"პინგ-პონგი" "მიგ-29"-ებით - ანუ რუსეთის შიშით არ იციან, ნატოს რომელმა ქვეყანამ გადასცეს ეს გამანადგურებლები უკრაინას...
უკრაინის მიერ სხვა ქვეყნების სამხედრო აეროდრომების გამოყენება არასასურველია და პოტენციურად საშიშ სცენარს აამოქმედებს - რუსეთის ეს ოფიციალური და არაორაზროვანი გამაფრთხილებელი განცხადება გახდა ბოლო იმ ორდღიანი „პინგ-პონგისა“, რაც აშშ-მა და პოლონეთმა ერთმანეთში გამართეს პოლონური „მიგ-29“-ების უკრაინისთვის ჩუქებასთან დაკავშირებით.
მე ჩემი ბლოგის გუშინდელ, 8 მარტის სტატიაში "პოლონელების გამანადგურებლები უკრაინელებს, ამერიკელების პოლონელებს - რა გამოვა?" - ვწერდი იმ კულუარულ პოლიტიკურ პერიპეტიებზე, რაც პოლონური გამანადგურებლების უკრაინისთვის გადაცემას ეხებოდა და ამიტომაც აღარ განვმეორდები.
მთავარია, პოლონეთსა და აშშ-ს შორის მიღწეული იქნა შეთანხმება, რომ „მიგ-29“-ების უკრაინელებისთვის გადაცემის კომპენსირებისთვის პოლონეთი დამატებით მიიღებდა ამერიკულ „ფ-16“-ებს, მაგრამ ახალი და, როგორც ჩანს, უდიდესი პრობლემა იმით წარმოიშვა, თუ ტექნიკურად როგორ უნდა განხორცილდეს გამანადგურებელი თვითმფრინავების უკრაინისთვის მიწოდება.
მკითხველი იფიქრებს, - თქვენ ხომ კარგად ხართ, რაშია პრობლემა, პოლონეთი ხომ უკრაინას ესაზღვრება და რა პრობლემაა, პოლონეთიდან აფრენილ „მიგებს“ დასავლეთ უკრაინის აეროდრომებზე გადასაფრენად ხომ ნახევარი საათიც არ სჭირდებაო... და არ იქნება მართალი!
სწორედ ის ფორმები და გზები, თუ როგორ გადასცემს ჯერ პოლონეთი და შემდეგ, შეიძლება, ბულგარეთი და სლოვაკეთი თავის საბჭოთადროინდელ საბრძოლო თვითმფრინავებს უკრაინას, არის დღეს ნატოს წევრი ქვეყნების ერთ-ერთი მთავარი თავსატეხი, ზემოთ, სტატიის დასაწყისში მოყვანილი რუსეთის ოფიციალური დამუქრებიდან გამომდინარე...
პოლონეთს არ უნდა გარისკოს, რომ რუსეთმა ის სამიზნედ ამოიღოს უშუალოდ პოლონური აეროდრომებიდან „მიგების“ უკრაინაში გადაფრენის გამო და ვარშავას პოლონეთის ტერიტორიიდან რუსეთის არმიასთან შებრძოლება დააბრალოს, თუმცა სპეციალისტებისთვის ნათელია, რომ პოლონეთიდან უკრაინაში გადაბაზირებისას ეს „მიგები“ საბრძოლო ამოცანების შესრულებისთვის მზად არ იქნებიან და ისინი ჯერ დასავლეთ უკრაინის აეროდრომებზე უნდა განთავსდნენ და იქ მათი შესაბამისი ლოჯისტიკური უზრუნველყოფა უნდა მოხდეს.
ამ დიდად მოსალოდნელი რუსული საფრთხისგან თავის ასაცილებლად, პოლონელებმა ერთი ეშმაკური გამოსავალი ნახეს - უკრაინისთვის განკუთვნილ ჩვენს „მიგებს“ დაშლილ მდგომარეობაში ჩავიტანთ გერმანიაში, რამშტეინის ნატოს უმთავრეს საჰაერო ბაზაზე და ამერიკელებმა კეთილი ინებეთ და თავად მოაგვარონ იქიდან მათი უკრაინაში გადატანის ტექნიკური თუ პოლიტიკური პრობლემებიო...
პოლონელებს თავიანთი შეთავაზება-გამოსავალი ბოლომდე არ ჰქონდათ წარმოთქმული, როდესაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა პასუხი გასცა ოფიციალურ ვარშავას - თქვენი ვარიანტი ჩვენთვის მიუღებელიაო...
ყველაფერი ამის შემყურე, უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ კი ვეღარ მოითმინა და ომში მყოფი ადამიანის პირდაპირობით ნატოს მიმართა - რა „პინგ-პონგი“ გამართეთ ამ თვითმფრინავების გადმოცემა-არგადმოცემით, დღეს უკრაინა გამუდმებით იბომბება და ცის დაცვა ეხლავე გვჭირდება, სასწრაფოდ გადაწყვიტეთ და გამოგვიგზავნეთ ეგ „მიგებიო“...
დავაკვირდეთ, უახლოეს დღეებში როგორ გადაწყდება პოლონური „მიგების“ ეს ეპოპეა, იმედია, ნატო თავს დამატებით არ შეირცხვენს თავისი მუდმივი გაუბედაობით, როდესაც საქართველოსა და უკრაინისთვის შეუსრულებელი შეპირებებით საქმე აქამდე მოიყვანა...
პ.ს. ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, თავის მხრივ გააფრთხილა რუსეთი, რომ უკრაინის დასახმარებლად ამოქმედებულ სატრანსპორტო არხებზე თავდასხმა აღიქმება, როგორც მთლიანად ნატოზე თავდასხმად და ამოქმედდება ალიანსის მე-5 პუნქტი...