჯი გადადგას ჩვენმა ხელისუფლებამ, იმ ფონზე, როცა ყველა გადის რუსეთის ბაზრიდან?

- ერთი გამაგებინეთ, რომელ კომპანიას გააქვს რძის პროდუქტი რუსეთში, როდესაც საქართველოში თურქულ, უკრაინულ და ბელარუსულ პროდუქტებს ვყიდულობთ. აქ გაყიდონ. ძალიან გამიკვირდება, ვიღაცამ იქ გაიტანოს რძის პროდუქტი, იმიტომ, რომ აქაურ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ და იქ სად მიაქვთ? რომ ატყდა ამბავი, ჯერ გავარკვიოთ, იქნებ არც არავის მიაქვს რძის პროდუქტი.

- ხომ განაცხადეს, ოფიციალურად მივიღეთ წინადადებაო, ამბობენ 2020 წლიდან გვაქვს მოლაპარაკებაო, ეს არ ნიშნავს აღიარებას?

- წინასწარ, ასე ქვევრის თავის დამარხვა შეიძლება? არახამიაზე არაფერს ვიტყვი, ომშია და შეიძლება რაღაცა თქვას, მაგრამ შეიძლება ერმა ხარაკირი გაიკეთოს იმის გამო, რომ რუსეთმა გამოაცხადა, - მე ვიყიდი ქართულ ყველსო? იქნებ არ იყიდის? არ შეიძლება ასე, ემოციურად ყველაფერზე საუბარი. სად გვაქვს ჩვენ იმდენი ყველი, რომ გვიტანოთ იქ? აქ არ გვყოფნის. რატომ უნდა გაიტანო, როცა აქ შეგიძლია გაყიდო. აბსურდული მგონია ეს.

- მმართველი გუნდის კრიტიკა ეს დღეებია, მუდმივად ისმის. ვხედავთ საპროტესტო აქციებს, ამას ხომ დასავლეთი ადევნებს თვალს და ხომ არ დააზარალებს ჩვენი ქვეყნის იმიჯს?

- აქციები ხომ ამდენი წელია, მიდის. ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია და ამას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ, არ ვაქცევ დიდ ყურადღებას. მე მგონი, ეცინება დასავლეთსაც, ამას რომ უყურებს.

(სპეციალურად საიტისთვის)