"ჩემთვის გმირი და მისაბაძი გიორგი ანწუხელიძეა. მან, როგორც ჯვარზე გაკრულმა იესო ქრისტემ, ყოველ წამებას გაუძლო"
უკრაინული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, 9 მარტს რუს ოკუპანტებთან შეტაკებისას უკრაინელი მებრძოლი იაშკა ციგანკოვი დაიღუპა. როგორც ცნობილია, ის დონბასში დაპირისპირების პირველივე დღიდან იბრძოდა და სამშობლოს ინტერესებს იცავდა.
"მან იცოდა, რომ ომი დაიწყებოდა და ჩვენს გამარჯვებაში ეჭვი არ ეპარებოდა. მან საკუთარი თავი სამშობლოს მიუძღვნა“, - წერს უკრაინელი ჟურნალისტი ფეისბუკის პირად გვერდზე.
„ის ნამდვილად არ იყო იმ ადამიანთა რიგებიდან, ვისაც ავიაციის ეშინია. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ზეცაში პირველად საუკეთესოები მიდიან, ჩვენ ჯერ კიდევ უნდა დავიმსახუროთ ასეთი ჯილდო... მალე შევხვდებით“, - წერს სოციალურ ქსელში ბელარუსი ოპოზიციონერი იან მელნიკოვი.
როგორც ცნობილია, იაშკა ციგანკოვი, რომელიც ოკუპანტებთან ბრძოლაში დაიღუპა, დიდ პატივს სცემდა ქართველ გმირებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის დაცვისას დაიღუპნენ. მას "ფეისბუკის" პირად გვერდზე გიორგი ანწუხელიძის ფოტო ჰქონდა გამოქვეყნებული, რათა არასდროს დავიწყებოდა ის გმირობა, რაც ქართველებმა ჩაიდინეს. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში უკრაინელი მებრძოლი ქართველებზე საუბრობს:
„მე ძალიან ბევრი ქართველი მეგობარი მყავს, აქამდე მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ამ ქვეყანაში უკრაინელები ძალიან უყვართ. მე ქართველ მებრძოლთან ერთად მხარდამხარ ვიბრძოდი. რამდენიმე ღონისძიებაში მივიღეთ მონაწილეობა. ვამაყობ, რომ ასეთ მებრძოლთან ერთად ვომობდი. ბევრი რამ გავიგე ქართული ბატალიონის შესახებ. გავიგე ისიც, რომ უკრაინის სხვადასხვა ნაწილში ქართველები იბრძვიან და, სამწუხაროდ, იღუპებიან კიდეც. ვცდილობ, ქართველი გმირების სახელები დავიმახსოვრო.
ჩემთვის გმირი და მისაბაძი გიორგი ანწუხელიძეა. მან, როგორც ჯვარზე გაკრულმა იესო ქრისტემ, ყოველ წამებას გაუძლო. დაიღუპა, მაგრამ სულიერად არ გატყდა. ეს ჩემთვის მაგალითია, და საერთოდ, ჩემთვის მთელი საქართველო მაგალითია იმისა, როგორ არ უნდა დანებდე. მადლობა მინდა გადავუხადო ქართველებს, რომ მხარს გვიჭერთ და გვეხმარებით, განსაკუთრებული მადლობა კი მათ, ვინც უკვე იბრძვის და აპირებს ჩვენს გვერდით ბრძოლას. დიდება საქართველოს!“, - ამბობს ვიდეომიმართვაში უკრაინელი მებრძოლი იაშკა ციგანკოვი.