"გეტყვით, რაზეც გაგვინაწყენდა დავით არახამია, თორემ უკრაინაში ქართველებს გვაქებს და გვიცავს"
"ამ წუთას დავით არახამიას ოჯახი უკრაინაშია და ზუსტად მაგისთვის დავურეკე, ვურჩიე, ოჯახი უსაფრთხო ადგილას გადაეყვანა, რადგან ყველა ბავშვი მცირეწლოვანია და პატარა ტყუპი ჯერ მხოლოდ ორი წლისაა. ვუთხარი, პროცესები ისე მიდის, ერთდროულად ქვეყნის გადარჩენაზეც უნდა იფიქრო და ოჯახზეც, იქნებ, ბავშვები გაარიდო-მეთქი, მაგრამ არაო, პრინციპულად იქ ჰყავს ოჯახი..." - ამბობს კობა ნაყოფია და მის ახლო მეგობარზე - დავით არახამიაზე გვესაუბრა...
- ბატონო კობა, ეთანხმებით ირაკლი კობახიძეს, დავით არახამია მიხეილ სააკაშვილის "დაფრთიანებულიაო"?
- მხოლოდ იმას გეტყვით, რომ "ქოცური" პროპაგანდა ეგრე მუშაობს!
- დავით არახამია აფხაზეთის ომის დროს 12 წლის იყო და ამბობს, მაშინ რუსებს ვერ შევებრძოლებოდიო, მაგრამ მოზრდილ ასაკში, 2008 წელს სად იმყოფებოდა რუსეთ-საქართველოს ომის დროს?
- მაშინაც ახალგაზრდა იყო - 27-28 წლის და 2008 წელს ვინაიდან ცნობილი ადამიანი არ იყო, ჩვენ ვერ გავიგებდით, სად იმყოფებოდა... სულით და გულით ქართველია და ყოველთვის საქართველოს გვერდით იდგა! 2008 წელს უკრაინელები აქ საომრად არ ჩამოსულან, ომი სულ 5 დღე იყო... ძალიან დიდი ხანია უკრაინაში ცხოვრობს და 2014 წელს ნამდვილად უკრაინის შეიარაღებულ ძალებში იყო.
- თქვენი მეგობრობა რომელი წლიდან დაიწყო?
- 2014 წელს უკრაინაში გავიცანი... ყოველთვის სწორი პოზიცია ჰქონდა. პოროშენკოს და შემდეგ იანუკოვიჩის ხელისუფლების ოპოზიციაში იყო, ძალიან აქტიური იყო მაიდანის დროს... განსაკუთრებული ნიჭის და შესაძლებლობების ადამიანია.
- აფხაზეთზე გისაუბრიათ ?
- რა თქმა უნდა, ძალიან ხშირად გვისაუბრია! 12 წლამდე აფხაზეთში იყო და აფხაზეთი ძალიან კარგად ახსოვს, შემდეგ, ერთი წელი თბილისში ცხოვრობდნენ და მერე უკვე, უკრაინაში წავიდნენ...
აფხაზეთზე საუბრის დროს, ძალიან თბილად იხსენებს მის ბაბუას, კარგად ახსოვს თავისი სახლ-კარი, წამოსვლის მომენტი... გაგრაში ცხოვრობდნენ და ომის დროს გაგრა რომ აიღეს, სოხუმში წავიდნენ, სოხუმზე შეტევის დროს კი კოდორის გავლით გადმოვიდნენ თბილისში. ურთულესი გზა გამოიარა და ამიტომაც ესმის კარგად ომი რა საშინელებაა... ძალიან ცნობილი ბლოგერიც იყო და საზოგადოებრივ აზრს ქმნიდა.
- განსხვავებული სტილით დემნა გვასალიას მიამსგავსეს, მოლაპარაკებაზე კეპით რომ მივიდა...
- სულ ასეა, მე დათო კოსტიუმსა და ჰალსტუხში არასოდეს მინახავს. ამიტომაც არც გამკვირვებია კეპით რომ დავინახე... ძალიან თავისუფალია და პარლამენტშიც ძალიან იშვიათად ატარებს პიჯაკს.
მის უკრაინელ მეუღლეს კარგად ვიცნობ, რომელიც საქართველოზე გიჟდება და ამაყობს, რომ მისი შვილები ქართველები არიან... სამწუხაროდ, ბავშვებმა ქართული არ იციან, მაგრამ დათო სულ ამბობდა, ბავშვებს ქართულის მასწავლებელი უნდა ავუყვანო, კარგი სპეციალისტი მაპოვნინეო... ამ წუთას, მისი ოჯახი უკრაინაშია და ზუსტად მაგისთვის დავურეკე, ვურჩიე ოჯახი უსაფრთხო ადგილას გაეყვანა, რადგან ბავშვები მცირეწლოვანები არიან და პატარა ტყუპი ჯერ მხოლოდ ორი წლისაა. ვუთხარი, პროცესები ისე მიდის, ერთდროულად ქვეყნის გადარჩენაზეც უნდა იფიქრო და ოჯახზეც, იქნებ ბავშვები გაარიდო-მეთქი, მაგრამ არაო, პრინციპულად იქ ჰყავს ოჯახი...
ულამაზესი ბავშვები ჰყავს, ერთს გუშინ დაბადების დღე ჰქონდა, დათოს მეუღლეს მივულოცე... 6 წლის გახდა ბავშვი და ვერანაირად ვერ აღნიშნეს, ახლა მაგის თავი არ ჰქონდათ.
- მან თვითონაც არ იცის ქართული და სურს ბავშვებს ასწავლოს?
- კი, ბატონო, ქართული კარგად არ იცის, თუმცა ყველაფერი ესმის... ძალიან კარგად რომ არ იცის, ერიდება და იმიტომ ვერ საუბრობს ქართულად. ასევე კარგად ესმის მეგრული... ბრწყინვალედ იცის უკრაინული, რუსული, ინგლისური, სხვა ენებიც... როგორც კი გაიცნობ, რომ არ იცოდე სახელი და გვარი და ქართველი რომაა, ისედაც მაშინვე მიხვდები, რომ თხემით ტერფამდე ქართველია! გარეგნობიდან დაწყებული, მისი შინაგანი სამყაროთი დამთავრებული იმდენად ტიპური ქართველია, ალბათ სახეზეც ატყობთ.
- რაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო, გქონდათ დავით არახამიასთან ხშირი კონტაქტი?
- ისეთი ინტენსივობით აღარ, როგორც ადრე, რადგან ახლა ყველა ვხვდებით, რამდენად დაძაბული სიტუაციაა, ვიცი, რა დღეშიც არის. დელეგაციას მეთაურობს, მოლაპარაკებებს აწარმოებს, ადამიანი მთლიანად ჩართულია ამ პროცესებში, ომშია... ამიტომაც, მაქსიმალურად ვცდილობ, კომუნიკაცია შევზღუდო, თუ განსაკუთრებული რამ არ ხდება. მხოლოდ იმ საკითხებზე ვუკავშირდები, რაც შეიძლება ახლა მათ იქ გამოადგეთ.
დავითი ძალიან ოპტიმისტური განწყობით არის. მე მას კარგად ვიცნობ, ის არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის ფრთხილი ოპტიმიზმით გამოირჩევა. რეალისტია და ანალიტიკა საუკეთესოდ შეუძლია. ვინაიდან სწორად აფასებს მოვლენებს, მას ალბათ აქვს კიდეც ამ ოპტიმიზმის საფუძველი.
- საქართველოში, საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაახვია, როდესაც არახამიამ თქვა, მე დღეს ქართველობის მრცხვენიაო...
- მეც მოვისმინე ეგ ნათქვამი და სრულიად სხვა კონტექსტში თქვა... როდესაც ჩვენმა ხელისუფლებამ ახსენა, ელჩი ბელარუსიდან არ გაუწვევიათ და საქართველოდან გაიწვიესო, უკაცრავად და უკრაინელებს ბელარუსში არასოდეს უბრძოლიათ, აფხაზეთის ომში კი იბრძოდნენ. კადრებს მოგაწვდით უკრაინელ, ლეგენდარულ ადამიანზე - ლიონია ობუხზე, რომელსაც 19 წლის შვილი - სერგეი ობუხი თვალწინ მოუკლეს და აფხაზეთში დაასაფლავა... ბევრი უკრაინელი შეეწირა ამ ომს.
2008 წელს, საქართველომ რუსული აგრესიის შეჩერება თუ შეძლო, ვინ მოგვაწოდა იარაღი, სანამ საერთაშორისო მხარდაჭერა გვექნებოდა? - უკრაინამ!
როდესაც აფხაზეთიდან კოდორის გავლით მოდიოდნენ აფხაზეთში მცხოვრები ქართველები, უკრაინამ ამ ადამიანების ევაკუაციისთვის რამდენიმე ვერტმფრენი და თვითმფრინავი გამოგზავნა. რამდენი ათასი სიცოცხლე გადაარჩინა?! 2008 წელს უკრაინის პრეზიდენტი თბილისში სიცოცხლის რისკის ფასად ჩამოვიდა და რუსთაველის პროსპექტზე ქართველ ხალხთან ერთად იდგა! ეს ყველაფერი როგორ უნდა დაგვავიწყდეს!
ამიტომაც არიან განაწყენებული, რომ მათ ახსოვთ თავიანთი თანადგომა. სხვა ქვეყნებისთვის არ გაუღიათ ამდენი, რაც საქართველოსთვის გააკეთეს და ელოდნენ, რომ საქართველოდანაც ასე უპასუხებდნენ...
"ედისონ რისერჩის" კვლევების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა ყველაზე მეგობრულ ქვეყნად უკრაინას მიიჩნევდა. ქართველი ხალხი ნამდვილად იდგა უკრაინის გვერდით და ამიტომაც სულ მადლობას უხდიან... ზელენსკიმ რამდენჯერ გამოდო საქართველოში ჩატარებული მხარდასაჭერი აქციების ფოტოები თავის გვერდზე სოციალურ ქსელში. მას ძალიან უყვარს საქართველო და ქართველები!
რუსეთმა, ემბარგოს მოგიხსნით და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ რძე და არაჟანი მოგვაწოდეთო, პირდაპირ იფრინეთო და სოფლის მეურნეობის მინისტრი ამბობს, ეს შესაძლებლობა არის საქართველოსთვისო... ამის მერე საერთოდ რაღაზე ვსაუბრობთ?!
აი, ბატონო, ეს თქვა დავით არახამიამ, უკრაინას ესა და ეს აქვს გაკეთებული და საქართველოდან მხარდაჭერას ველოდითო... ჩვენ ყოველთვის უკრაინასთან ერთად განვიხილებოდით ნატოს, ევროკავშირის გაწევრიანების საკითხში...
- ზელენსკის პირადად შეხვედრიხართ?
- დიახ, ერთხელ შევხვდი და საუკეთესო წარმოდგენა დატოვა... მის ირგვლივ ყველას ვიცნობ და საუკეთესო გუნდი ჰყავს, რაც კი ოდესმე მინახავს!
დღეს ბრიტანეთი, ევროპარლამენტი ფეხზე დგომით, ხანგრძლივი ოვაციებით ხვდება ზელენსკის, მსოფლიოს ლიდერები არ დარჩენილან, დღეში სამჯერ რომ არ ურეკავდნენ, ადამიანი მსოფლიო ლიდერი გახდა და თურმე, გორის საკრებულოს თავმჯდომარე მის საქციელს იწუნებს. ეს ადამიანი რომ დღეს კიდევ თანამდებობას ინარჩუნებს, ჩანს, რომ მთელი "ქართული ოცნებაც" მის აზრზეა... მათ რომ ეკითხებიან, ომი ვინ დაიწყოო, რუსეთს არაფრით არ ამბობენ. ასე როგორ შეიძლება გეშინოდეს რუსეთის ხსენების?! ჩემს ცხოვრებაში ასეთი პათოლოგიური შიში არ მინახავს, რაც მათ რუსეთის მიმართ აქვთ. მსოფლიოში აღარავის ეშინია რუსეთის ჟანგიანი რაკეტების და ტანკების!
- ბირთვული იარაღის გამოყენების?
- ისვრის ერთს და ათს მიიღებს! თუ მაგარი ხარ, არაფრის არ უნდა შეგეშინდეს! ეგრე სულ დაგვაშანტაჟებს და ბარემ მშვიდად, წყნარად ჩავბარდეთ! რუსეთს წინ და მოძმე ერს გვერდით უნდა დავუდგეთ! იმ ერს, რომელსაც უზარმაზარი დამსახურება აქვს ქართველების წინაშე!
რიჟვაძეს თუ ოდნავ სინდისი აწუხებს, გუშინვე უნდა გადამდგარიყო. უკრაინაში სწავლობდა და დღეს ასე მსჯელობს... უკრაინაში რცხვენიათ, ასეთი ადამიანი აქ როგორ სწავლობდაო?!
დავით არახამიას კი არა, მეც სირცხვილის გრძნობა მიჩნდება ამ მთავრობის გამო. მასში ტკივილმა ამოხეთქა, როგორც ქართველში! მე ზუსტად ვიცი, რომ იქ ახსნა-განმარტებები მოუხდა და იქ პირიქით საუბრობს, ქართველებს გვაქებს და გვიცავს. სულ ამბობს, ქართველები მაგარი ხალხი ვართო და ძალიან ამაყობს იმ ქართველებით, ვინც ახლა უკრაინაში არიან და იქ იბრძვიან, ასევე, აქაური ხალხის მხარდაჭერით.
(სპეციალურად საიტისთვის)