"დაშლილი რუსეთი ნიშნავს ხელ-ფეხგაშლილ ჩინეთს, ქაოსს, ლტოლვილების ახალ ნაკადს და უძირო ქვევრს" - კვირის პალიტრა

"დაშლილი რუსეთი ნიშნავს ხელ-ფეხგაშლილ ჩინეთს, ქაოსს, ლტოლვილების ახალ ნაკადს და უძირო ქვევრს"

რუსეთ-უკრაინის ომმა ჩრდილოეთ კავკასიელები ორ ნაწილად გაყო. ერთი ნაწილი უკრაინის სასარგებლოდ იბრძვის, მეორე - რუსეთის. როგორი განწყობებია ჩეჩნეთსა და, ზოგადად, ჩრდილოეთ კავკასიაში, რას ფიქრობენ ამ ომთან დაკავშირებით აფხაზები და ოსები, რისი ეშინიათ და რისი მოლოდინი აქვთ, - ამ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში - მამუკა არეშიძე გვესაუბრება:

- ჩრდილოეთ კავკასიელების უმრავლესობას, სამოქალაქო აქტივისტების გამოკლებით, რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ ნეიტრალური პოზიცია აქვთ ან თავად მონაწილეობენ ბრძოლებში. გუშინ უკრაინაში ტყვედ ჩავარდნილთა სია ვნახე. ძალიან ბევრი იყო ჩრდილოეთკავკასიური, მათ შორის - ოსური გვარი. ჩრდილოეთ კავკასიაში რუსეთის მიერ წამოწყებულ ომს ძალიან ცოტა ადამიანი აპროტესტებს.

- ამას, ალბათ, თავისი ობიექტური მიზეზები აქვს, მაგალითად, ჩეჩნეთში ადვილი არ არის საკუთარი ნებისა და პოზიციის გამოხატვა.

- რასაკვირველია, თუმცა კავკასიელებს სლავების მიმართ საკმაოდ ცივი დამოკიდებულება აქვთ. ეს არის ისტორიული მეხსიერება, გენეტიკური კოდი, რომელიც დროდადრო აქტიურდება. ჩრდილო-კავკასიელების დიდ ნაწილს რომ ჰკითხო, გეტყვიან, რომ ეს არის შიდასლავური გარჩევა.

- ამ თეორიის მიხედვით, რუსების მიმართაც ცივი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ.

- აქვთ კიდეც, ნუ დაგვავიწყდება რომ ჩეჩნეთის მეორე ნაწილი უკრაინელების მხარეს ანუ რუსების წინააღმდეგ იბრძვის. ეს "კადიროვცები" პრაგმატულად მოქმედებენ. რუსეთმა კი დაანგრია და მიწასთან გაასწორა ჩეჩნეთი, მაგრამ შემდეგ უამრავი ფული დაახარჯა მის აღდგენას. კადიროვს ნათქვამი აქვს - ერთგულების ფიცი მივეცი პუტინს და არა - რუსეთს. აქედან დასკვნა ერთია - ახლა არის კადიროვი რუსეთის ერთგული, მაგრამ პუტინი რომ აღარ იქნება პრეზიდენტი, მერე რას იზამს, ღმერთმა იცის. ნახეთ, რუსეთ-უკრაინის ომში სულ ოთხი ჩეჩნური ბატალიონი იბრძვის, ორი რუსების მხარეს, ორი - უკრაინელების მხარეს. უკრაინის მხარეს საკმაოდ ცნობილი ბატალიონები იბრძვიან - ერთი ჯოხარ დუდაევის, მეორე კი მანსურის სახელობის ბატალიონებია. ესენი, ძირითადად, ემიგრაციაში მყოფი ჩეჩნები არიან. ბოლოს უკრაინაში მცხოვრები ჩეჩნებიც დაემატნენ. ამას გარდა, ჩეჩნები და, ზოგადად, კავკასიელები „ქართულ ლეგიონშიც“ არიან და - „აზოვშიც“. სხვათა შორის, „აზოვი“ ყველაზე მედგრად იცავს, ასევე, მარიუპოლს. ისიც მინდა გითხრათ, რომ „აზოვში“ ქართველებიც არიან და, რაც ყველაზე საოცარია, ერთი - აფხაზია. რუსეთისა და დონეცკის მხარეს იბრძვის „აფხაზთა“ ბატალიონი, რომლის მეთაური არის, დონეცკის გმირი ახრა ავიძბა. ავიძბას ბატალიონში იბრძვიან ოსებიც. ერთი სიტყვით, ვერ ვიტყვი, რომ ჩრდილოეთ კავკასიელები ამ ომის წინააღმდეგ იყვნენ. ერთადერთი გამონაკლისი აფხაზეთია, მათაც ეგოისტური მიზნები ამოძრავებთ.

- რას გულისხმობთ?

- აფხაზები მიიჩნევენ, რომ ძალიან მძიმე დღეები დაუდგება რუსეთს და, შესაბამისად - აფხაზებსაც. გულისხმობენ, პირველ რიგში, ეკონომიკურ გაჭირვებას. ამასთან, ეშინიათ, რომ მათი შვილები არ წაიყვანონ ომში. თუ ჩრდილოეთ ოსები სიამოვნებით მიდიან ომში, აფხაზები პირიქით - წინააღმდეგნი არიან.

- რა არის ოსური და აფხაზური განწყობების სხვადასხვაობის მიზეზი?

- ოსები მთლიანად მიბმულები არიან რუსეთზე. ფიქრობენ, რომ მათი ცხოვრება არ შედგებოდა რუსეთის გარეშე, რომ გენოციდის მსხვერპლნი იქნებოდნენ. ასეთი აზრი აქვთ ჩადებული. აფხაზები სხვანაირად აზროვნებენ, მიჩვეულები არიან - როგორც რუსების, ასევე - ქართველებისგან მიიღონ მაქსიმუმი და გასცენ - მინიმუმი.

- აფხაზების შიში ეკონომიკურ პრობლემასთან დაკავშირებით საფუძველს ნამდვილად არ არის მოკლებული. რა იქნება, როდესაც დასავლური სანქციებით შებოჭილი რუსეთი დოტაციებს ვეღარ გასცემს ჩრდილოეთ კავკასიაში?

- მოსკოვი საკუთარ ხალხს აშიმშილებს, მაგრამ კავკასიას და თათარსტანს ფულს არ მოაკლებს. ამ კითხვას, რომელიც თქვენ დამისვით, რუსებიც უსვამენ თავიანთ თავს. საკმარისია ამ რესპუბლიკებში დოტაცია შეჩერდეს, რომ უმძიმესი სოციალური სურათი შეიქმნება, რასაც, თავის მხრივ, მოჰყვება ანტიცენტრისტული გამოსვლები. ამას მერე რა მოჰყვება, კაცმა არ იცის. რუსებმა იციან, რომ დოტაციების შეჩერების შემთხვევაში, კავკასიას აუცილებლად დაკარგავს.

- ადრე თუ გვიან რუსეთი მაინც დადგება ეკონომიკური კოლაფსის წინაშე და ვეღარ შეძლებს დოტაციებზე მყოფი რესპუბლიკების დაკმაყოფილებას.

- ღმერთმა ქნას, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ. მე არ მრჩება შთაბეჭდილება, რომ დასავლეთს რუსეთის ბოლომდე დაშლა უნდოდეს.

- რა გაძლევთ ასეთი ფიქრის მიზეზს?

- დასავლელი ანალიტიკოსების პოზიციები. ისინი ძალიან ფრთხილად ეკიდებიან რუსეთის დაშლის საკითხს, იმიტომ, რომ დაშლილი რუსეთი ნიშნავს ხელ-ფეხგაშლილ ჩინეთს, ქაოსს, ლტოლვილების ახალ ნაკადს და უძირო ქვევრს, რომელიც შემდეგ ისევ დასავლეთის ამოსავსები იქნება. ამიტომ მათ სჭირდებათ ლოიალური რუსეთი და არა - დაშლილი რუსეთი.

- მაგრამ პუტინი და მისი მთავრობა ვერასდროს გახდება ლოიალური.

- სწორედ ამიტომ, დასავლეთი ყველაფერს გააკეთებს, რომ რუსეთი პუტინის გარეშე დარჩეს. პუტინი რომ ხშირად თავს აფარებს ბუნკერს და უპრეცედენტოდ აძლიერებს საკუთარ დაცვას, შემთხვევითი არ არის. ეს იმაზე მეტყველებს, რომ გარე საფრთხეზე მეტად „ციხის შიგნიდან გატეხვის“ ეშინია.

- არსებული მოცემულობა რამდენად გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ჩვენი დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებაზე ვიფიქროთ?

- პირველ რიგში, ჩვენმა ხელისუფლებამაც და საზოგადოებამაც უნდა გააცნობიეროს, რომ დღევანდელ მოცემულობაში ერი და ბერი უნდა გაერთიანდეს. მაქსიმალური სიფრთხილე და მოქნილობაა საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში, კაცმა არ იცის, რა მოხდება. შეიძლება ძალიან მძიმე დღეები დაუდგეს საქართველოს.

(სპეციალურად საიტისთვის)

ხათუნა ბახტურიძე