როცა გინდა, რომ ბევრი რუსი მფრინავი გახდეს მილიონერი: უკრაინა ფსიქოლოგიურ შეტევაზე გადავიდა - კვირის პალიტრა

როცა გინდა, რომ ბევრი რუსი მფრინავი გახდეს მილიონერი: უკრაინა ფსიქოლოგიურ შეტევაზე გადავიდა

არ იფიქროთ, რომ სამხედრო ექსპერტის, ჟურნალ “არსენალის” მთავარი რედაქტორისა და ცნობილი ბლოგერის, ბატონ ირაკლი ალადაშვილის სფეროში ვაპირებ დიდი ხნით შეჭრას. 2022 წლის 8 მარტს უკრაინის უზენაეს რადაში მმართველი პარტია „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ხელმძღვანელმა დავით არახამიამ “ფეისბუქში” ამგვარი პოსტი გამოაქვეყნა: “სახელმწიფო კონცერნი „უკრობორონპრომი“ მზადაა გადაიხადოს 1 მილიონი აშშ დოლარის პრემია ოკუპანტებისთვის გატაცებული ან ნადავლად ხელში ჩაგდებული თვითმფრინავისთვის. ასევე, არსებობს 500 000 დოლარის პროგრამა გატაცებული ვერტმფრენისთვის მუშა მდგომარეობაში. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად რუს მფრინავებს გარანტირებული აქვთ თავისუფალი ქვეყნის მოქალაქეობა”.

ხშირად ისტორია მეორდება და მეორდება სრულიად მოულოდნელად: განსხვავებულ დროსა და სივრცეში. ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ომის დროს რომელიმე მხარე დიდ ფულად ჯილდოს აწესებს თანამედროვე საფრენი აპარატების ხელში ჩასაგდებად. ისტორიას რამდენიმე ანალოგიური შემთხვევა ახსოვს. დღეს აშშ-ის სპეცსამსახურების ოპერაცია: “მულა” გავიხსენოთ.

1950 წლის 25 ივნისს საბჭოთა კავშირის წაქეზებით “წითელი” ჩრდილოეთ კორეა სამხრეთ კორეის ტერიტორიაზე შეიჭრა და დაიწყო სამწლიანი ძმათამკვლელი ომი. სამხრეთ კორეას მაშინ (როგორც დღეს უკრაინას) დახმარებას მსოფლიოს დემოკრატიული ქვეყნები უწევდნენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით, ხოლო ჩრდილოეთ კორეის მხარეზე მხოლოდ საბჭოთა კავშირი და ჩინეთი იდგნენ. საბჭოთა კავშირი ჩრდილოეთ კორეას ეხმარეობოდა, როგორც თანამედროვე სამხედრო ტექნიკით, ასევე აგზავნიდა სამხედრო მფრინავებსა და ინსტრუქტორებს.

სამწლიანმა ბრძოლებმა აჩვენა, რომ საბჭოთა გამანადგურებელი მიგ-15 სჯობდა ამერიკულ F-86.

23-1647007156.jpg

ამიტომ, ამერიკელებს ძალიან სურდათ საბრძოლო მდგომარეობაში მყოფი საბჭოთა თვითმფრინავის ხელში ჩაგდება მისი ძლიერი და სუსტი მხარეების შესწავლისთვის. ეს კი ძალზე, ძალზე რთულ ამოცანას წარმოადგენდა. აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო მაშინ სულ სამი წლის შექმნილი იყო და ძლიერი ანალიტიკური პოტენციალით ჯერ არ გამოირჩეოდა. სამაგიეროდ აშშ-ის სამხედრო უწყებას, პენტაგონს, უკვე მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ ჰქონდა კარგად აწყობილი საინფორმაციო-ანალიტიკური სამსახური, რომელიც ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებთან და სამეცნიერო ცენტრებთან თანამშრომლობდა. 1950 წელს გაფორმდა საიდუმლო ხელშეკრულება აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებსა და ჰარვარდის უნივერსიტეტს შორის. ეს სოციალურ-პოლიტიკური კვლევა დასავლეთ ევროპის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა და „ჰარვარდის პროექტის“ სახელითაა ცნობილი, რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენდა მეორე მსოფლიო ომამდე და მისი დასრულების შემდგომ, საბჭოთა კავშირიდან სხვადასხვა გზებით ემიგრირებული პირების გამოკითხვა და მათგან მაქსიმალური ინფორმაციის (სოციალურ-პოლიტიკური, სამხედრო, ეკონომიკური და ა.შ.) მიღება საბჭოთა იმპერიის შესახებ.

რესპოდენტებს წარმოადგენდნენ საბჭოთა ემიგრანტები და სამხედრო ტყვეები. ამ კვლევებზე დაყრდნობით „ჰარვარდის პროექტის“ ხელმძღვანელებმა პენტაგონს მიაწოდეს იდეა მიგ-15 გატაცებისთვის დიდი ფულადი ჯილდოს დაწესების შესახებ. მათი გათვლა ასეთი იყო: საბჭოთა კავშირის (ისევე, როგორც ჩინეთისა და ჩრდილოეთ კორეის) მფრინავები ტოტალიტარული რეჟიმების მონობაში იმყოფებიან, ისინი ძალზე ღარიბები არიან და ოცნებობენ უკეთეს ცხოვრებაზე. თუ მათ თავისუფლებას, ანონიმურობას, უსაფრთხოებასა და ფულს დაპირდებით, მაშინ ისინი თავისი თვითმფრინავებით გაფრინდებიან ფრონტის ხაზს აქეთ.

ამასთან ერთად მიგ-15 გატაცებას ექნებოდა შემდეგი “ბონუსები”:

1. თანამედროვე საფრენი აპარატის ხელში ჩაგდება;

2.თუ ასეთი დეზერტირება მოხდებოდა, ამას დიდი პროპაგანდისტული მნიშვნელობა ექნებოდა: მფრინავი გაექცა კომუნიზმსა და ტოტალიტარულ რეჟიმს;

3. ოპერაცია ასევე გამოიწვევდა საბჭოთა ხელისუფლების შეშფოთებასა და უნდობლობას საბჭოთა (ასევე ჩრდილოეთ კორეელ და ჩინელ) პილოტებისადმი.

პენტაგონში იდეა მოიწონეს და ამის შემდეგ 1953 წლის აპრილის ბოლოდან დაიწყო ოპერაცია “მულას” განხორცილება. პენტაგონის მიერ გეგმის დამტკიცებიდან ოთხი დღის შემდეგ, The Washington Post-ი გამოვიდა სათაურით "გენერალი მარკ კლარკი (რომელიც იმ დროს მეთაურობდა აშშ-ს ჯარებს კორეაში – ბ.ა.) სთავაზობს 100 000 დოლარს საბჭოთა თვითმფრინავისთვის". ხოლო 26 აპრილის ღამეს, ორმა ამერიკულმა ბომბდამშენმა B-29 ფრონტის აეროდრომებზე ჩამოყარა 1,2 მილიონი ბროშურა რუსულ, ჩინურ და კორეულ ენებზე, რომლებშიც ეწერა: "გენერალი კლარკი ყველა პილოტს, რომელსაც სურს კომუნისტურ ჯოჯოხეთს თავი დააღწიოს პირდება თავშესაფრის, დაცვის, ადამიანური ზრუნვისა და ყურადღების სრულ გარანტიას ".

საინტერესოა, რომ “ჰარვარდის პროექტის” ანალიტიკოსების მიერ სხვადასხვა ენაზე შედგენილი ტექსტები განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. კორეელებისთვის მთავარი აქცენტი ფულზე იყო, რუსულენოვან ვერსიაში კი იყო სიტყვები: "თავისუფლება", "გამბედაობა" და "ახალი სიცოცხლე". „... ყველა მამაც მფრინავს, ვისაც სურს გათავისუფლდეს კომუნისტური უღლისგან და დაიწყოს უკეთესი ცხოვრება... გარანტირებული გაქვთ თავშესაფარი, დაცვა, ჰუმანური ზრუნვა და პატივისცემა... თუ მფრინავებს სურთ, მათი სახელები სამუდამოდ საიდუმლოდ დარჩება..." და სხვ.

ბროშურის ბოლოს დასახელებული იყო ჯილდო: სამხრეთ კორეის აეროდრომზე კარგ მდგომარეობაში ჩაყვანილი მიგ-15-ისთვის 50 ათასი დოლარი და დამატებით 50 ათასი დოლარი იმ პილოტისთვის, ვინც პირველი იქნებოდა. მაშინდელი 100 ათასი დოლარი დღევანდელი 900 ათასი დოლარის ექვივალენტია.

ოპერაცია “მულას” ეფექტი სწრაფადვე გამოჩნდა: ამ საინფორმაციო ბროშურების გავრცელებიდან ერთი კვირის განმავლობაში მიგ-15 ფრენების ინტენსივობამ მკვეთრად იკლო, ხოლო 21 სექტემბრის დილას, ჩრდილოეთ კორეელი პილოტი ლეიტენანტი ნო კუმ-სოკი, აფრინდა მიგ-15 –ით (ბორტი RED “2057") ფხენიანის მახლობლად მდებარე სუნანის საჰაერო ბაზიდან და დაეშვა კიმპოს აეროდრომზე, სამხრეთ კორეაში. გაოგნებული ამერიკელების თვალწინ თვითმფრინავიდან გადმოვიდა პილოტი, რომელმაც გამომწვევად დახია ჩრდილოეთ კორეის დიქტატორის კიმ ირ სენის პორტრეტი.

4-1647007304.jpg
ლეიტენანტი ნო კუმ-სოკი

პირველი დაკითხვების შემდეგ, მფრინავი გადაიყვანეს ცსს-ს ბაზაზე სეულის მახლობლად, ხოლო მიგ-15 დაშალეს და სატრანსპორტო თვითმფრინავით გადაიტანეს ოკინავაში მდებარე ამერიკულ სამხედრო-საჰაერო ბაზაზე. როგორც შემდეგ გახდა ცნობილი ნო კუმ-სოკის ხუთი თანამემამულე პილოტი სიკვდილით დასაჯეს. ნომ მიიღო დაპირებული ჯილდო - 100 ათასი დოლარის ჩეკი (გამოფენილია ამერიკის საავიაციო მუზეუმში. იხ. ფოტო). პილოტი საცხოვრებლად გადაიყვანეს შეერთებულ შტატებში, შეუცვალეს სახელი და ის შემდგომ ინჟინრად მუშაობდა ერთ-ერთ ამერიკულ ავიაკომპანიაში.

5-1647007355.jpg

არ გამოვრიცხავ, რომ დავით არახამიას მიერ გახმოვანებული წინადადება აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ანალიტიკოსების მოფიქრებულია. ამ შემთხვევაშიც ამ ოპერაციის მიზნებია, როგორც თანამედროვე საფრენი აპარატის ხელში ჩაგდება, ასევე პროპაგანდისტული შედეგის მიღწევაც: “რუსი მფრინავი გაექცა პუტინის ტოტალიტარულ რეჟიმს თავისუფალ ქვეყანაში” – ეს ფაქტი მართლაც დიდი დარტყმა იქნება რუსეთის უკვე შერყეული იმპერიისთვის.

ამავე დროს, უკრაინელების ამ სპეცოპერაციის მიზანი რუს სამხედრო მეთაურებზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების მოხდენაცაა: ერთი მილიონი დოლარი იმდენად ასტრონომიული თანხაა რიგითი რუსი მფრინავებისთვის, რომ ბევრი ნამდვილად ჯერ გულში გაივლებს თვითმფრინავის გატაცებას და უკრაინის მხარეზე გადაყვანას, შემდეგ კი ამ გეგმის შესრულებაზე იფიქრებს. აი სწორედ ესაა მძლავრი ფსიქოლოგიური დარტყმა რუს გენერლებზე: ახლა მათ დღე და ღამ იმაზე უნდა იფიქრონ, რომ რომელიმე მფრინავი მილიონერი არ გახდეს, სხვა შემთხვევაში ამ გენერლებს “გაციმბირება” არ ასცდებათ. ჩვენ კი ის ვისურვოთ, რომ ამ გეგმის მიხედვით ბევრი რუსი პილოტი გახდეს მილიონერი.