"სუს-ის ხელმძღვანელად დაბრუნება არ განიხილება, ერთხელ დავბრუნდი, აღარ მინდა ამდენი დაბრუნება"
"როცა ჟღერდება რომ ვახტანგ გომელაური შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე აღარ იქნება, ყველაზე მეტად ჩემს ოჯახს უხარია-ხოლმე, ბედნიერები არიან და ელოდებიან, თუმცა, მათდა სამწუხაროდ, ჯერჯერობით, ისევ აქ ვარ", - ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტების კითხვას, რომელიც მის თანამდებობის დატოვებას შეეხებოდა.
როგორც გომელაურმა აღნიშნა, არ განიხილება, მათ შორის, მისი სუს-ის ხელმძღვანელად დაბრუნება.
„მე ვარ გუნდის წევრი, სადაც გადაწყვეტს პრემიერ-მინისტრი, რომ დღეს იქ ვარ საჭირო, ხვალ მოადგილე ვიყო თუ სახლში წავიდე, მე მზად ვარ მივიღო ეს, თუმცა, დღეს არანაირი ცვლილება არ იგეგმება. არ არის გამორიცხული, თუ გუნდი მიიღებს გადაწყვეტილებას, პოლიტსაბჭო, პრემიერი, მთავრობა გადავიდე სხვა მიმართულებაზე, სხვა რამ გავაკეთო, მე მზად ვარ ეს მივიღო, არანაირი პრობლემა არ იქნება. თითქმის, 7 წელია მინისტრის თანამდებობაზე ვარ. რაც შეეხება სუს-ის ხელმძღვანელად ჩემს დაბრუნებას, არ განიხილება სუს-ის ხელმძღვანელად ჩემი უკან დაბრუნება. ერთხელ დავბრუნდი, აღარ მინდა ამდენი დაბრუნება“, - განაცხადა გომელაურმა.
"ინტერპრესნიუსი"