"ყოველდღე გაუსაძლისი გახდება იქ ცხოვრება... ყველაფერი საერთო ჯამში მივა იქამდე, რომ რუსეთს მოუწევს დამარცხების აღიარება" - კვირის პალიტრა

"ყოველდღე გაუსაძლისი გახდება იქ ცხოვრება... ყველაფერი საერთო ჯამში მივა იქამდე, რომ რუსეთს მოუწევს დამარცხების აღიარება"

უკრაინაში მიმდინარე უმძიმესი პროცესები და მასთან დაკავშირებული საკითხები, როგორ შეიძლება აისახოს აგრესორ რუსეთზე მის წინააღმდეგ დაწესებული უპრეცედენტო ეკონომიკური და ფინანსური სანქციები, შესაძლებელია თუ არა პუტინს განუდგეს სამხედრო ელიტა, ველოდოთ თუ არა რუსეთში მასობრივ საპორტესტო გამოსვლებს... - ამ თემებზე გვესაუბრება ექსპერტი, „რონდელის ფონდის“ მკვლევარი ზურაბ ბატიაშვილი:

- სამწუხაროდ, უკრაინაში სიტუაცია ისევ მძიმეა, რუსეთი ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ზიანი მიაყენოს ქვეყანას, რომელიც ვერ დაიმორჩილა. მთელი შეიარაღება, რაც მის ხელშია, დაუპირისპირა და ცდილობს, მოსახლეობა დაიმორჩილოს, გატეხოს უკრაინა, მაგრამ ეს ასე არ მოხდება. უკრაინამ არა ერთხელ დაამტკიცა, რომ ის არ გაჰყვება სხვის კარნახს, თუ რა გზა აირჩიოს, როგორ იცხოვროს, რა მომავალი შექმნას საკუთარი თავისთვის და მომავალი თაობებისთვის. რეალურად, რუსეთის შეტევა გაიჭედა და ახლა ცდილობს, სიტუაციის რამენაირად გადარჩენას. სიტუაცია რომ გაიჭედა და საქმე კარგად არ აქვთ, ეს უკვე ჩანს, მათ შორის, პუტინის არაპირდაპირ აღიარებაშიც. ის ახლა ითხოვს თავისი გენერლების დასჯას. რაც მეტად გაუძლებს უკრაინა და ამაში დარწმუნებული ვარ, რომ გაუძლებს, ვფიქრობ, დროში გაიწელება ეს ომი, მით უფრო გაიზრდება უკრაინის შანსი და შემცირდება რუსეთის შანსები. მით უმეტეს, რუსეთში უკვე დაიწყო მოქალაქეებზე იმ ეკონომიკური სანქციების ასახვა, რაც დაუწესდათ და ყველაფერი, საერთო ჯამში, მივა იქამდე, რომ რუსეთს მოუწევს დამარცხების აღიარება.

- საყოველთაოდ ცნობილია ის სანქციები, რაც დაუწესდა რუსეთს. რამდენად ეფექტიანი იქნება ეს იმისთვის, რომ გატეხონ რუსეთი. რა მოლოდინი გაქვთ?

- ეს სანქციები უკვე მუშაობს. ამოქმედდა და თითოეულ იქ მცხოვრებ მოქალაქეზე ყოველდღიურად აისახება. ყოველდღე გაუსაძლისი გახდება იქ ცხოვრება, ამას ვხედავთ კიდეც, თუნდაც იმას, როგორ გამორბიან იქიდან ადამიანები. დასავლეთის მიდგომაა ახლა, რომ დაანგრიოს რუსული ეკონომიკა ანუ ის საფუძველი მოუსპოს, რომლითაც საზრდოობს რუსული არმია და რითაც ხოცავს ბავშვებს და ქალებს. უნდათ, რომ რუსებს შეუწყვიტონ ყველაფერი და ვფიქრობ, ამაში წარმატებულები იქნებიან, მაგრამ ეს არის საშუალოვადიანი და არა - მოკლევადიანი, ამიტომ ნელ-ნელა აისახება ეს სანქციები.

- კიდევ რა ბერკეტი აქვს დასავლეთს რუსეთის წინააღმდეგ?

- ვხედავთ, ჰააგის სასამართლო პროცესი რეალურად დაწყებულია და ვფიქრობ, რომ ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანენ. მეორე, ეს არის ეკონომიკური წნეხი, დაწესებული უმკაცრესი სანქციები, რომელიც ნელ-ნელა აისახება და მესამეა ის სამხედრო შეიარაღება და სამხედრო დახმარება, რომელსაც აწვდიან უკრაინას და ვხედავთ, ეს დახმარება ყოველდღიურად იზრდება. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი რუსეთის სამხედრო მანქანას გადაწონის.

- თქვენი აზრით, სამხედრო ელიტა განუდგება პუტინს და მას დაუპირისპირდება?

- რუსეთის სამხედრო-პოლიტიკურ ელიტაში ახლა დაძაბული სიტუაციაა, რუსეთი ისტორიულად არის ქვეყანა, სადაც ხელისუფლებები არჩევნების გზით არ იცვლება. იქ ვერ იქნება დემოკრატია. სადაც არ არის დემოკრატია, იქ ცვლილება უნდა მოხდეს გადატრიალების გზით, მშვიდობიანი თუ სისხლიანი გადატრიალების გზით. სწორედ ეს მარცხი შეუწყობს ხელს მსგავსი სიტუაციის გაჩენას რუსეთში. დღევანდელი რუსეთის ხელმძღვანელობაში, ამის ნიშნები უკვე შეიმჩნევა.

- ანუ გაუბედავენ დიქტატორ პუტინს წინააღმდეგობის გაწევას?

- თუ სხვა გზა არ დარჩებათ მათ, რა თქმა უნდა, გაუბედავენ. გააჩნია, სადამდე მივა პუტინის ქმედებები. უკრაინის სამხედრო ავანტიურის საქმეში შეიძლება მან ვიღაცები განტევების ვაცად შემოგვთავაზოს.

- რუსეთში პერიოდულად მართავენ აქციებს მოქალაქეები და აპროტესტებენ უკრაინაში დაწყებულ ომს, თუმცა მათ მაშინვე აკავებენ. ვიხილეთ, პატარა ბავშვებიც არ დაინდეს - როცა ისინი ყვავილებით მივიდნენ საელჩოსთან, ისინიც კი დააკავეს. როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია, რომ ხალხი მასობრივად გამოვიდეს ქუჩაში? საზოგადოების პროტესტს არ შეუძლია რამე შეცვალოს?

- ამ ეტაპზე ეს ნაკლებად მოსალოდნელია იმ რეპრესიების გათვალისწინებით, რაც ხდება დღეს რუსეთში. მომავალში შეიძლება უფრო მეტი გამოსვლა და ზეწოლა ვიხილოთ მოქალაქეების მხრიდან, უბრალოდ, ამას დრო სჭირდება, იქიდან გამომდინარე, რომ უკმაყოფილების მუხტი უნდა გაიზარდოს. ჯერჯერობით ის არ არის გაზრდილი, იმიტომ, რომ მთელ მედიას ხელისუფლება აკონტროლებს და გამოსვლების ყველა მცდელობას თავიდანვე, საფუძველშივე აღკვეთს ხოლმე რეჟიმი, მედიით ეს არ შუქდება და დახოცილი ჯარისკაცების გვამები ჯერ კიდევ არ არის ჩამოსვენებული უკრაინიდან. მათი რაოდენობა შოკისმომგვრელი იქნება რუსი მოსახლეობისთვის. არა მხოლოდ მალავენ გარდაცვლილების რაოდენობას, ზოგან საერთოდ მიატოვეს ცხედრები და უარს ამბობენ მათ წამოღებაზეც.

- ისევ სანქციების თემას დავუბრუნდეთ, რამდენ ხანში იგრძნობს ამ წნეხს მოსახლეობა და რუსეთი რა ბერკეტით შეებრძოლება ამ ყველაფერს?

- უკვე იგრძნო მოსახლეობამ ეს სანქციები. ცნობილი ბრენდები გავიდნენ, რომელსაც მიჩვეულები იყვნენ. გაუფასურდა რუსული რუბლი. კრიზისი იგრძნობა მარკეტებში, სადაც გაწყდა შაქარი და მარილი და საქართველოსაც გადმოედო ეს. რუსეთის ბევრი მოქალაქეა ჩამოსული დღეს საქართველოში, გაიქცნენ მარკეტებში და პროდუქტების მომარაგება დაიწყეს. ამას ქართველებმა მიბაძეს და მათაც დაიწყეს მარაგების გაკეთება. ვხედავთ, პანიკა შეიქმნა, ამ დროს, შაქრის მომწოდებელი საქართველოში არის ბრაზილია. შეიძლება ემბარგოს გამო რუსეთში არ შევიდეს შაქარი, მაგრამ საქართველოში მისი შემოტანის პრობლემა არ არის. ასეთი რამ არ გვემუქრება, მაგრამ ვხედავთ, იქ არსებული სიტუაცია ჩვენც გადმოგვედო, სამწუხაროდ.

- ზელენსკის ინტერვიუ გავრცელდა, ის ითხოვს პუტინთან პირისპირ შეხვედრას და ფიქრობს, რომ ამ გზით შესაძლებელია ურთიერთკომპრომისის მიღწევა. როგორ ფიქრობთ, შედგება ზელენსკის და პუტინის შეხვედრა?

- მხოლოდ მაშინ შეიძლება სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერა, თუ ერთ-ერთი მხარე და, ალბათ, ეს რუსეთი იქნება, იგრძნობს, რომ ის დამარცხდა. რაც დრო გადის და რაც მეტად იბრძვის უკრაინა, ეს შანსი იზრდება.

- უმძიმესი სიტუაციაა მარიუპოლში, დაიბომბა სამშობიარო სახლიც და ვხედავთ, არ ინდობენ ბავშვებს და ქალებსაც. ზელენსკი მოუწოდებს მსოფლიო ლიდერებს დახმარებისკენ და ითხოვს, ცა ჩაიკეტოს, არის იმის შანსი, რომ ეს ნაბიჯი გადადგან?

- ცის დაკეტვა არ ნიშნავს მაინცდამაინც უკრაინის ცაზე ავიაციის გამოჩენას. ეს შეიძლება იყოს საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება. ვფიქრობ, ამ ეტაპზე სწორედ ამაზე კეთდება აქცენტი, რომ არ მიეცეს პუტინს მეტი საბაბი იმის სათქმელად და შემდეგ - ქმედებებისთვის, რომ ნატო არის ჩართული საბრძოლო მოქმედებებშიო. ვხედავთ, საბრძოლო ტექნიკით ეხმარებიან და ეს გაგრძელდება.

- თქვენ ახსენეთ ჰააგაში დაწყებული სასამართლო პროცესი. რა მოლოდინი გაქვთ?

- მაქსიმალურად სწრაფად წავიდა საქმე. ჰააგის სასამართლომ თავისი წარმომადგენლები უკვე მიავლინა უკრაინაში, ფაქტების ადგილზე შესწავლის მიზნით. ვფიქრობ, ეს ყველაფერი მაქსიმალურად დროულად უნდა იყოს გამოძიებული. მით უმეტეს, ამდენი მტკიცებულება არსებობს და - ამდენი ღია ჭრილობა... ახლაც, ჩვენი ამ საუბრის დროსაც გრძელდება უკრაინელ ხალხზე თავდასხმები.

- პუტინს ამ დანაშაულისთვის პასუხისგება მოუწევს?

- ყველას მოუწევს ამ დანაშაულზე პასუხისგება. ფიზიკურად როგორ შესრულდება, ეს არ ვიცი, მაგრამ ვიცით ის, რომ იუგოსლავიის ომის დამნაშავეებს, მათ შორის - მაღალი თანამდებობის პირებს, მოუწიათ უშუალოდ სასამართლოებში სიარულმა. ამის პრეცედენტი არსებობს.

(სპეციალურად საიტისთვის)