უკრაინელებს იტალიური ჯავშანმანქანების აფეთქებაც უწევთ... რადგან მათ რუსი სპეცრაზმელები მართავენ! - კვირის პალიტრა

უკრაინელებს იტალიური ჯავშანმანქანების აფეთქებაც უწევთ... რადგან მათ რუსი სპეცრაზმელები მართავენ!

ხომ საინტერესო სიტუაციაა, როდესაც უკრაინელი მებრძოლები ნატოს ქვეყნებიდან მიწოდებული ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებით... ნატოს ქვეყნების შეიარაღებაშივე არსებულ ჯავშანმანქანებს აფეთქებენ?!

არა, უკრაინელ ჯარისკაცებსა თუ „ლესნიკებს“ (უკრაინელ პარტიზანებს) არაფერი ეშლებათ, რადგან ნატოს წევრი იტალიის ცნობილი საავტომობილო კომპანიის - „ივეკოს“ მიერ დამზადებული ჯავშანმანქანებით - Iveco LMV-ით უკრაინის ტერიტორიაზე რუსული სპეცდანიშნულების სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფებიც შეიჭრნენ.

როგორ აღმოჩნდა ნატოს წევრი იტალიის, დიდი ბრიტანეთის, ბელგიის, ესპანეთის, ნორვეგიის, ჩეხეთისა თუ სლოვაკეთის არმიების შეიარაღებაში არსებული შეჯავშნული „ივეკოები“ რუსული სპეცრაზმელების განკარგულებაში? ნუთუ რუსეთის გენშტაბის მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ ნატოს წევრი ქვეყნების არმიებს მოჰპარა რამდენიმე ასეული ასეთი ჯავშანმანქანა?

არაფერი ამის მაგვარი - 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, რითაც დასავლეთი დიდად „შეშფოთდა და აღშფოთდა“, ნატოს ერთ-ერთი წამყვანი ქვეყნის - იტალიის ცნობილმა საავტომობილი კომპანიამ - „ივეკომ“ რუსულ „კამაზთან“ ხელშეკრულება გააფორმა ჯავშნიანი „ივეკოების“ რუსეთში გამოსაცდელად გადასაცემად, შემდგომში მათი რუსეთში სერიული წარმოების დასაწყებად და რუსეთის არმიის შესაიარაღებლად...

ეჭვიც არ იბადება, რომ ამ გარიგებაში პუტინს მისი დიდი იტალიელი მეგობარი - იტალიის მაშინდელი პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი ეხმარებოდა.

2011 წლის ხელშეკრულების თანახმად, რუსეთში იტალიიდან გაგზავნილი ნაწილებით, საერთო ჯამში, 1 775 ჯავშნიანი „ივეკო“ უნდა აწყობილიყო, რომლებმაც რუსეთის არმიაში სხვა სახელწოდება - „რისი“ (ფოცხვერი) მიიღეს.

მოგვიანებით, ეს ხელშეკრულება გაუქმდა, თუმცა რუსეთის არმიამ შეიარაღებაში არანაკლებ 358 ერთეული შეჯავშნული „რისის“ მიღება მოასწრო, რომლებსაც აქტიურად იყენებს სხვადასხვა ომში, ჯერ სირიაში, ეხლა კი - უკრაინაში...

საგულისხმოა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრილ რუსულ „ივეკო-ფოცხვერებს“, იტალიური დეტალების გარდა, ამერიკული დიზელის ძრავა, გერმანული სიჩქარეთა კოლოფი, ჰოლანდიური კერამიკული ჯავშანი უყენიათ, ანუ თითქმის მთელი ნატოა წარმოდგენილი რუსული სამხედრო აგრესიის ამ კონკრეტულ ჯავშანმანქანაში...

კიდევ კარგი, იტალიამ ბორბლებიანი ტანკების - „ჩენტაუროს“ მიყიდვაც ვერ მოასწრო პუტინის არმიისთვის (ორი ასეთი ტანკი უკვე ჩაყვანილი იყო და იცდებოდა რუსეთის სამხედრო პოლიგონზე), თორემ მერე გენახათ...

2-1646826128.jpg
კიდევ ერთი აფეთქებულ-დამწვარი რუსულ-იტალიური „რის-ივეკო“

შეჯავშნული „რისი“ რუს სპეცრაზმელებს უფრო მოსწონთ, ვიდრე საკუთარი „ტიგრი-მ“ (თუნდაც სალონის კომფორტის გამო) და ამიტომაც გარუსებული იტალიური ჯავშანმანქანით, ძირითადად, რუსეთის არმიის ელიტური დანაყოფების სპეცრაზმელები გადაადგილდებიან, მაგრამ მათ ვერც ნატოს სტანდარტის კერამიკულმა ჯავშანმა უშველა - 9 მარტის მონაცემებით, უკრაინელებს უკვე 6 ერთეული იტალიურ-რუსული „ივეკო-რისი“ ჰყავდათ აფეთქებული და, როგორც ეტყობა, ეს ციფრი კიდევ გაიზრდება...

09032022-1543-1646826254.50_REC.png
ეს ჯერ იტალიური, შემდეგ კი - რუსული ჯავშანმანქანა უკვე უკრაინული ნაალაფარი გახდა...

პ.ს. შორს რომ არ წავიდე, პარალელს გავატარებ აგვისტოს ომთან.

2006 წლის აგვისტოში რუსეთი საქართველოში „ტიგრის“ ტიპის ჯავშანმანქანებითაც შემოიჭრა, რაც მათი საბრძოლო ნათლობა გახლდათ და ამ რუსულ ჯავშანმანქანებს... ამერიკული „კამინზის“ დიზელის ძრავები ეყენა...

მანამდე კი, 2007 წელს, აგვისტოს ომამდე ზუსტად ერთი წლით ადრე, საქართველოს საჰერო სივრცეში შემოჭრილმა რუსულმა ბომბდამშენმა „სუ-24მ“-მა „ჰაერი-რადიოლოკატორის“ კლასის „ხა-58უ“ ტიპის მართვადი რაკეტა ესროლა თბილისი-გორის საავტომობილო ტრასასთან, შავშვების მთაზე მდგარ ქართულ რადიოლოკატორს.

ჩვენმა სამხედრო სპეციალისტებმა რადიოლოკატორის ეკრანზე დროულად აღმოაჩინეს მათკენ გაშვებული რაკეტა და მოასწრეს რადიოლოკაციური სადგურის გამორთვა, რის გამოც რუსულმა რაკეტამ (რომელიც მანამდე ქართული რადიოლოკატორის მიერ გამოსხივებულ რადიოტალღებს მიჰყვებოდა) დაკარგა სამიზნე და სოფელ წითელუბანთან ჩამოვარდა...

რუსული რაკეტის ჩამოვარდნის ადგილზე (აუფეთქებელი რაკეტის ნარჩენების გატანის შემდეგ) „ქექვის“ დროს აღმოავაჩინე რაკეტის ერთ-ერთი ელექტრონული დეტალის ფრაგმენტი, რომელზეც... შვეიცარიული ფირმის დასახელება ეწერა!

ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში დამზადებულ ამ რაკეტას თავიდანვე ვერ და არ დაუყენებდნენ შვეიცარიულ ელექტრონულ ხელსაწყოს, ის ეტყობა უკვე რუსეთის პერიოდში, რაკეტის მოდერნიზაციის დროს დაუმატეს...

ამით იმის თქმა მინდა, რომ დღეს, როდესაც რუსეთი ასე ბომბავს და უტევს უკრაინას, რუსული მართვადი რაკეტების დეტალებში ძალიან ბევრი დასავლური წარმოების, მათ შორის - ნატოს წევრი ქვეყნების, დეტალებიც შეიძლება მოიძებნოს, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ სამასზე მეტ იტალიურ „ივეკოს“ ჯავშანმანქანაზე, რომლებსაც „რისის“ სახელწოდებით რუსი სპეცრაზმელები ჯერ კიდევ გამოიყენებენ უკრაინის წინააღმდეგ...