რას ნიშნავს რუსულ სამხედრო ტექნიკაზე გამოსახული ასო Z - კვირის პალიტრა

რას ნიშნავს რუსულ სამხედრო ტექნიკაზე გამოსახული ასო Z

უკრაინაში უკვე ორი კვირაა, ომი მიმდინარეობს, ამ პერიოდში კი ასო Z თითქმის ყველა იმ კადრში გვხვდება, სადაც რუსული არმიის სამხედრო ტექნიკა ჩანს. უფრო მეტიც, ახლა ამ ასოს გამოსახვით საზოგადოებას ამცნობენ, რომ რუსული არმიისა და კრემლის პოლიტიკის მხარდამჭერნი არიან. ამ ნიშანს ვხვდებით არა მხოლოდ ტანკებსა და სოციალურ ქსელში, ლათინური ასო Z გამოსახულია ბილბორდებზე, მაღაზიებზე, ავტომობილებზე, სამოსსა და ფრჩხილის ლაქის დიზაინზეც კი...

კრიტიკოსების აზრით, ასო Z ახალი სვასტიკაა, ხოლო რუსეთის მომხრეები, რომლებიც ომსა და უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრას სპეცოპერაციას უწოდებენ, ამბობენ, რომ ეს რუსული არმიის მხარდაჭერის სიმბოლოა, რომელიც, კრემლის აზრით, უკრაინაში "ნეონაცისტებს“ ებრძვის.

ამასთან, ზუსტად არავინ იცის, რას ნიშნავს ეს და სხვა ლათინური ასოები, რომლებიც რუსულ ტანკებზეა გამოსახული, თუმცა არსებობს რამდენიმე ვერსია.

"Z-მ მოიცვა მთელი ქვეყანა“

უკრაინაში შეჭრის პირველ დღეებში სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელდა კადრები, რომლებშიც რუსულ სამხედრო ტექნიკას სხვადასხვა ლათინური ასო ეწერა: Z, V და სხვა.

ყველაზე მეტად კი ასო Z გვხვდება, რომელიც რუსეთის მხარდაჭერის სიმბოლოდ იქცა.

რუსული მედიის ცნობით, ხალხმა ფლეშმობიც მოაწყო და მანქანები ისე დააყენა, რომ Z ასო გამოსახულიყო და ისინი დრონს დაეფიქსირებია.

ყაზანში, ამავე სტილის ფლეშმობში მონაწილეობა ბავშვთა ჰოსპისის ბენეფიციართა მშობლებმა და ადგილობრივმა პერსონალმა მიიღო. ინტერნეტ-მაღაზიებში ყველასთვის ხელმისაწვდომია ამ წარწერით მაისურის შეძენა. ახალი სიმბოლო ოპონენტების დასაშინებლადაც გამოიყენება. როგორც ცნობილია, სამართალდამცავებმა ერთ-ერთი ორგანიზაციის ოფისის ჩხრეკის შემდეგ ფურცელზე დაწერილი Z ასო დატოვეს.

zeti2-1646900563.jpg

"Z- ახალი სვასტიკა - იპყრობს მთელს ქვეყანას“ - წერენ სოციალურ ქსელებში.

New Yorker-ის ჟურნალისტი მაშა გესენი კი წერს:

"გრაფიკული წარწერა Z ნამდვილად არის ახლოს სვასტიკასთან, ვიდრე ნებისმიერ საბჭოთა სიმბოლოსთან, როგორიც ხუთქიმიანი ვარსკვლავი, ნამგალი და ურო და წითელი დროშაა. ერთ კვირაში ასო Z ახალი რუსული ტოტალიტარიზმის სიმბოლოდ იქცა“.

სოციალური ქსელის მომხმარებლები ამ ნიშანს სხვადასხვა სიმბოლოს ადარებენ. როგორც ცნობილია, რუნების ნიშანი "ვოლფსანგელი“ ძალიან ჰგავს ლათინურ ასო Z-ს, ის SS-ის იგივე შუცშტაფელისა და ვერმახტის რამდენიმე დივიზიის სიმბოლოდ მიიჩნეოდა. ერთ-ერთი ვერსიით, ეს ემბლემა SS-ის მეოთხე დივიზიის სიმბოლოს ჰგავს, რომელიც ლენინგრადთან და ფსკოვთან იბრძოდა.

რუსული სამხედრო ექსპერტის, იენ გარნერის აზრით, "ეს კამპანია - კრემლის პოლიტტექნოლოგიების პროდუქტია".

როგორც ექსპერტი ამბობს, საყურადღებოა, რომ ამ სიმბოლოს გამოსახვისას და მხარდასაჭერ ფლეშმობებში მონაწილეობას იღებს სახელმწიფო დაწესებულებებში მომუშავე პერსონალი, რეალური მასშტაბური მხარდაჭერა კი, რომელიც სოციალურ ქსელში უნდა ყოფილიყო, ჯერ არ დაფიქსირებულა.

zeti3-1646900563.jpg
რუსული სამხედრო ტექნიკა

"კრემლი ახალი სიმბოლოს ირგვლივ შექმნილი კამპანიით ვერ მიიღებს ხალხის მხარდაჭერას, თუ მათ შედეგის მიღება სურთ, მათ წამებულთა ისტორიები სჭირდებათ. და კიდევ, მათ მოუწევთ სპეცოპერაციას ომი უწოდონ - რასაც ისინი აქამდე არ აკეთებენ“, - წერს ექსპერტი.

სინამდვილეში რას გამოსახავს ეს ასოები?

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელთა განცხადებით, ეს სიმბოლოები რუსული არმიის გამარჯვებას, მათ მოტივაციასა და მხარდაჭერას ასახავს.

Z - "Zа победу" (გამარჯვებისთვის), ხოლო V - "Сила в праVде" (ძალა სიმართლეშია).

Conflict Intelligence Team (CIT)-ის დამაარსებლის - რუსლან ლევიევის აზრით, ეს ასოები დასავლეთ და აღმოსავლეთ სამხედრო დანაყოფს აღნიშნავს.

უკრაინული გენშტაბის ინფორმაციით, Z რუსეთის ფედერაციის აღმოსავლეთ დანაყოფის სამხედრო ტექნიკას აწერია, Z კვადრატში - ყირიმიდან შემოსული ჯარის აღმნიშვნელია, O - ბელარუსიდან შემოსული ჯარის, V - საზღვაო ქვეითი დანაყოფის აღმნიშვნელია, X - ჩეჩნური დაჯგუფების, А კი - სპეცრაზმის.

zeti4-1646900563.jpg
რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს "ინსტაგრამი"

თუმცა საყურადღებოა, რომ მედიაში გავრცელებულ კადრებში, სადაც ამბობდნენ, რომ უკრაინელებმა კადიროვის დაჯგუფება გაანადგურეს, სამხედრო ტექნიკას ასო V ეწერა.

მაიკლ კოფმანის აზრით კი, რომელიც აშშ-ის სამხედრო ანალიზის ცენტრის რუსული პროგრამის დირექტორია, ეს ასოები არ ატარებენ ღრმა მნიშვნელობას:

"ეს ოპერატიული ჯგუფის აღმნიშვნელი ასოებია, ეს უბრალოდ ასოებია, რომელიც მათ აირჩიეს“, - ამბობს კოფმანი. (წყარო)