"მერწმუნეთ, თუ ასე გაგრძელდება, თქვენ ნახავთ, რომ დასავლეთი დახურავს ცას, მაგრამ ჩვენ მილიონობით ადამიანს დავკარგავთ" - კვირის პალიტრა

"მერწმუნეთ, თუ ასე გაგრძელდება, თქვენ ნახავთ, რომ დასავლეთი დახურავს ცას, მაგრამ ჩვენ მილიონობით ადამიანს დავკარგავთ"

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Skynews-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მხოლოდ მის ქვეყანას არ შეუძლია რუსეთის წინააღმდეგ ომის შეჩერება და რომ ქვეყნებმა უნდა იმოქმედონ ახლავე, ვიდრე „ძალიან გვიანი არ არის".

„თუ ნაციზმის და ამ ტერორის წინააღმდეგ ერთიანი ხართ, უნდა დახუროთ, ნუ დაელოდებით ჩემგან რამდენჯერმე, მილიონჯერ თხოვნას, დახურეთ ცა“, - მიმართა ზელენსკიმ დასავლეთს.

ჟურნალისტის კითხვაზე, რომ ქვეყნების ლიდერები ცის დაკეტვაზე უარს „უარესის“ თავიდან ასაცილებლად აცხადებენ, ზელენსკიმ უპასუხა, რომ თუ ასე გაგრძელდება, ცას საბოლოოდ მაინც დახურავენ, მაგრამ მანამდე მილიონობით უკრაინელი დაიღუპება.

„ეს იქნება უარესი ვისთვის? ჩვენი ოჯახებისთვის, არა? ვისთვის, მათთვის? არა. ვინ იცის? არავინ იცის. ახლა დაზუსტებით ის ვიცით, რომ ძალიან ცუდი მდგომარეობაა და მომავალში ძალიან გვიანი იქნება. მერწმუნეთ, თუ ასე გაგრძელდება, თქვენ ნახავთ, რომ ისინი დახურავენ ცას, მაგრამ ჩვენ მილიონობით ადამიანს დავკარგავთ", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ინტერპრესნიუსი