ბუნკერში დაბადებული 2 დღის გიორგი სურმანიძე კიევში მიწას მიაბარეს - სურმანიძეების ოჯახის უმძიმესი ისტორია
უკრაინაში მიმდინარე ომი და იქ არსებული ვითარება, ფაქტობრივად, ჩვენი ყოველდღიური საფიქრალი გახდა. სამწუხაროდ, მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა საკუთარი სახლ-კარი და სხვადასხვა ქვეყანაში ეძებს თავშესაფარს. მათი აბსოლუტური უმრავლესობა მოსაზღვრე პოლონეთში გადავიდა, ნაწილი - რუმინეთში, მოლდოვაში, სლოვაკეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში. გაეროს განცხადებით, დევნილთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და შესაძლოა, იძულებით გადაადგილებულ პირთა რიცხვმა 12 მილიონს მიაღწიოს. უკრაინაში 44 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს. ბევრი მათგანი ამ დრომდე თავს აფარებს სარდაფებს და მეტროს სადგურებს.
უმძიმესია იმ კადრების ხილვა, რაც მედიაში პერიოდულად ვრცელდება. ატირებული ბავშვების და მათი მშობლების ისტორიებმა მართლა შეძრა მთელი მსოფლიო.
აფხაზეთიდან დევნილი 27 წლის სალომე სამუშია ომის პირველი დღიდანვე ცდილობს, უკრაინიდან დევნილებს დაეხმაროს. მან და მისმა მეგობრებმა ამ დღეებში 15 ადამიანი შეიფარეს, რომლებიც საქართველოში ტურისტებად იყვნენ ჩამოსულები. უკრაინაში მყოფებისთვისაც სხვადასხვა სახის დახმარებას აგროვებენ და უგზავნიან.
სალომემ სოციალურ ქსელში უმძიმესი სტატუსი დადო უკრაინაში მცხოვრებ ქართველზე და მისი ოჯახის წევრებზე, რომლებსაც დღეს დახმარება სჭირდებათ. რადგან თავად არჩილ სურმანიძესთან დაკავშირება ვერ შევძელით, ეს მძიმე ამბავი თვითონ სალომემ გვიამბო.
სალომე სამუშია:
- ძალიან აქტიურად ვეხმარები უკრაინელებს სხვადასხვა გზით, მაგრამ ამჯერად უკრაინაში ჩარჩენილ ქართველზე, არჩილ სურმანიძეზე, მის მეუღლესა და შვილებზე გიამბობთ. ეს წყვილი წლებია, უკრაინაში ცხოვრობს.
არჩილი წლების წინ წავიდა საქართველოდან და იქ უკრაინელ გოგონაზე იქორწინა. ის ჩემი მეგობრის ბიძაშვილია. ჩემი მეგობარი ვერაფრით უკავშირდებოდა და სამი დღის წინ შევძელით მასთან კავშირზე გასვლა. არჩილმა უმძიმესი ამბავი გვიამბო. ფაქტობრივად, ეს ოჯახი უკრაინაში უკვე მეორედ იქცა დევნილად. 2014 წლამდე წყვილი შვილებთან ერთად დონეცკში ცხოვრობდა. ომის შემდეგ, დონეცკიდან კიევში საცხოვრებლად გადასვლა მოუხდათ და აგრესორი რუსეთის გამო, ახლა უკვე მეორედ იქცნენ დევნილებად.
არჩილი და ოლია მესამე შვილს ელოდებოდნენ, 33 კვირის იყო ოლია, როცა ომი დაიწყო უკრაინაში, კიევის დაბომბვის გამო, ოლიამ ძალიან დიდი სტრესი მიიღო და ნაადრევი მშობიარობის რისკის ასაცილებლად, ის სამშობიაროში გადაიყვანეს. ქმარი და ორი მცირეწლოვანი შვილიც მასთან ერთად იყვნენ. 1 მარტს სამშობიარო დაიბომბა, რის გამოც, მშობიარეების ჩაყვანა სასწრაფოდ მოუწიათ ბუნკერში, ორსულებისთვის სრულიად შეუთავსებელ გარემოში და ჭურვების ცვენის ქვეშ, ბუნკერში გააჩინა ბავშვი. ნაადრევი მშობიარობა იყო, ასე დაიბადა გიორგი სურმანიძე. როგორც ამბობენ, ბავშვს განუვითარდა სუნთქვის უკმარისობა და მხოლოდ 2 დღე იცოცხლა, რადგან იქ არასათანადო პირობები იყო და ბავშვს საჭირო დახმარება ვერ გაეწია. ვერ გადაარჩინეს, სამწუხაროდ, და 2 დღის გიორგი სურმანიძე ომს შეეწირა, ცაში გაფრინდა. დედას, ოლიას თრომბი განუვითარდა, ის ახლა სიკვდილს ებრძვის და ცდილობს, რომ მისი ორი მცირეწლოვანი ბიჭი არ დარჩეს დედის გარეშე. ახლა მათ ჩვენი დახმარება სჭირდებათ.
- ახლა სად არიან ისინი?
- ამწუთას, ლვოვში იმყოფებიან. ოლიას სასწრაფოდ სჭირდება ვარშავაში ან ახლოს მდებარე რომელიმე კლინიკაში გადაყვანა, რომ როგორმე მისი სიცოცხლე გადარჩეს და ეს ორი პატარაც არ დაობლდეს. უმძიმეს მდგომარეობაშია არჩილი, არ იცის, მეუღლეს როგორ დაეხმაროს, როგორ გაიყვანოს ის სამშვიდობოს და როგორ დაამშვიდოს თავისი შვილები. ჩვენ ამ დღეებში ათობით და ასობით უკრაინის მოქალაქეს დავეხმარეთ და ახლა კიდევ ქართველს, ორგზის დევნილ ადამიანს და მის ოჯახს ვჭირდებით. იქნებ, ყველამ გავუწოდოთ მათ დახმარების ხელი. ოლიას ჩაყვანა ლვოვში მოხერხდა, შედარებით უსაფრთხო ადგილას არიან ამჟამად და იმედი გვაქვს, რომ უკრაინაში საქართველოს საელჩო დაგვეხმარება. სტატუსი რომ დავდე ჩემს გვერდზე, ამის შემდეგ დამიკავშირდნენ კონსულის დავალებით. მივიღეთ მათგან დაპირება, რომ უახლოეს საათებში ვარშავაში გადაიყვანენ.
- არჩილი რას გეუბნებათ, საქართველოში ჩამოსვლას გეგმავენ?
- ძალიან უნდა არჩილს ცოლ-შვილთან ერთად საქართველოში ჩამოვიდეს. პირველ რიგში, მეუღლის ჯანმრთელობაზე ღელავს. როგორც კი მდგომარეობა დასტაბილურდება, ამის შემდეგ წამოვლენ საქართველოში. ამ ბიჭს ძალიან რთული ცხოვრება აქვს გამოვლილი, აჭარიდან არის, მაგრამ აქ, სამწუხაროდ, სახლ-კარი არ აქვს. 14 წლის და 8 წლის ბიჭები ჰყავს, სამწუხაროდ, ახალშობილი გიორგი ტყვიების ცვენის ქვეშ მამამ კიევში მიაბარა მიწას. ბავშვის საფლავი იქ არის. წარმოიდგინეთ, როგორი იქნება მისი სულიერი მდგომარეობა. ცოტა ხნის წინ ვესაუბრე არჩილს და მითხრა, ოლიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ახლა შედარებით უკეთესიაო, მაგრამ ფსიქოლოგიურად ძალიან ცუდად არის და ამიტომ არავის ეკონტაქტებაო. მათ დღეს ყველანაირი დახმარება სჭირდებათ. აქ რომ ჩამოვლენ, სახლი ხომ უნდათ? საკუთარი ჭერი არ აქვთ. 4 ადამიანის ბილეთი ხომ უნდა შეიძინონ, მერე აქაც ხომ უნდათ გვერდში დგომა. ამიტომ გავხსენით ანგარიში და ვისაც აქვს შესაძლებლობა, ვთხოვთ, დაეხმარონ ამ ოჯახს.
ლვოვიდან ვარშავაში ოლიას გადაყვანას საელჩო უზრუნველყოფს, როცა ექიმები ეტყვიან მათ, რომ მისთვის მგზავრობა უსაფრთხო იქნება, ამის შემდეგ ჩამოვლენ საქართველოში. პოლონეთმა 1 200 000 დევნილი შეიფარა და მეტი შესაძლებლობა არ აქვთ იქ, ჩვენ კი ჩვენს ქართველებს მაქსიმალურად უნდა დავუგდეთ გვერდით. ვისაც გამოცდილი აქვს ჩვენსავით, თუ რას ნიშნავს დევნილობა, რამხელა ტრაგედიაა, როცა საკუთარი სახლის დატოვება გიწევს და მერე, მუდმივად - საცხოვრებლის გამოცვლა, ის მიხვდება, რა სიმწარეა ეს ყველაფერი. ალბათ, ამიტომაც აღვიქვამ ასე მძაფრად უკრაინის ომს და მე და ჩემი მეგობრები, ოჯახის წევრები მაქსიმალურად ვცდილობთ, დავეხმაროთ ამ ადამიანებს.
ომი რომ დაიწყო და ფრენები შეწყდა, მას შემდეგ 15 ადამიანს დავეხმარეთ. ამჟამად დედაჩემთან არიან ბინაში 14 წლის გოგონა და მისი 40 წლის დედა, ისინი საქართველოში ომის შემდეგ გაერომ ჩამოიყვანა და ჩვენმა ოჯახმა შეიფარა. ჩემი მეგობრების ბინებშიც არიან აქ ჩარჩენილი უკრაინელები. პირადად ჩემთან იყო კიევიდან ცოლ-ქმარი, რომელიც ტურისტულად ჩამოვიდა საქართველოში და აქ ჩარჩა. 4 წლის ბავშვი კიევში დედასთან ჰყავდათ დატოვებული. ძალიან განიცდიდნენ, მაქსიმალურად დავეხმარეთ თანხის მობილიზებაში, რომ თბილისიდან ვარშავაში გაფრენილიყვნენ და ვარშავის გავლით, კიევში ჩავიდნენ. 5 დღე იყვნენ გზაში. პროდუქტებით, სხვადასხვა ჰიგიენური საშუალებით ვეხმარებით ამჟამად 15 ადამიანს. ამაში ხალხი გვეხმარება. 13 ადამიანია აქ ჩარჩენილი, რომლებთანაც ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს. იმედია, არჩილ სურმანიძის ოჯახსაც დავეხმარებით გულისხმიერი ადამიანების გვერდში დგომით.
დანიშნულება #არჩილსურმანიძისოჯახს
თბს ბანკი - მიმღები სალომე სამუშია #GE85TB7643945063300001
საქართველოს ბანკი - მიმღები სალომე სამუშია #GE48BG0000000927240600
ლიბერთი ბანკი: მიმღები სალომე სამუშია #GE38LB0711133300927000
პლუს ქულები : 62009003366
ფეიფალი : salosalosamushia@gmail.com
საერთაშორისო გზავნილები Salome Samushia
(სპეციალურად საიტისთვის)