"დარიკომ" მამას იმდენი ფული მოუტანა, რომ ავეჯი შეიძინა" - ქეთი დოლიძის მშობლიური სახლი და ძვირფასი ნივთები, რომლებიც სახლის ბინადართა ისტორიას ჰყვებიან - კვირის პალიტრა

"დარიკომ" მამას იმდენი ფული მოუტანა, რომ ავეჯი შეიძინა" - ქეთი დოლიძის მშობლიური სახლი და ძვირფასი ნივთები, რომლებიც სახლის ბინადართა ისტორიას ჰყვებიან

მისი მშობლები 1945 წელს გადმოვიდნენ ამ სახლში. მალე დაიბადა გოგონა, რომელიც აქ გაიზარდა და დღესაც ამ ბინაში ცხოვრობს, მისთვის ძვირფას მოგონებებთან და ნივთებთან ერთად. ქეთი დოლიძის ბინის ინტერიერს სწორედ ამ ნივთების ფონზე გადავავლებთ თვალს.

- ამ სახლში არსად არაფერი შეცვლილა, მე და ჩემმა მეუღლემ მხოლოდ კედლები და ჭერი გავარემონტეთ. იატაკი დედაჩემის დროს დაიგო. ნახეთ, პარკეტის სხვადასხვა წყობაა, საკმარისი თანხა არ ჰქონდათ და ნაწილ-ნაწილ აგებდნენ. ყველაზე ძვირფასი ამ ოთახსა და თამრიკოს ოთახში არის კედლებზე ხის პანელები. ეს დედას იდეა იყო და საერთოდ, ამ სახლს ყველაფერში დედაჩემის ხელი ეტყობა. თეთრი ბუხარი აქ და ჩემს საძინებელში (იქ არავის ვუშვებ) - ესეც დედას ინიციატივა იყო. მაშინ ასაწყობ ბუხრებს ყიდდნენ. დედამ ორი ბუხრისთვის მასალა შეაგროვა და მერე დააყენეს. ცენტრალური გათბობა არ იყო და ბუხარი ძალიან უყვარდა. დედა ავად რომ გახდა, ჩვენ საძინებელში აღარ დაიძინა, თქვა - ეს ქეთის მზითევიაო... და ამ ოთახში იწვა, დედაჩემი აქ გარდაიცვალა.

- სხვა ოთახებში გადავინაცვლოთ...

- ...მამა ყოველთვის თავის კაბინეტში მუშაობდა, მერე მის მაგიდასთან - მე და ახლა, ჩემი ვაჟი ვმუშაობთ. სცენარი იქნებოდა თუ სხვა რამ, საერთოდ ყველაფერი აქ დაიწერა. მხოლოდ კომპიუტერთან მუშაობისას არ ვზივარ ამ მაგიდასთან. სახლში ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის ჩემთვის, ეს ბიბლიოთეკაა. ყველა ოთახში უამრავი წიგნია. მამამ „დარიკო“ რომ გადაიღო, ფილმს დიდი შემოსავალი ჰქონდა ტირაჟის მხრივ და კინოგაქირავებიდან. მაშინ თანხას რეჟისორებსაც უნაწილებდნენ. „დარიკომ“ იმდენი ფული მოუტანა, რომ ავეჯი შეიძინა. მამას კაბინეტის ავეჯი ბებიაჩემმა იპოვა სადღაც და უთქვამს: სიკო, ეს უნდა იყიდოო... კაბინეტში მნიშვნელოვანია დედაჩემის პორტრეტი, რომელიც დაიწყეს და ვერ დაამთავრეს... სამწუხაროდ, დედა ცუდად იყო და სეანსებს ვერ გაუძლო. სურათს არა აქვს ბოლო შტრიხები, რითიც უნდა დასრულებულიყო და მამამ ასე დატოვა.

თამრიკოს ოთახში ბევრი ფერწერული ტილოა კედლებზე. ძალიან მიყვარს ახალგაზრდა ქართველი მხატვრების ნამუშევრები. ეს არის ჩემი მეგობრის სლავა კალინინის გენიალური სურათი „აღდგომა“, მხატვარი ლოს-ანჯელესში გადასახლდა. „სოთბის“ აუქციონზე მილიონებს იხდიან მის ნახატებში. ზურაბ გომელაურის ადრეული პერიოდის ნამუშევრები, ჩემი აზრით, ყველაზე საუკეთესოა მის შემოქმედებაში. ჩემი უახლოესი მეგობრის ოთარ იმერლიშვილის ორი ტილო მაქვს. აი, ზემოთ რომ ნახატია, თორნიკეს აჩუქა ხევსურმა ბიჭმა - მამის პორტრეტია. ვფიქრობ, არაჩვეულებრივი ნახატია. ეს „კენტავრი“ ფარაჯანოვმა მაჩუქა. მე ვარ მშვილდოსანი და ამავე დროს, კენტავრი არის ჩემი ზოდიაქოს სიმბოლო. სერგოს ძალიან ვუყვარდი, ჩვენ ვმეგობრობდით. განაგრძეთ კითხვა და იხილეთ სახლის ფოტოები