მიხეილ სააკაშვილი ევროკომისიას და ევროპელ ლიდერებს ღია წერილით მიმართავს - კვირის პალიტრა

მიხეილ სააკაშვილი ევროკომისიას და ევროპელ ლიდერებს ღია წერილით მიმართავს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ევროკომისიას და ევროპელ ლიდერებს ღია წერილით მიმართავს.

მიხეილ სააკაშვილი წერილში, რომელიც მის სოციალურ ქსელ Facebook-ზე ვრცელდება, მოუწოდებს ევროპელ ლიდერებსა და ევროკომისიას, საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, მიანიჭონ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.

წერილში სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებასაც აკრიტიკებს და აცხადებს, რომ "საქართველოს მთავრობა ძალიან შორს არის დემოკრატიული სტანდარტებისგან", თუმცა "ხალხს ნამდვილად აქვს ევროპული იდენტობა".

"მე ვარ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელმაც დაიცვა თავისი ქვეყანა რუსეთის თავდასხმის დროს, 2008 წელს. მე გწერთ საქართველოს ციხის საკნიდან, სადაც, როგორც უკრაინის მოქალაქე და პრეზიდენტ ზელენსკის უფროსი მრჩეველი, ვიმყოფები ბრალდებით, რომელსაც Amnesty International-ი „აშკარა პოლიტიკურ შურისძიებას“ უწოდებს. უკრაინის მთავრობამ მრავალჯერ მოითხოვა ჩემი დაბრუნება უკრაინაში.

როგორც მოგეხსენებათ, საქართველომ, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, განაცხადი გააკეთა ევროკავშირში გაწევრიანებაზე. საქართველოს მთავრობა ძალიან შორს არის დემოკრატიული სტანდარტებისგან. მან ასევე, უარი თქვა სოლიდარობა გამოეხატა თავისუფლებისთვის მებრძოლი უკრაინელი ხალხის მიმართ. ჩვენს ხალხს კი ნამდვილად აქვს ევროპული იდენტობა.

და მაინც, საქართველოს მთავრობა არ არის ქართველი ხალხი. თაობების და საუკუნეების განმავლობაშიც კი, ჩვენ ვისწრაფოდით დავბრუნებულიყავით ჩვენს ევროპულ ოჯახში. ჩვენ გვყავს ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება და საქართველოს მოქალაქეების 80% მხარს უჭერს ევროკავშირში ინტეგრაციას.

მოგიწოდებთ, იხელმძღვანელოთ ჩემი ქართველი ხალხის ხმით, რომელიც ხმამაღლა ისმის მრავალი ათასი ადამიანის მიერ ჩვენს ქუჩებში და საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, მიანიჭოთ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი", - წერს ღია წერილში სააკაშვილი.

"ინტერპრესნიუსი"