"გაკვირვებულმა აფხაზმა, თურმე, ხმა ვერ ამოიღო, იჯდა და ფიქრობდა, ბაბუაჩემი მოეკლა და მერე გადაეწვა სახლები, თუ..."
27 წლის სალომე სამუშია მაქსიმალურად ცდილობს, უკრაინიდან დევნილებს დაეხმაროს, რადგან თავადაც გამოცდილი აქვს ომის სიმძიმე და იცის, რამდენად რთულია საკუთარი სახლ-კარის დატოვება და დევნილის სტატუსით ცხოვრება. მან და მისმა მეგობრებმა ამ დღეებში 15 ადამიანი შეიფარეს, ახლაც აგროვებენ სხვადასხვა სახის დახმარებას და უკრაინაშიც უგზავნიან.
სალომე სამუშია:
- აფხაზეთიდან ვარ. ჩემთვის ომი ძალიან სენსიტიური, მტკივნეული თემაა. მე ის თაობა ვარ, რომელიც დევნილობის გამო, ოჯახთან ერთად მუდმივი საცხოვრებლის ძიებაში იყო. სოხუმი რომ დაეცა, ბებია და ბაბუა აფხაზებისა და რუსების არმიამ ჩვენს საცხოვრებელ სახლში ტყვედ აიყვანა, სხვა მეზობლებთან ერთად - 2 კვირის მანძილზე ჩვენს სახლში, ფაქტობრივად, გამაგრებულები იყვნენ. გარკვეული დროის შემდეგ დაჯგუფების ხელმძღვანელმა ბაბუაჩემი ბორკილდადებული გაიყვანა და ჩვენ გვერდით სახლის დაბომბვის შესახებ აცნობა, უთხრა, რომ იმ სახლით დაიწყებდა და გადაწვავდა მთელ ქუჩას. ბაბუამ, თურმე, ავტომატი გულზე მიიბჯინა და უპასუხა, ჯერ ჩემი სახლი დაწვით, მერე მე მომკალით და მას მერე, რაც გინდათ ის ჰქენითო. გაკვირვებულმა აფხაზმა, თურმე, ხმა ვერ ამოიღო, დიდი ხანი იჯდა და ფიქრობდა, ბაბუაჩემი მოეკლა და მერე გადაეწვა სახლები, თუ - არა.
საღამოს ბაბუა და ყველა ტყვე გარეთ გამოიყვანა და მათთვის უთქვამს, არ ვიცი, ქართველებს საიდან გაქვთ ამხელა ძალა, როგორ არ შეგეშინდა, იქნებ მართლა მომეკალი, გიღირდა სიცოცხლის დათმობა სხვების სახლების გამოო? ბაბუას მისთვის უპასუხია, ეს ყველა ჩემი სახლია, ყველა სახლში მირბენია, ფეხშიშველს, მითამაშია და თუ ამათ სახლები არ ექნებათ და ცოცხლები არ იქნებიან, რა აზრი აქვს ჩემს უღირს ცხოვრებასო. ბაბუას მეგობრები მერე ჰყვებოდნენ ჩვენთან ამ ამბავს. დღეს სამწუხაროდ არცერთი მათგანი არაა ცოცხალი. ეს აფხაზი, თურმე, უცებ ბავშვივით გამხდარა, წასკდა, თურმე, ცრემლები და შემდეგ ბაბუას გადაეხვია, ბოდიში მოუხადა ამ ომის გამო. იმ ღამესვე გამოუშვეს ტყვეობიდან ყველანი.
ასე გადაურჩა აფხაზეთში ჩვენი ქუჩა განადგურებას. ჩვენს ქუჩაზე დღემდე არც ერთი სახლი არ დამწვარა. ერთადერთი, ეს ქუჩა გადარჩა. მთელი ცხოვრება ასეთ მაგარ ბაბუასთან გვაქვს გატარებული. მამაზე ხომ არ ვიცი, რა ვთქვა, მთელი ცხოვრება რომ ვილაპარაკო მასზე, არ მეყოფა. აფხაზეთის ომს შესწირა ყველაფერი. დღეს მამა 54 წლის არის და გადანერგილი ფეხის ძვლის ტკივილი ყოველ წამს ახსენებს მას, რომ ის ომის შვილია.
- მამა ომში მონაწილეობდა?
- 27 წლის იყო აფხაზეთის ომი რომ დაიწყო და 27 წლის ბიჭი მთლიანად გაჭაღარავდა. დედა 18 წლის იყო, მე - 6 თვის და დედა ჩემს ძმაზე ფეხმძიმედ იყო. პირველი, რაც მამამ გააკეთა, ფეხმძიმე დედაჩემი და მე უსაფრთხო ადგილას გადმოგვიყვანა, თვითონ უკან დაბრუნდა ომში. ამ დროს, ბებია და ბაბუა მძევლად ჰყავდათ აყვანილი აფხაზებს. მერე რამდენიმე დღე მამაც ტყვედ იყო ჩავარდნილი და უმძიმესი დღეები გამოიარა, ამიტომაც ამ ასაკში გაჭაღარავდა. ფეხზე გადანერგვა აქვს გაკეთებული, რადგან მამა აფხაზებმა უმოწყალოდ სცემეს, ისე საშინლად გაუსწორდნენ, სამი თვე რეანიმაციაში იწვა. ძალიან რთული დღეები აქვს გამოვლილი ჩემს ოჯახს და არა მარტო ჩვენს ოჯახს, არამედ - აფხაზეთიდან დევნილების 99 პროცენტს ჩვენი მსგავსი ან კიდევ უარესი ამბავი გადახდა თავს. ამიტომ ძალიან მძაფრად აღვიქვამთ უკრაინის ომს და იმ დევნილების ტკივილი გვტკივა. ძალიან მძიმეა, როდესაც საკუთარ თავზე გაქვს გამოცდილი, რას ნიშნავს უსახლკაროდ დარჩენა, მუდმივად საცხოვრებლის ძიება. ადგილის დამკვიდრება და რამდენად რთულია, როდესაც შენს ქვეყანაში ხდები დევნილი და წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაში არიან ახლა ისინი, როცა დღეს უწევთ ყველაფრის მიტოვება და უცხო ქვეყანაში გარბიან. ამიტომ მინდა, მათ მაქსიმალურად გვერდით დავუდგეთ და დარწმუნებული ვარ, ყველა დევნილი, ვისაც ომის საშინელება გამოცდილი აქვს, ამ განწყობით არის დღეს, რომ როგორმე გაუწოდოს მათ დახმარების ხელი.
- თქვენ აღნიშნეთ, რომ 6 თვის ასაკში დატოვეთ აფხაზეთი. ფაქტია, არ გემახსოვრებათ იქაურობა.
- 2019 წელს მომიწია აფხაზეთში ჩასვლამ, იქ გვყავს აფხაზი ნათესავები და ამის საშუალება მოგვეცა. სამწუხაროდ, მე და ჩემს მეგობარს სასწრაფოდ, 3 დღეში უკან მოგვიწია წამოსვლამ. ჩვენი იქ ყოფნა დაემთხვა იმ პერიოდს, როცა სერიოზული დაპირისპირება მოხდა ადგილობრივ კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის, ისეთი დაძაბული ვითარება იყო, რომ უკან წამოვედით. იმ დღესვე ჩაკეტეს საზღვარიც. ერთმანეთს დაერივნენ კრიმინალები... თუმცა სამი დღის განმავლობაში დავათვალიერეთ ჩვენი მონატრებული და მშობლიური კუთხე. ვნახეთ მონასტრები. კორუფცია, განუკითხაობა, შავი სამყაროა მაღალ დონეზე და ფაქტია, იქაურობას რუსები აკონტროლებენ. ხომ იცით, რა მდგომარეობა იქნება, როცა რუსი მართავს იქაურობას?!
- თქვენი სახლი ნახეთ?
- ჩვენი სახლი და მეზობლების სახლებიც დგას. ზოგან სომხები ცხოვრობენ. ვიყავი ოჩამჩირეშიც, სადაც საერთოდ ჩამოსახლებულები ჰყავთ რუსებს ვიღაცები. ჩვენს სახლში არავინ ცხოვრობს. მამიდაჩემის სახლია სოხუმში და იქ სომხები ცხოვრობენ. ძალიან მინდოდა, ისიც მენახა, მაგრამ თავის შეკავება გვირჩიეს. გვითხრეს, რომ იმ რაიონში სახიფათოა მისვლაო და ამიტომ, თავი შევიკავეთ. მართალია, აფხაზეთის ომი მე არ მახსოვს, 2008 წლის აგვისტოს ომის დროსაც მაინც პატარა ვიყავი და ისე კარგად ვერ ვაცნობიერებდი, რაც ხდებოდა. თუმცა ვიცი, როგორი მძიმე დღეები გამოვიარეთ. უკრაინის ომის კადრებმა ისევ გააცოცხლა აფხაზეთის ომზე ნანახი კადრები, ის ამბები, რასაც ჩემები მიყვებოდნენ, აგვისტოს ომიც და მერეც, დევნილობაში რაც გამოვიარეთ. ამიტომ არ შემიძლია ამ ომს გულგრილად ვუყურო და არაფერი გავაკეთო იმ ხალხის დასახმარებლად. ომის შემდეგ, როცა ყველაფრის გარეშე რჩები, ეს რას ნიშნავს, კარგად მაქვს გამოცდილი.
- აღნიშნეთ, რომ იყავით აფხაზეთში. ალბათ, კომუნიკაციაც გაქვთ იქაურ აფხაზებთან, როგორ ფიქრობთ, მათთან ერთად თანაცხოვრება შესაძლებელია?
- ორ ნაწილად არის იქ გაყოფილი საზოგადოება. ისინი, ვინც ქართველებს იცნობდნენ ომამდე, იციან ქართველების დამოკიდებულება და მეორე მხარეა ახალი თაობა, რომელიც აგრესიულად არის განწყობილი ქართველების მიმართ. დარწმუნებულები არიან, რომ ომი დავიწყეთ ჩვენ, ქართველებმა და ჩვენ დავხოცეთ აფხაზები. თითქოს, რუსეთი არაფერ შუაშია. ამას ასწავლიან მათ სკოლებში, გაყალბებულია საქართველოს ისტორია და ამიტომაც არის ასეთი დამოკიდებულება. ჩემი ობიექტური აზრით, აფხაზებსა და ქართველებს ერთმანეთთან დააბრუნებს ის მეგობრობა, ის ურთიერთობები, რაც იყო ომამდე. ვფიქრობ, მეტი პირდაპირი ურთიერთობა, პირდაპირი კომუნიკაცია, საუბრები არის კარგი, ყველანაირი საზღვრების გარეშე, რამაც შეიძლება ჩვენ ერთმანეთთან შეგვარიგოს. კი ვიძახით, აუცილებლად დავბრუნდებითო, მაგრამ ეს ლიტონი სიტყვებია, ამისთვის ნაბიჯები უნდა გადაიდგას. ჩვენ კი გვინდა აფხაზეთი და აფხაზები, მაგრამ იქაურ ახალ თაობას ჩვენ არ ვუნდივართ.... მე მახსოვს სოფელ დარჩელში, მიტოვებულ შენობაში, ასობით საწოლი და ათობით ოჯახი როგორ ცხოვრობდა, მე მახსოვს თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექვს სართულზე, დერეფნებში, პალატებში და საპირფარეშოებში შესახლებული ჩვენი ოჯახები, ჩვენი ნათესავები. მე ვიცი, რა გამოვიარეთ, მე ვიცი, რა არის ომი და, სამწუხაროდ, მახსოვს ისიც, რომ არავინ არავის იფარებდა და ჩამოთრეულ ლტოლვილებსაც გვეძახდნენ. ამიტომ დღეს ძალიან მტკივა უკრაინის მოვლენები, ძალიან მტკივა იქ უსახლკაროდ დარჩენილი გოგო-ბიჭების, ბავშვების, ქალების გასაჭირი და ამიტომ მე და ჩემი მეგობრები მაქსიმალურად ვცდილობთ, ძალიან აქტიურად ვართ ჩართული უკრაინელების დასახმარებელ კამპანიაში. ვეხმარებით საქართველოში ჩარჩენილ უკრაინელებს და მოგიყევით კიდევაც იქ ჩარჩენილი ქართველი არჩილ სურმანიძის ოჯახის უმძიმესი ისტორიაც, რომლის დახმარებასაც ვცდილობთ. უბრალო ხალხიც არის ჩვენ გვერდით და მოგროვილი თანხებიც ჩავრიცხეთ უკრაინაში უმძიმეს მდგომარეობაში მყოფებთან. ომი რომ დაიწყო და ფრენები შეწყდა, მას შემდეგ 15 ადამიანს დავეხმარეთ. ამჟამად დედაჩემთან არიან 14 წლის გოგონა და მისი 40 წლის დედა, ისინი საქართველოში გაერომ ჩამოიყვანა და ჩვენმა ოჯახმა შეიფარა. ჩემი მეგობრების ბინებშიც არიან აქ ჩარჩენილი უკრაინელები. ჩემთან იყვნენ კიევიდან ცოლ-ქმარი, რომლებიც ტურისტულად ჩამოვიდნენ საქართველოში და აქ ჩარჩნენ. 4 წლის ბავშვი კიევში დედასთან ჰყავდათ დატოვებული. ვარშავის გავლით კიევში ჩავიდნენ. 5 დღე იყვნენ გზაში. პროდუქტებით, სხვადასხვა ჰიგიენური საშუალებებით ვეხმარებით ამჟამად 15 ადამიანს. 13 ადამიანია აქ ჩარჩენილი, რომლებთანაც ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს. ახლა ამ საქმეს მე და ჩემი მეუღლე ერთად ვაკეთებთ, რომ არა მისი მხარდაჭერა, მარტო ვერავის დავეხმარებოდი. მინდა, ეს ომი მალე დასრულდეს, აგრესორი რუსეთი დამარცხდეს და აგოს პასუხი ყველა დამნაშავემ უდანაშაულო ადამიანების ხოცვისთვის, ამ გენოციდისთვის და ღმერთმა ქნას, ჩვენ ყველას მოგვეცეს საშუალება ჩვენ სახლებში დავბრუნდეთ და ბედნიერად ვიცხოვროთ.
(სპეციალურად საიტისთვის)
ასევე დაგაინტერესებთ: