"ღმერთმა არ ქნას, მაგრამ თუ რამე მოხდა, ომში ისევ ის ადამიანები წავალთ, ვინც თავის დროზე ვიყავით, ხოლო ბუჩქებში ისევ ისინი დაიმალებიან და გაიქცევიან, ვინც თავის დროზე გაიქცა" - კვირის პალიტრა

"ღმერთმა არ ქნას, მაგრამ თუ რამე მოხდა, ომში ისევ ის ადამიანები წავალთ, ვინც თავის დროზე ვიყავით, ხოლო ბუჩქებში ისევ ისინი დაიმალებიან და გაიქცევიან, ვინც თავის დროზე გაიქცა"

ღმერთმა არ ქნას, მაგრამ თუ რამე მოხდა, ომში ისევ ის ადამიანები წავალთ, ვინც თავის დროზე ვიყავით, ხოლო ბუჩქებში ისევ ისინი დაიმალებიან და გაიქცევიან, ვინც თავის დროზე გაიქცა, - ეს განცხადება „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის დავით უსუფაშვილის პასუხად „ქართული ოცნების“ დეპუტატმა სოზარ სუბარმა გააკეთა.

ამასთან, როგორც სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, „ძალიან არ სურს დავით უსუფაშვილზე იგივე გაიმეოროს, რასაც „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ამბობს, რომ აქვს მეხუთე კოლონის რიტორიკა“.

„რაც შეეხება შიშს, აფხაზეთში როგორც ერთი რიგითი ჯარისკაცი ვიბრძოდი. ავირჩიე ყველაზე სახიფათო, რაც შეიძლება ომში იყოს - ეს არის განაღმვა. ყოველი გასვლა იმას ნიშნავდა, რომ თვალებში ვუყურებდი სიკვდილს. ყოველი გასვლის წინ ამ შიშის დაძლევა მიწევდა, მაგრამ შიშს ვძლევდი, რადგან ჩემს ზურგს უკან სოხუმი იდგა და ჩემი თანამებრძოლები იყვნენ. დღეს ჩვენს უკან საქართველო დგას და პასუხისმგებლობა გადის იმაზე, რომ ომი ქვეყანას ავაცილოთ. ავიცილოთ თავიდან ახალი მსხვერპლი, ახალი ოკუპირებული ტერიტორიები და სახელმწიფოებრიობის ჩამოქცევა, რაც ბევრ პარტიას ასე ძალიან უნდა", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ცნობისთვის, "ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "თავისუფალი სტუდიაში" განაცხადა, რომ „ხელისუფლების პოლიტიკა არის არა სიფრთხილისა და კეთილგონიერების პოლიტიკა, არამედ ნეიტრალიტეტის და ჩირგვებში დამალვის პოლიტიკა“. უსუფაშვილის შეფასებით, საქართველოს სახელისუფლო სისტემაში არიან ადამიანები, რომლებიც პირდაპირ რუსეთის მითითებით მოქმედებენ.