"მე ის ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარდა, მაგრამ აღარ შემეძლო რუსეთში ყოფნა"
ნინო ანდრიასოვა უკვე მეოთხე წელია, სვანეთში ცხოვრობს და იქაურ ბავშვებს ასწავლის. ყოველთვის განსაკუთრებულად უყვარდა საქართველო და 17-წლიანი ცხოვრების შემდეგ მაინც დატოვა მოსკოვი, აქ ჩამოვიდა საცხოვრებლად. არ აშინებს დაბრკოლებები, ხშირად ზამთარში, სიცივესა და ყინვაში ფეხით უწევდა კილომეტრების გავლა სკოლაში მისასვლელად, მაგრამ არასდროს უფიქრია, მიეტოვებინა იქაურობა და უკან, თბილისში დაბრუნებულიყო. ნინო თბილისშია დაბადებული. 11 წლის იყო, დედასთან ერთად მოსკოვში რომ გადავიდა საცხოვრებლად, იქვე დაამთავრა სკოლაც და უნივერსიტეტიც.
გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:
"1917 წლიდან ჩემი წინაპრები საცხოვრებლად თბილისში გადმოსულან. დიდი ბაბუა თავადი ყოფილა, დღემდე გვაქვს შემორჩენილი სასადილო სერვიზი, მარსელში შეკვეთით დამზადებული, ოჯახის გერბით. მამა იყო სოხუმიდან, აფხაზური სისხლიც ჰქონდა. მამას არც ვიცნობდი: როდესაც დედა ჩემზე 6 თვის ფეხმძიმე იყო, მაშინ გარდაცვლილა. დედამ და ბებიამ გამზარდეს..."
"ავუხსენი, რომ ჩემი გადაწყვეტილება არაფერს ცვლიდა ჩვენს ურთიერთობაში, რომ მე ის ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარდა, მაგრამ აღარ შემეძლო რუსეთში ყოფნა. როდესაც აქედან წავედით, 11-12 წლის ვიქნებოდი მაშინ და ამდენი წლების მიუხედავად, მაინც ვერ შევეგუე იქაურობას, გული მუდმივად აქეთ მეწეოდა. კი ჩამოვდიოდით ზაფხულობით, მაგრამ მუდმივად აქ ცხოვრება მინდოდა. ვიცოდი, თუ არ დავბრუნდებოდი სამშობლოში, სულიერად მოვკვდებოდი. ერთი წამითაც არ ვნანობ მიღებულ გადაწყვეტილებას..."
"მთის ხალხი ძალიან უბრალო და გულღიაა. დიდ პატივს ვცემ მათ, ძალიან უფრთხილდებიან თავიანთ კუთხეს, ადათ-წესებს, სალოცავებს. თუ ხედავენ, რომ გიყვარს ისინი და უბრალო, გულწრფელი ადამიანი ხარ, ხელისგულზე გატარებენ, არ უყვართ ცხვირაწეული ხალხი..."
"აქ დიდ პატივს სცემენ მიცვალებულის ხსოვნას, უფროს-უმცროსობა იციან. ეს ყველაფერი მე ძალიან მომწონს, წინაპრები თუ არ გახსოვს, მაშინ სულიერებაც იკარგება და წარსულიც. გამიმართლა, რომ ძალიან კარგ ოჯახში და ადამიანებში მოვხვდი. ხორგუანებში გავთხოვდი, სოფელ ეცერში. სულ ვამბობ, რომ მიმართლებს და ღმერთი ყოველთვის კარგ ადამიანებს მახვედრებს..."
სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 10 მარტის ნომერში წაიკითხავთ.
ნინო ჯავახიშვილი