"ვის შეიძლება დაემუქროს რუსეთი" - რას წერს უცხოური გამოცემა - კვირის პალიტრა

"ვის შეიძლება დაემუქროს რუსეთი" - რას წერს უცხოური გამოცემა

„იმ დროს როცა უკრაინაში ომი მიმდინარეობს, აშშ-მა და მისმა ნატოელმა მოკავშირეებმა - დიდმა ბრიტანეთმა, ესტონეთმა, ლიეტუვამ და პოლონეთმა პირველად ჩაატარეს ზამთრის პირობებში სამხედრო წრთვნები კოდური სახელწოდებით - „ხმლით დარტყმა“, - ნათქვამია ბრიტანულ გაზეთ „დეილი მეილში“ (Daily Mail) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით - „კამალა ჰარისი ვლადიმერ პუტინს პოლონეთიდან აფრთხილებს: „ჩვენ ნატოს ყოველ დიუმს დავიცავთ“ (ავტორები - ჯეფ ერლი და რეიჩელ ბანიანი).

გთავაზობთ ვრცელი სტატიის შემოკლებულ ვერსიას:

„რუსული ტანკები მაცივრებად იქცნენ?!“

წრთვნებში, რომელიც ესტონეთის ტერიტორიაზე დაიწყო, მარტის დასაწყისში გაგრძელდა ლიეტუვაში, 5 მარტს - პოლონეთში დასრულდა. მასში მონაწილეობდა, აგრეთვე, ფინეთიც, როგორც ნატოს პარტნიორი ქვეყანა. სამხედრო მანევრების დროს გამოყენებული იქნა Stryker-ის მარკის ჯავშანტექნიკა და Stinger-ის რაკეტები. მონაწილეობდა 13 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე. წრთვნები გამიზნული იყო ზამთრის პირობებში ნატოს ძალების მომზადების დონის დემონსტრაციისათვის - თუ როგორ ხდება მათი კოორდინაცია და ზურგის უზრუნველყოფა იმ ფონზე, როცა რუსეთის არმია უკრაინაში დიდ სირთულეებს განიცდის. ბოლო დღეებში ტემპერატურის მინუს 10-15 გრადუსამდე დაცემის გამო, კიევის სამხრეთით თავმოყრილი რუსული ჯავშანტექნიკა - 40-ტონიანი ტანკები შესაძლოა პირდაპირ მაცივრებად გადაიქცნენ, რადგან გაჩნდა მათი საწვავით უზრუნველყოფის პრობლემაო, - წერს „დეილი მეილი“.

„წრთვნების პოლონური ეტაპის დასრულების დროს ვარშავაში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი იმყოფებოდა, რომელმაც პრეზიდენტ ანჯეი დუდასთან ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ ამერიკამ თავის ნატოელ მოკავშირეს - პოლონეთს საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის - Patriot-ის ორი ბატარეა გადასცა. რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე კამალა ჰარისმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატო მკაცრად დაიცავს თავისი წევრი ქვეყნების ტერიტორიას, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების შესაბამისად, პრინციპით - ერთზე თავდასხმა ყველაზე თავდასხმას ნიშნავს“, - აღნიშნულია სტატიაში.

ვარაუდები: ვის შეიძლება დაემუქროს რუსეთი?

„მაგრამ იმ ქვეყნებში, რომლებიც ნატოს წევრები არ არიან, ძველებურად ისევ არსებობს შიში - ვაითუ, რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს სხვა ქვეყნების ტერიტორიაზეც თვალი უჭირავს, რომლებიც შესაძლებელია მისი შემდგომი მსხვერპლნი გახდენ. დასავლელი ლიდერები განსაკუთრებით გამოჰყოფენ იმ სახელმწიფოებს, რომლებიც დაუცველები არიან, მაგალითად, უკრაინის მოსაზღვრე მოლდოვა, რუსეთის მოსაზღვრე საქართველო, აგრეთვე, ბალკანეთის ქვეყნები - ბოსნია და კოსოვო. ანალიტიკოსები, ასევე, აღნიშნავენ, რომ საფრთხის ქვეშ შეიძლება აღმოჩნდნენ თვით ნატოს წევრებიც კი - ვთქვათ, ბალტიისპირეთის რესპუბლიკები“, - ნათქვამია სტატიაში. პარალელურად, ავტორები იმოწმებენ საქართველოს პრეზიდენტის - სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს „დეილი მეილის“ ჟურნალისტთან, რომელშიც იგი რუსეთის არმიის შესახებ საუბრობს და იმ საკმაოდ მოულოდნელ ნაკლს აღნიშნავს, რომელიც უკრაინასთან ომის დროს გამოვლინდა: „ჩვენ ვიცით, რომ საქართველოსთან 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთის მთავრობა არმიის მოდერნიზაციაზე დიდ თანხებს ხარჯავდა. სავარაუდოდ, კორუფციის გამო ეს ფული არმიას მთლიანად არ მოხმარდა“.

„მართალია, უკრაინა მედგარ წინააღმდეგობას უწევს რუსეთის არმიას, მაგრამ მაინც უნდა გვახსოვდეს პუტინის ნათქვამი, რომ მისი მიზანი მარტო უკრაინის განეიტრალება კი არ არის, არამედ - მთლიანად ნატოს აღმოსავლეთი ფლანგისა და აღმოსავლეთ ევროპის დანარჩენი ნაწილის გაკონტროლებაც“, - ამბობს გერმანიის მარშალის ფონდის ვარშავის ოფისის დირექტორი მიხალ ბარანოვსკი. დასავლეთის მთავრობებიც არ გამორიცხავენ, რომ უკრაინაზე თავდასხმა შეიძლება მხოლოდ პრელუდია იყოს რუსეთის ფართო მიზნების განხორციელების გზაზე, რომელიც ვარშავის ხელშეკრულების ყოფილი ორგანიზაციის ყოფილ წევრებზე მოსკოვის ბატონობის აღდგენას ითვალისწინებს.

ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი ჯოზეპ ბარელიც სწორედ ამას ამბობს, რომ რუსეთი უკრაინაზე არ გაჩერდება: „ჩვენ შეშფოთებულნი ვართ მოლდოვის, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოების ბედით“, - ამბობს იგი.

მოლდოვა და საქართველო

„დეილი მეილის“ ჟურნალისტები პუბლიკაციაში განიხილავენ ჩამოთვლილი ქვეყნების მდგომარეობას:

მოლდოვასთან მიმართებით სტატიაში ნათქვამია, რომ ეს ქვეყანა აშკარად არ აცხადებს ნატოში ინტეგრირების სურვილს, მაგრამ მაინც შეშფოთებულია სიტუაციით. საკმარისია გავიხსენოთ, რომ ის ახლოს მდებარეობს რუსეთ-უკრაინის სამხედრო ოპერაციის თეატრთან და მას დნესტრისპირეთის სახით სეპარატიზმის პრობლემა აწუხებს, სადაც რუსული სამხედრო (სამშვიდობო) ქვედანაყოფები იმყოფებიან. არის აზრი, რომ ისინი უკრაინის სამხრეთში მოქმედი რუსეთის არმიისადმი შეერთებას განიზრახავენ. მართალია, პრეზიდენტ მაია სანდუს თქმით, დნესტრისპირეთში მყოფ რუსეთის ჯარში ამჟამად რაიმე აქტიურობა არ შეინიშნება, მაგრამ სრული უსაფრთხოების გარანტია არ არსებობს. ამას ემატება უკრაინიდან მოლდოვაში შესული 220 ათასი ლტოლვილიც, რომელთაგან ნახევარი რუმინეთისაკენ წავიდა, ნახევარი კი - მოლდოვაში დროებით დარჩა.

საქართველოსთან დაკავშირებით სტატიის ავტორები იხსენებენ 2008 წლის აგვისტოს ომს, როცა „სამთავრობო ძალებმა წარუმატებლად სცადეს კონტროლის აღდგენა მოსკოვის მიერ მხარდაჭერილ სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონზე“. რუსეთმა ხუთდღიან ბრძოლებში ქართული არმიის დამარცხება შეძლო და ომის დასრულების შემდეგ „სამხრეთ ოსეთი“ და საქართველოს კიდევ ერთი სეპარატისტული რეგიონი დამოუკიდებლად აღიარა. ამჟამად ამ რეგიონებში რუსეთის სამხედრო ბაზებია დისლოცირებული.

საქართველოს პროდასავლურმა ხელისუფლებამ დაგმო რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე, მაგრამ არ გამოავლინა იგივე სოლიდარობა, რომელიც მას უკრაინამ გაუწია 2008 წლის რუსეთთან ომის დროს. ხელისუფლებამ ნება არ მისცა ქართველ მოხალისეებს, რომ ისინი იმ ინტერნაციონალური ლეგიონის წევრებს შეერთებოდნენ, რომლებიც უკრაინაში იბრძოდნენ. საქართველოს მოჩვენებითმა ნეიტრალურმა პოზიციამ საქმე იქამდე მიიყვანა, რომ ათასობით ადამიანმა თბილისის ცენტრში გამართულ, უკრაინისადმი სოლიდარობის მიტინგში მიიღო მონაწილეობა.

გასულ კვირას საქართველომ, უკრაინის მსგავსად, განაცხადი წარადგინა ევროკავშირში მიღების თაობაზე. თბილისს ეს გათვალისწინებული ჰქონდა 2024 წლისათვის, მაგრამ მოვლენების განვითარების კვალობაზე, სიტუაცია შეიცვალა. უკრაინას და საქართველოს მიბაძა მოლდოვამაც. უკრაინისა და საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობა და დასავლეთთან მათი ინტეგრაციისაკენ სწრაფვა იმპერიული რუსეთის მმართველს დიდი ხანია, არ მოსწონს. 2008 წლის ანტიქართული აგრესიის შემდეგ ვლადიმერ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგაც მსგავსი ნაბიჯი გადადგა, მიიტაცა ყირიმი და დონბასის დამოუკიდებლობა აღიარა. მართალია, ორივე ქვეყანას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, მაგრამ ეს სტატუსი მათთვის წევრობის გარანტიას არ იძლევა, - აღნიშნავენ პუბლიკაციის ავტორები.

ბალტიისპირეთი: დაპირისპირება რუსეთთან და ჩინეთთან

სტატიაში, ასევე, საუბარია ბალტიისპირეთის ქვეყნებზე, რომლებიც ნატოს წევრები არიან, მაგრამ მაინც უფრთხიან მოსკოვის აგრესიას - ვაითუ, ვლადიმერ პუტინი მათაც დაემუქროთ იმ საბჭოთა კავშირის აღდგენით, რომლის შემადგენლობაში ისინი 1940 წელს იოსებ სტალინის ძალისხმევით იძულებით აღმოჩნდნენ.

პუბლიკაციაში ყურადღება გამახვილებულია ლიეტუვას სპეციფიკურ მდგომარეობაზე, რომელიც დაპირისპირებულია ბელარუსთან და ჩინეთთანაც, რუსეთის ახლო პარტნიორთან.

ბალკანეთი: სერბეთ-რუსეთის მეგობრობა

რაც შეეხება ბალკანეთის ქვეყნებს: „საეჭვოა, რომ რუსეთის არმიამ ბალკანეთამდე მიაღწიოს, მაგრამ მოსკოვს რეგიონში დესტაბილიზების გამოწვევა მაინც შეუძლია, მაგალითად, მისი მოკავშირე სერბეთის სახით, რომელსაც რუსეთი ტანკებს და სხვა იარაღს აწვდის. კრემლი ბალკანეთს ყოველთვის თავისი გავლენის რეგიონად თვლიდა, თუმცა ყოფილი იუგოსლავია არც საბჭოურ სამხედრო და არც ეკონომიკურ ბლოკში არ შედიოდა. ამავე დროს, სერბებმა ომი დაიწყეს კოსოვოელთა წინააღმდეგ, რომელიც ნატოს ჩარევით შეჩერდა, თუმცა რუსეთი მხარს სერბეთს უჭერდა. დღეს დასავლეთი ეჭვის თვალით უყურებს ბელგრადს, რომელმაც უარი განაცხადა რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციებისადმი მიერთებაზე“, - აღნიშნულია სტატიაში.

„დეილი მაილის“ სტატიის ავტორები ასევე განიხილავენ რუსეთის დამოკიდებულებას ჩერნოგორიის, კოსოვოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინის მიმართაც. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ