ამერიკელი სენატორის განცხადებით, პუტინს უკრაინა რომ აეღო იმ დროში, რა დროშიც ამას ფიქრობდა, რეალური საშიშროება იქნებოდა მოლდოვასა და საქართველოსკენ წასულიყო - კვირის პალიტრა

ამერიკელი სენატორის განცხადებით, პუტინს უკრაინა რომ აეღო იმ დროში, რა დროშიც ამას ფიქრობდა, რეალური საშიშროება იქნებოდა მოლდოვასა და საქართველოსკენ წასულიყო

რომ არა უკრაინელების წინააღმდეგობა და ბატონ პუტინს უკრაინა რომ აეღო იმ დროში, რა დროშიც ამას ფიქრობდა, რეალური საშიშროება იქნებოდა, რომ მოლდოვასა და საქართველოსკენ წასულიყო, - ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა ბენ კარდინმა სენტაში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე უკრაინის საკითხის განხილვისას განაცხადა.

ამერიკელმა კანონმდებელმა სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდს ჰკითხა თუ რა ნაბიჯებს დგამს მოლდოვასა და საქართველოს დასახმარებლად ოფიციალური ვაშინგტონი.

„რა ნაბიჯებს ვდგამთ დღეს მოლდოვასა და საქართველოს დასახმარებლად, იმის აღიარებით, რომ თუ გარემოებები შეიცვლება და ბატონი პუტინი დაიჯერებს, რომ მას აქვს შესაძლებლობა, ის ყოყმანის გარეშე გადაკვეთს ამ საზღვრებს?! - იკითხა მერილენდის შტატის სენატორმა.

დემოკრატმა სენატორმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთს უკვე აქვს გადაკვეთილი საქართველოსა და მოლდოვის საზღვრები და ის უკვე იმყოფება ამ ქვეყნების „სადავო რეგიონებში“.

„ეს ტერიტორიები არ არის სადავო, მაგრამ მხოლოდ ბატონ პუტინს სჯერა, რომ სადავოა. რა ნაბიჯები იდგმება იმისთვის, რომ ეს ქვეყნები საუკეთესო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, რათა დაიცვან თავი იმ შემთხვევაში, თუ ბატონი პუტინი გადაწყვეტს, რომ ამ ორ ქვეყანაში უფრო აგრესიულად იმოქმედოს?“- ჰკითხა სენატორმა ვიქტორია ნულანდს.

სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა კარდინის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ-ს საქართველოსთან უსაფრთხოების საკითხებში დიდი ხნის ურთიერთობა აქვს.

„წლების განმავლობაში, მათ [ქართველებმა] რეგულარულად შეიტანეს წვლილი ნატოს ყველა სახის ოპერაციასა და წვრთნებში და აგრეთვე, მრავალი სამხედრო წვრთნა და აღჭურვილობა მიიღეს აშშ-სგან, რაც საკმაოდ დაჩქარდა 2008 წელს პუტინის საქართველოში შეჭრის შემდეგ“ - აღნიშნა ვიქტორია ნულანდმა.

სახელმწიფო მდივნის მოადგილის თქმით, ამჟამად, ქართულ-ამერიკული ურთიერთობები ძლიერია და კვლავაც მტკიცედ გრძელდება.

აშშ-ის კონგრესის ზედა პალატაში განხილვისას, კარდინს ნულანდმა მოლდოვის შესახებაც უპასუხა და დასძინა, რომ იმ შემთხვევაში თუ პუტინის ჯარი ოდესაში შევიდოდა, დარჩებოდა ძალიან მცირე მანძილი დნესტრისპირეთამდე, ამ შემთხვევაში, ნულანდის თქმით, „მოლდოვა იქნებოდა შემდეგი“ .

სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა ისიც თქვა, რომ მოლდოვის პრეზიდენტის თხოვნების შესაბამისად, აშშ ცდილობს გაზარდოს არა მხოლოდ ქვეყნის ჰუმანიტარული კუთხით მხარდაჭერა,(რადგან ისინი მასპინძლობენ უამრავ უკრაინელ დევნილს), არამედ ოფიციალურ კიშინიოვს საზღვრისა და ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და სხვა საკითხების მიმართულებითაც აღმოუჩინოს დახმარება.

ინტერპრესნიუსი