"სამწუხაროა, რომ კვლავ წამოიჭრა ლუგარის თემა - გამოდის, რუსეთს სხვა თემა აღარ აქვს იმისათვის, რომ საქართველო დაადანაშაულოს კონკრეტულ დანაშაულში"
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის” ხელმძღვანელის უჩა ნანუაშვილის განცხადებით, სამწუხაროა, რომ ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ წამოიჭრა თემა და გამოდის, რომ რუსეთს რეალურად სხვა თემა აღარ აქვს იმისათვის, რომ საქართველო დაადანაშაულოს კონკრეტულ დანაშაულში.
„მსგავსი განცხადებები რუსეთის მხრიდან ადრეც გაკეთდა, ისევე, როგორც დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან. პანდემიის პირობებში მსგავსი განცხადება რამდენჯერმე მოვისმინეთ. შეიძლება ითქვას, ეს იმდენად არასერიოზული თემაა, რომ არც უნდა ვმსჯელობდეთ, მაგრამ მაშინ ხელისუფლების მხრიდან პასუხი გაეცა და ასევე, სურვილი გამოითქვა, რომ ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით ყოფილიყო გარკვეული ინფორმაციის მიწოდება რუსული მხარისთვის, რაც ნამდვილად მოხდა კიდეც, როგორც ჩემთვისაა ცნობილი. თუმცა, სამწუხაროა, რომ კვლავ, კიდევ ერთხელ წამოიჭრა ეს თემა. გამოდის, რომ რუსეთს სხვა თემა რეალურად აღარ აქვს იმისათვის, რომ საქართველო დაადანაშაულოს კონკრეტულ დანაშაულში. აქედან გამომდინარე, ხელისუფლების მხრიდან ამ შემთხვევაში მაინც უნდა დაფიქსირდეს მკვეთრი პოზიცია და ახსნა იმაზე, თუ რას ემსახურება რეალურად ლუგარის ლაბორატორია. ეს ინფორმაცია უფრო ნათლად უნდა იყოს მიტანილი, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებამდე და რუსეთის ხელისუფლებამდეც, იმიტომ, რომ ნათელი და ცხადია, თუ რას ემსახურება მსგავსი ლაბორატორია და აქ, რამე კითხვის ნიშნები არ უნდა არსებობდეს", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას.
ცნობისთვის, რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების მეთაურმა იგორ კირილოვმა განაცხადა, რომ ღამურების, როგორც ბიოლოგიური იარაღის გადამტანი პოტენციური აგენტების შესწავლა მოხდა. „პროექტი საქართველოს ბიოლოგიური ლაბორატორიის მონაწილეობით განხორციელდა“, - განაცხადა კირილოვმა.
"ინტერპრესნიუსი"