"უკრაინა, მოლდოვა და საქართველო: ეთანხმებით თუ არა მათ სწრაფვას ევროკავშირში ინტეგრირების მიზნით?" - რას პასუხობენ ფრანგები - კვირის პალიტრა

"უკრაინა, მოლდოვა და საქართველო: ეთანხმებით თუ არა მათ სწრაფვას ევროკავშირში ინტეგრირების მიზნით?" - რას პასუხობენ ფრანგები

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნებამდე (10 აპრილამდე) ერთი თვით ადრე, გუშინ, 9 მარტს გაზეთმა „ლე ფიგარომ“ (Le Figaro), იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ ევროპის საბჭოში განაცხადი შეიტანეს ევროკავშირში „დაჩქარებული მიღების“ თაობაზე, თავის მკითხველებში გამოკითხვის ჩატარება გადაწყვიტა და მათ ერთი კითხვა დაუსვა: „უკრაინა, მოლდოვა და საქართველო: ეთანხმებით თუ არა მათ სწრაფვას ევროკავშირში ინტეგრირების მიზნით?“.

10 მარტის დილის 10 საათის მდგომარეობით, გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 141 262 ადამიანმა. პასუხები ასე განაწილდა: „დიახ“ - 35,58%; „არა“ - 64,42%. გამოკითხვის პროცესი გრძელდება.

pig-1646893167.png
10 მარტის დილის 10 საათის მონაცემები

პასუხებს თან ერთვის გამოკითხვის მონაწილეთა კომენტარებიც.

გთავაზობთ მათგან რამდენიმეს:

„სამივე ქვეყანა კორუმპირებულია. ჩვენ არ გვინდა ისინი ევროკავშირში ვიხილოთ“.

„არა, ამ ქვეყნების არსებობა ისევ დიდ რუსეთთან არის მიზანშეწონილი“;

„ამ ქვეყნების მიღებას ევროკავშირში აზრი არ აქვს. ისინი ჩვენთან იმიტომ მოდიან, რომ პუტინს გაურბიან, ჩვენ კი რუსეთს ელემენტარულ წინააღმდეგობას ვერ ვუწევთ“;

„უკრაინამ ბუფერული სახელმწიფოს როლი უნდა შეასრულოს, ის ერთგვარი შლუზი უნდა იყოს ევროკავშირსა და რუსეთს შორის“;

„უკრაინას 30 წელი მაინც დასჭირდება, რომ აზრზე მოვიდეს“;

„უკრაინის მიღება კი არა, დროა, საფრანგეთი გავიდეს ევროკავშირიდან“;

„დიახ“, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მესამე მსოფლიო ომი არ დაიწყება“;

„ბევრი ვიფიქრე და მათ მიღებას დავეთანხმე. „დიახ“, მაგრამ ეს ძალიან გრძელვადიან პერსპექტივაში თუ მოხდება. უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია, რომ ცხოვრების დონემ შესამჩნევად მოიმატოს, კორუფციის დონე კი - შემცირდეს, გაიზარდოს ხელფასები... ბოლოსდაბოლოს, ეს ქვეყნები უფრო ევროპულად ითვლებიან, ვიდრე თურქეთი, რომელიც ჩვენთან გაერთიანებას დიდი ხანია, ცდილობს“;

„დიახ, მე ვეთანხმები მათ მიღებას, მაგრამ მათ ისიც უნდა იცოდნენ, რომ ევროკავშირის წევრობას დიდი ხნის პროცესი დასჭირდება - ათი და თხუთმეტი წელიც. ისინი უნდა მოემზადნონ. ამასობაში კი თვითონ ევროკავშირიც შეცვლის ახალი წევრების მიღების წესებს“. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ