"მათი გენერლობა ისე მეზიზღება, როგორც შავი ჭირი! გამოდის, რომ ისინი საზარბაზნე ხორცად გაწირეს" - კვირის პალიტრა

"მათი გენერლობა ისე მეზიზღება, როგორც შავი ჭირი! გამოდის, რომ ისინი საზარბაზნე ხორცად გაწირეს"

ყველამ ვიცით, რომ ომში გამარჯვებულები არ არსებობენ, ომში ყველა დამარცხებულია... ეს სიტყვები ზუსტად ასახავს უკრაინაში დატრიალებულ მოვლენებს, რომლებმაც ათასობით ადამიანს ცრემლი და უბედურება მოუტანა! ახლა მთელი მსოფლიოს ყურადღება სწორედ უკრაინისკენაა მიპყრობილი. ამ ტრაგედიაზე მისთვის ჩვეული ემოციურობით გვესაუბრება მწერალი გივი სიხარულიძე.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"გეფიცებით, უკრაინის ამბებს რომ ვუყურებ, ცრემლებს ვერ ვიკავებ; ღამე რომ ვიძინებ, ვტირი და დილით რომ ვიღვიძებ, ისევ ვტირი! სხვათა შორის, რუს და უკრაინელ ბავშვებზე გული ერთნაირად შემტკივა: უკრაინელები თავიანთ ქვეყანას და მშობლიურ მიწას იცავენ, რუსები კი გაბრიყვებულები არიან..."

"მათი გენერლობა ისე მეზიზღება, როგორც შავი ჭირი! გამოდის, რომ ისინი საზარბაზნე ხორცად გაწირეს. უკრაინელებიც მეცოდებიან, თუმცა, მათ იციან, რომ თავიანთი სამშობლოსთვის იბრძვიან და იღუპებიან. აბა, რა ვთქვა?.. ისინი ნამდვილი რაინდები ყოფილან. ამხელა მონსტრი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლა ადვილი ხომ არ არის!.."

"78 წლის კაცი ვარ და ჯერ არ გამიგონია, ომის დროს ვინმეს საბავშვო ბაღი და ონკოლოგიური საავადმყოფო დაებომბოს. ეს ჩემთვის ყოვლად აუხსნელი და გაუგებარი ბოროტებაა. ვინც ბავშვს სიცოცხლეს წაართმევს, სადისტია და აუცილებლად პასუხი უნდა აგოს. ამიტომ დღეს მთელი მსოფლიო თანხმდება, რომ რაც რუსეთმა ჩაიდინა, მსოფლიო დანაშაულია..."

"აქვე, 20 კილომეტრში, ახალგორთან, რუსული ტანკები დგანან, შემოვლენ და გაგვანადგურებენ. მე ერთი რამ ვიცი: ჩემი სამშობლო ყველასგან გაწირული და გაუბედურებულია და პრემიერი სხვანაირად თუ იტყოდა, შეიძლება ჩვენც დავემომბეთ. სხვათა შორის, მეც მეშინია, ცუდი რამ არ მოხდეს. პრემიერი სწორად მოიქცა თუ არა, არ ვიცი, მაგრამ რუსეთს ომში რომ ვერ მოვერევით, ეს ფაქტია. 30 წელზე მეტია, ეს უბედურება არ მთავრდება, ისედაც ამდენი ახალგაზრდა გავწირეთ და ახლა ეს თაობაც უნდა დაიღუპოს?.."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 10 მარტის ნომერში წაიკითხავთ.

ხათუნა ჩიგოგიძე