"ვგრძნობ, რომ ჩვენ უკვე დავამყარეთ ძალიან ძლიერი ალიანსი პოლონეთთან. თუ ღმერთი ინებებს და ამ ომს მოვიგებთ, გამარჯვებას ჩვენს და-ძმებს გავუზიარებთ" - კვირის პალიტრა

"ვგრძნობ, რომ ჩვენ უკვე დავამყარეთ ძალიან ძლიერი ალიანსი პოლონეთთან. თუ ღმერთი ინებებს და ამ ომს მოვიგებთ, გამარჯვებას ჩვენს და-ძმებს გავუზიარებთ"

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთის სეიმზე სიტყვით გამოვიდა.

ვიდეო მიმართვისას მან აღნიშნა, რომ ,,უკრაინა რუსეთის ფედერაციაზე გამარჯვებას პოლონურ მხარეს გაუზიარებს“.

საუბრის დასაწყისში ზელენსკიმ აღნიშნა, რომ 2019 წელს , მისი პრეზიდენტობის დასაწყისში უკრაინასა და პოლონეთს ურთიერთობების ნორმალიზებისთვის დიდი გზა ჰქონდათ გასავლელი.

"ვგრძნობ, რომ ჩვენ უკვე დავამყარეთ ძალიან ძლიერი ალიანსი პოლონეთთან. დაე, ეს იყოს არაფორმალური. მაგრამ ალიანსი, რომელიც აღმოცენდა რეალობისგან და არა სიტყვებიდან ქაღალდზე, ჩვენს გულებში არსებული სითბოდან“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ ისაუბრა პოლონელების დამოკიდებულებაზე ომისგან გაქცეული უკრაინელების მიმართ, რომლებსაც პოლონური მხარე იღებს.

"მილიონნახევარზე მეტი უკრაინის მოქალაქე! აბსოლუტური უმრავლესობა ქალები და ბავშვები არიან. ისინი არ გრძნობენ თავს უცხო ქვეყანაში, არ გრძნობენ თავს მიუღებლად. ჩვენს ხალხს ოჯახებში შეხვდით. პოლონური დელიკატესით, ძმური სიკეთით. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გვითხოვია, თქვენ სანაცვლოდ არაფერი მოგვთხოვეთ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ ასევე მადლობა გადაუხადა პოლონეთს უკრაინისა და მისი ხალხისთვის გაწეული დახმარებისთვის.

"თუ ღმერთი ინებებს და ამ ომს მოვიგებთ, გამარჯვებას ჩვენს და-ძმებს გავუზიარებთ. ეს არის ჩვენი და თქვენი სიდიადე“, - თქვა ზელენსკიმ.

"ინტერპრესნიუსი"