„რით იყო იოსებ ჯუღაშვილი დაკავებული ლონდონში ორთვენახევრიანი ყოფნის დროს“ - რას წერს უცხოური გამოცემა - კვირის პალიტრა

„რით იყო იოსებ ჯუღაშვილი დაკავებული ლონდონში ორთვენახევრიანი ყოფნის დროს“ - რას წერს უცხოური გამოცემა

ბრიტანული „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) დღევანდელ, 9 მარტის ნომერში გამოქვეყნებულია რეცენზია მწერალ სტივენ მეის ახალ წიგნზე („მოგვყიდე თოკი“) სათაურით - „რით იყო იოსებ ჯუღაშვილი დაკავებული ლონდონში ორთვენახევრიანი ყოფნის დროს“ (ავტორი - ალასდერ ლისი). როგორც მასალაშია აღნიშნული, წიგნში ბევრი რამ გამოგონილია, მაგრამ არის ნამდვილი ფაქტებიც.

გთავაზობთ მასალის შემოკლებულ ვერსიას:

„იყო დრო, როდესაც იოსებ ჯუღაშვილის სახელის მქონე ადამიანის ბიოგრაფიას (მას ლევ ტროცკი „საშუალო შესაძლებლობის“ მქონედ თვლიდა), სანამ იგი ხელისუფლებაში მოვიდოდა, ისტორიკოსები „ნაცრისფერ ზონად“ მიიჩნევდნენ. სხვადასხვა არქივის გახსნამ სიტუაცია შეცვალა. 2007 წელს გამოცემულ საიმონ მონტეფიორეს წიგნში „ახალგაზრდა სტალინი“ ნაჩვენებია მომავალი დიქტატორის, როგორც ინტელექტუალური ჩხუბისთავ-წამქეზებლის, პოლიტიკური აგიტატორის, განათლებული განგსტერის, დამწყები მღვდლისა და პოტენციური პოეტის სახე. მკვლევარ რობერტ სერვისის მიერ 2004 წელს გამოცემული ბიოგრაფიის თანახმად, იოსებ სტალინი არასოდეს ლაპარაკობდა ლონდონში ყოფნაზე, სადაც იგი ორ თვე-ნახევრის განმავლობაში ცხოვრობდა - 1907 წლის მაისიდან ივნისის ჩათვლით, რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის მე-5 ყრილობის დროს (ეს ფორუმი 1905 წლის წარუმატებელი რევოლუციის შემდეგ ჩატარდა). სწორედ ამ ერთგვარი „ფსიქოლოგიური სიცარიელის“ ამოვსების მიზნით, მწერალმა სტივენ მეიმ დაწერა თავისი რომანი სათაურით - „მოგვყიდე თოკი“, რომლის სახელწოდება აღებულია ბოლშევიკ ვლადიმერ ლენინის ციტატიდან: „კაპიტალისტები თვითონ მოგვყიდიან იმ თოკს, რომლითაც ჩვენ მათ ჩამოვახრჩობთ“.

სტივენ მეის რომანში ბევრი რამ გამოგონილია, თუმცა გარკვეულ რეალურ ფაქტებსაც შეიცავს. ნაწარმოების მიხედვით, 29 წლის იოსებ ჯუღაშვილი დიდ ბრიტანეთში (ესექსის საგრაფოს ჰარვიჩის ნავსადგურში), ლონდონში, 1907 წლის 10 მაისს ჩადის. ამ დროისთვის იგი, თავის მშობლიურ ქვეყანაში განხორციელებული ტერორისა და ბანდიტიზმის შედეგად, უკვე ცნობილ ქართველ ბოლშევიკს წარმოადგენს, თუმცა ზოგიერთი თანაპარტიელი ჯუღაშვილს პარტიიდან გარიცხვით ემუქრება, დანაშაულებრივი „იძულებითი და სისხლიანი ექსპროპრიაციის“ გამო. სულ მალე იგი იმ შეთქმულების მძევალი ხდება, რომელიც ვლადიმერ ლენინსა და რუსეთის საიდუმლო პოლიციას შორის მიმდინარეობდა. წიგნის მიხედვით, იოსებ ჯუღაშვილს მუდამ თან სდევდა მძიმე ბავშვობის დაღი, რომელიც ლოთი მამის გამო იყო გამოწვეული... თუმცა ავტორი მამა-შვილის ურთიერთდამოკიდებულების გადმოცემისას ბევრ საკითხში აჭარბებს.

დიდ ბრიტანეთში ჩასვლის წინ იოსებ ჯუღაშვილს უკვე ჰქონდა მეორე სახელი - „კობა“, რომელიც, სავარაუდოდ, მის მიერვე გამოგონილ „გმირ-ყაჩაღსაც“ ერქვა. სამშობლოში მან ახალგაზრდა ცოლი და სამი თვის ბავშვი დატოვა, ჯიბეში კი მხოლოდ სამიოდე გროში ეგდო. იგი იძულებული იყო ლონდონში, იმ უბანში - სტეპნში - ეცხოვრა, რომელსაც ჯეკ ლონდონი „საშინელ საცხოვრებელს“ უწოდებდა. ეს იმ დროს, როცა თვითონ ვლადიმერ ლენინი და ლევ ტროცკი ლონდონის ისტორიულ ელიტურ კვარტალში - ბლუმსბერში მდებარე მშვენიერ ბინაში ცხოვრობდნენ.

იოსებ სტალინი კარგად იცნობს კასპიისა და შავი ზღვების სანავსადგურო და სანავთობო ცენტრებს - ბაქოს და ბათუმს, ლონდონი მას უცხო ქალაქად მიაჩნია, „შიშისმომგვრელადაც“ კი, რომელიც თავის მაცხოვრებლების სიცოცხლეს განურჩევლად მსხვერპლად იწირავს, - ასე გადმოსცემს წიგნის ავტორი. სხვათა შორის, თვითონ კობა, სიმდიდრის მოყვარული პარტიული ემიგრანტებისაგან განსხვავებით (როგორიცაა ლენინი და ტროცკი), ამაყობს თავისი ღარიბულ-პროლეტარული წარმოშობით, მუშებთან სიახლოვით. ლონდონში ყოფნისას იგი უმეგობრდება პატარა ლონდონელ ბიჭს, რომელსაც მამა მკაცრად ეპყრობა (ესეც სტალინის ბიოგრაფიის ერთგვარი გამოძახილია).

სტივენ მეის ყრილობის მიმდინარეობის დროს იოსებ ჯუღაშვილის ლონდონურ ცხოვრებაში ერთგვარი რომანტიკული სცენები შემოაქვს - სიმპათიები ყრილობის დელეგატი ფინელი ქალიშვილის - ელი ვუოკოს მიმართ, რომელიც ტურკუს ერთ-ერთ ფაბრიკაში მუშაობდა. სხვათა შორის, ელი ვუოკო ისტორიულ ფიგურას წარმოადგენს, იგი ნამდვილად იყო ბოლშევიკური პარტიის წევრი, მონაწილეობდა რევოლუციურ მოძრაობაში, იყო ფინური წითელი გვარდიის მებრძოლი და 1918 წელს დახვრიტეს.

275150269-1952793121594914-5018442179905875171-n-1646823219.jpg

წიგნის კითხვისას ჩვენ ვეცნობით, თუ როგორ გეგმავს კობა ვლადიმერ ლენინთან ერთად ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან ძარცვას, რომელსაც იგი სამშობლოში, საქართველოში დაბრუნებისას განახორციელებს - როცა თბილისში მდებარე რუსეთის იმპერიის სახელმწიფო ბანკის კუთვნილი ფული დილიჟანსით გადაჰქონდათ, ჯუღაშვილი და მისი თანამონაწილეები მას თავს დაესხმებიან და ფულს გაიტაცებენ. ავტორი [ტერორის] ისეთ „სისხლისგამყინავ“ სცენებს ხატავს, რომელიც ძალიან ჰგავს ვლადიმერ პუტინის მიერ სისასტიკით ჩადენილ დღევანდელ დანაშაულებებს.

ამასთან, სტივენ მეი აშკარად აჭარბებს იმ სცენის გადმოცემაში, როცა კობა ელის ვუოკოს თავისი ბანდიტობის ამბებს უყვება - თუ როგორ მოკლა ახალგაზრდა თანამონაწილე და როგორი სისასტიკით გაუსწორდა მის ოჯახს.

მოკლედ, სტივენ მეის რომანში იოსებ ჯუღაშვილის რამდენიმეკვირიანი ლონდონური ცხოვრება (მისი ბიოგრაფიის „ნაცრისფერი“ პერიოდი) ძალიან წინააღმდეგობრივი ფაქტებითა და მოვლენებითაა სავსე. მისი სტალინი იდეალისტიც არის და მკვლელიც - ერთდროულად. მის ლონდონურ ცხოვრებაში წარსულის გარკვეული გამოძახილიც ჩანს და მომავალი საქმიანობის კვინტესენციაც. ალბათ, ეს წიგნი ავტორის ერთგვარ ექსპერიმენტად უნდა ჩავთვალოთ. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ