ალექსეი არესტოვიჩი კახეთშია დაბადებული - ვინ არის უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი და როგორია მისი კარიერული გზა?
ალექსეი არესტოვიჩი უკრაინაში ომის დაწყების დღიდან საზოგადოების ყურადღების ცენტრში უკრაინის ფარგლებს გარეთაც მოექცა, განსაკუთრებულად პოპულარულია საქართველოშიც. ზელენსკის მრჩეველი ხშირად ჩანს მედიაში და მიმდინარე მოვლენებზე განცხადებებს აკეთებს. ქართველებისთვის მისი ფიგურა კიდევ ერთმა ფაქტმა გახადა საინტერესო - როგორც ირკვევა, არესტოვიჩი 1975 წლის 3 აგვისტოს კახეთში, დედოფლისწყაროში, სამხედრო გარნიზონში დაიბადა. უკრაინული თეატრისა და კინოს მსახიობი, ბლოგერი, სამხედრო, ამჟამად პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელი და თავისუფალი მრჩეველია.
მას აქვს ბელორუსული და პოლონური ფესვები. მამა უკრაინის ეროვნული თავდაცვის აკადემიის შესარჩევი კომიტეტის ხელმძღვანელი იყო. ალექსეის დაბადებიდან მალე ოჯახი საცხოვრებლად უკრაინაში გადავიდა.1992 წელს დაამთავრა კიევის 178-ე სკოლა, შემდეგ კი უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა.
ალექსეი არესტოვიჩმა სამსახიობო კარიერა 1993 წელს დაიწყო. თამაშობდა კიევის თეატრ-სტუდიაში "შავი მოედანი". ამის შემდეგ, უნივერსიტეტში სწავლა მიატოვა და რეგულარულად ესწრებოდა სამსახიობო გაკვეთილებს. 2007 წელს გახდა კინოსაპროდუსერო კომპანია Aegis Artist Group-ის თანადამფუძნებელი. 2013 წელს ის მონაწილეობდა ICTV არხზე გადაცემის "ასწავლე ცხოვრება" გადაღებებში, როგორც ოჯახის ფსიქოლოგი და წამყვანი.
თამაშობდა სარეკლამო რგოლებსა და სერიალებში - "მუხტარის დაბრუნება", "მოლოდინი", "ძმა-ძმისთვის" და ა.შ. 2012 წელს მთავარი როლი შეასრულა კომედიაში "ნუ გეშინია, ახლოს ვარ". მისი პერსონაჟი იგორ სმირნოვი ბანკის თანამშრომელია, რომელიც სამუშაოსა და პირად ცხოვრებას ვერ აბალანსებს.
არესტოვიჩი 2000 წლიდან ატარებს ფსიქოლოგიურ სემინარებსა და ტრენინგებს. დრამატული იმპროვიზაციის ხელოვნების სწავლების კურსის დასრულების შემდეგ, საავტორო წიგნიც დაწერა. იხილეთ სრულად