"ზოგჯერ მაკრონი ხმასაც უწევდა: "შენ სერიოზულ შეცდომას უშვებ, არასწორ ნაბიჯს დგამ" - კვირის პალიტრა

"ზოგჯერ მაკრონი ხმასაც უწევდა: "შენ სერიოზულ შეცდომას უშვებ, არასწორ ნაბიჯს დგამ"

ფრანგული გაზეთის „ფიგაროს“ (Le Figaro) 9 მარტის ნომერში დაბეჭდილია სტატია სათაურით „მაკრონი-პუტინი: გავიგოთ მათი სატელეფონო საუბრების საიდუმლო“ (ავტორი - ფრანსუა ქსავიე ბურმო).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

„ყოველ სიტყვას აქვს მნიშვნელობა და შესაბამისად, უმცირესმა გაურკვევლობამ და გაუგებრობამ შეიძლება საქმე დრამატულ სიტუაციამდე და შედეგებამდე მიიყვანოს.

ევროპაში და საერთოდ, მსოფლიოში მშვიდობის საკითხი ბეწვზე ჰკიდია - ბეწვზე, რომელშიც იმ სატელეფონო დაცულ ხაზს ვგულისხმობ, რომელიც პარიზსა და მოსკოვს, ემანუელ მაკრონსა და ვლადიმერ პუტინს ერთმანეთთან აკავშირებს.

სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან ეს ხაზი ოთხჯერ იქნა გამოყენებული, გასული წლის დეკემბრიდან კი - 14-ჯერ. მოქმედებს ერთი და იმავე წესით.

„ჩემს პრეზიდენტს შენს პრეზიდენტთან საუბარი სურს“...

ყველაფერი იწყება ორი სახელმწიფოს მეთაურების დიპლომატიური მრჩევლების ურთიერთობით: „ჩემს პრეზიდენტს შენს პრეზიდენტთან საუბარი სურს“. აუცილებელია, დღის წესრიგის შეჯერება. სამდივნოები მუშაობას იწყებენ. დაცული სატელეფონო ხაზის მეშვეობით ზარის ორგანიზებისათვის ელისეის სასახლის კავშირგაბმულობის სპეციალური კვანძი კრემლის ანალოგიურ კვანძს უკავშირდება. დანიშნულ დროს ემანუელ მაკრონი სასახლის „ოქროს დარბაზში“ მიემართება და მას თან ხუთი მრჩეველი მიჰყვება. პრეზიდენტის მაგიდაზე დევს ტელეფონის აპარატი „რვაფეხა“...

„ბატონო პრეზიდენტო, კრემლი ხაზზეა“... სახელმწიფოს მეთაურების საუბარი იწყება. პარიზში მორიგეობით ერთმანეთს ენაცვლება ორი მუდმივი თარჯიმანი. მათ კარგად ახსოვთ ემანუელ მაკრონისა და ვლადიმერ პუტინის საუბრების ისტორია და დიალოგის უწყვეტობას უზრუნველყოფენ. განსაკუთრებით კი საუბრის ფრაზების სიზუსტეს.

განსახილველი თემის მნიშვნელობის გათვალისწინებით, ყოველ სიტყვას თავისი დანიშნულება აქვს - მცირე გაუგებრობასაც კი შეუძლია საქმე დრამატულ შედეგამდე მიიყვანოს. ზოგჯერ ემანუელ მაკრონი თავს უფლებას აძლევს ვლადიმერ პუტინს რუსულ ენაზე მიესალმოს, ისიც თავის კოლეგას სალამს ფრანგულ ენაზე უბრუნებს ხოლმე. ძირითადად, საუბარი მათ მშობლიურ ენაზე მიმდინარეობს. ორივე ერთმანეთს „შენობით“ მიმართავს, თითქოსდა ოფისში კოლეგები არიან და ერთად მუშაობენ. არა იმიტომ, რომ ერთმანეთი მოსწონთ, არამედ იმიტომ, რომ ისინი ერთმანეთს რეგულარულად ხვდებიან. თანაც „შენობით“ მიმართვა რაღაც სიახლოვის გრძნობას იწვევს.

ემანუელ მაკრონს ვლადიმერ პუტინთან ურთიერთობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. მან რუსი სტუმარი ვერსალის სასახლეში თავისი პრეზიდენტობის დასაწყისში მიიღო, შემდეგ, ცოტა მოგვიანებით, ისინი ერთმანეთს „დიდი შვიდეულის“ სამიტზე, 2019 წელს შეხვდნენ. ემანუელ მაკრონი ვლადიმერ პუტინს ყოველ შეხვედრაზე მცირე საჩუქარს უძღვნიდა, თუმცა წინასწარ იცოდა, რომ ამით თავის რუს კოლეგას ვერ „მოხიბლავდა“ და სათავისოდ ვერ განაწყობდა. თუმცა ყურადღების ასეთი ნიშანიც საკმარისი იყო, რომ ვლადიმერ პუტინს მისთვის „თვალი გაესწორებინა“ და საპასუხო ყურადღება მიექცია იმისთვის, რომ მასთან ემანუელ მაკრონი ლაპარაკობს. ან კიდევ საჩუქარი იმ მიზნით, რომ ვლადიმერ პუტინს გარკვეული თვალსაზრისი გამოეხატა, ზოგჯერ უმნიშვნელო, მაგრამ ისეთი, რომელიც დიალოგს გააადვილებდა.

მაღალი დიპლომატიის კოდირებული ენა

აი, რა ხდებოდა ელისეის სასახლეში, როცა ვლადიმერ პუტინმა დონბასის რესპუბლიკების აღიარების წინ ემანუელ მაკრონის დაურეკა. საღამოს ზარი რუსეთის პრეზიდენტის სატელევიზიო გამოსვლამდე 15 წუთით ადრე შედგა: „რადგან ჩვენ ერთმანეთს კარგად ვიცნობთ და რეგულარულად ვსაუბრობთ, მინდა წინასწარ გაგაფრთხილო...“, - დაიწყო ვლადიმერ პუტინმა. ემანუელ მაკრონი, მრავალრიცხოვანი შეხვედრებისა და დისკუსიების წყალობით, უკვე კარგად ხვდებოდა მოსაუბრის სულიერ მდგომარეობას, მისი სიტყვების არსს და აზრების მიმართულებას.

ამიტომაც, როცა რუსეთის პრეზიდენტმა ტელეფონით თავისი სურვილის ახსნა დაიწყო უკრაინის „დენაციფიკაციის“ თაობაზე, ემანუელ მაკრონმა მას საუბარი შეაწყვეტინა და შეახსენა, რომ მას, საფრანგეთის პრეზიდენტს, არსებულ სიტუაციაზე სულ სხვა თვალსაზრისი აქვს. იგი კარგად შესამჩნევი ირონიული ტონით მიუთითებდა იმაზე, რომ „დენაციფიკაციის“ მოწოდება იმის გამო, თუ ვინ რომელ ულტრამემარჯვენე მოძრაობას უჭერს მხარს ევროპაში, მას უადგილოდ მიაჩნია. ზოგჯერ მაკრონი ხმასაც უწევდა ხოლმე: „შენ სერიოზულ შეცდომას უშვებ. უკრაინაში ხომ ნაცისტური რეჟიმი არ არის, შენ არასწორ ნაბიჯს დგამ“. თუმცა ასეთი ტონით საუბარი გამონაკლისია, უფრო ხშირად დიალოგის მაღალი დიპლომატიის კოდირებულ ენაზე მიმდინარეობს. ლიდერები ცდილობენ ერთმანეთს უფრო თავაზიანად ელაპარაკონ... მაგრამ ზოგიერთ მომენტში მათი მცდელობა უშედეგოა.

მაგრამ მოდით, მოვლენებს ნუ გავუსწრებთ: ემანუელ მაკრონმა ჯერ-ჯერობით ვერ შეძლო ვლადიმერ პუტინთან სანდო ურთიერთობების დამყარება, მას ჯერ კიდევ ბევრი რამის გაკეთება მოუწევს... თუმცა ის, რომ კონტაქტი არსებობს, მაინც კარგი საქმეა. ამ მყიფე კავშირზე შეიძლება ევროპული მშვიდობა იყოს დამოკიდებული. როცა ვლადიმერ პუტინი უარს ამბობს უკრაინის პრეზიდენტთან საუბარზე, ემანუელ მაკრონი შუამავლის როლს ასრულებს - სწორედ იგი გადასცემს ხოლმე ვლადიმერ ზელენსკის თვალსაზრისს კრემლში ვლადიმერ პუტინს, სწორედ მას შეუძლია კრემლის პოზიციის სიმტკიცის შეფასება, სწორედ იგი ეძებს პატიოსნებისა და გულწრფელობის ნიშნებს ვლადიმერ პუტინის ტონსა და სიტყვებში...

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ