"სამართალი აღსრულდა, ეს საქართველოს კიდევ ერთი დიდი გამარჯვებაა"
"სამართალი აღსრულდა. ეს საქართველოს კიდევ ერთი დიდი გამარჯვებაა", - ასე გამოეხმაურა პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია ჰააგის სასამართლოს პროკურორის მიერ აგვისტოს ომის საქმეზე სამი პირის დაკავების ორდერის გამოცემას.
როგორც გახარია აღნიშნავს, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის რუსეთის მიერ საქართველოში 2008 წელს ჩადენილი ომის დანაშაულების დასტური.
„სამართალი აღსრულდა. საქართველოს კიდევ ერთი დიდი გამარჯვება. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის გადაწყვეტილება სამი დამნაშავის დაკავების შესახებ არის რუსეთის მიერ საქართველოში 2008 წელს ჩადენილი ომის დანაშაულების დასტური. ვუსურვებ გამარჯვებას უკრაინას. დიდება საქართველოს, დიდება უკრაინას“, - წერს გიორგი გახარია სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორმა, კარიმ ხანმა აგვისტოს ომის საქმეზე სამი პირის დაკავების ორდერისთვის განაცხადი შეიტანა.
კარიმ ხანის განცხადებით, აღნიშნული პირები არიან : გენერალ-ლეიტენანტი მიხაილ მინძაევი, რომელიც 2005-2008 წლებში „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო ადმინისტრაციის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი იყო; გამლეტ გუჩმაზოვი, რომელიც აგვისტოს ომის დროს „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო „შინაგან საქმეთა სამინისტროს“ წინასწარი დაკავების დაწესებულების უფროსი იყო; დავით სანაკოევი, “სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. „პრეზიდენტის“ დე ფაქტო წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში, ასევე ცნობილი როგორც „ომბუდსმენი“ აგვისტოს ომის მოვლენების დროს.
"ინტერპრესნიუსი"