რუსებს გადაედოთ მონღოლური ავადმყოფობა - "დაიპყარი ყველაფერი, რაც შეგიძლია“
"დღეს საქართველოს კიდევ ერთხელ აქვს შანსი, რომ დასავლურ ცივილიზაციასთან გავიდეს“
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს მუდამ ისტორიულ ტერიტორიებად მოიხსენიებს და ყველა გამოსვლაში, შეიძლება ითქვას, ისტორიას ახლად წერს. პუტინისეული ისტორიის თანახმად, რომელიც მხოლოდ მისთვის და რუსი მოსახლეობისთვის იწერება, უკრაინა (და საზოგადოდ, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები) ლენინმა და სტალინმა შექმნეს, ხოლო მის მოსახლეობას მოსკოვის მმართველობა სწყურია. რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე პუტინმა თავისი იმპერიალისტური დოქტრინა წარმოგვიდგინა და დაიწყო კიდეც უკრაინის ოკუპაცია. მადლობა ღმერთს, დასავლეთიც მიხვდა "თანამედროვე ჰიტლერის" ზრახვას, რასაც სსრკ-ის ძველ საზღვრებში აღდგენა ჰქვია. ომის დაწყებიდან სულ უფრო სარწმუნო ხდება, რომ რუსეთის ლიდერმა შეიძლება მოიგოს ყველა ბრძოლა, მაგრამ მედგარ უკრაინასთან ომი წააგოს. უკრაინა არის ერი, რომელსაც ათას წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს, კიევის რუსეთი შიშის ზარს სცემდა იმპერიებს მაშინ, როცა მოსკოვი ჩანასახშიც არ იყო.
დიმიტრი შველიძე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი: - რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე პუტინმა სატელევიზიო გამოსვლაში ახალი ისტორია შემოგვთავაზა და სსრკ-ის ყოფილ რესპუბლიკებზე ისაუბრა. ერთ-ერთი მთავარი, რასაც ის შეეხო, იყო უკრაინის ფაქტორი - თითქოს ეს სახელმწიფო არ არსებობდა, ის ლენინმა და სტალინმა შექმნეს, ამიტომ რა უფლება აქვთ, რომ დღეს უკრაინელებს რამეზე პრეტენზია აქვთო.
სხვათა შორის, ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო დღევანდელი რუსეთის ტერიტორიაზე იყო სლავური სახელმწიფო - კიევის რუსეთი და ეს რუსეთმაც კარგად იცის. ამ სახელმწიფოს 882 წელს ჩაეყარა საფუძველი, რამდენიმე საუკუნის განმავლობაში დაიშალა და გაქრა. ეს იმიტომ გავიხსენე, რომ ყველაზე მეტად სახელმწიფოებრიობაზე პრეტენზია უკრაინელებსა და კიევის სახელმწიფოს აქვთ. მათი დიალექტი, მაშინდელი კიევის რუსეთის ენა, იმავე მოსკოვის რუსეთის ენისგან განსხვავდებოდა ისევე, როგორც დღევანდელი უკრაინული განსხვავდება რუსულისგან. ეს სახელმწიფო აღდგა მე-20 საუკუნის დასაწყისში და ჩვენზე ადრე, 1917 წელს გამოაცხადა დამოუკიდებლობა. შემდეგ, ისევე, როგორც სხვა რესპუბლიკების, მოხდა უკრაინის გასაბჭოება და მერე დამოუკიდებლობაც მოიპოვა... რუსეთის პრეზიდენტს და მის მიმდევრებს არგუმენტად მოჰყავთ მოკლეფეხებიანი ტყუილი, მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ რუს საზოგადოებას ყველაფრის სჯერა, რასაც ხელისუფლება და პუტინი ეტყვიან. ბოლო დროს თითქოს რუსი ერი იღვიძებს, მაგრამ ამის დიდი იმედი არა მაქვს, რადგან ის ეთანხმება "დიდი რუსეთის" იდეას. შეიძლება უკმაყოფილონი იმის გამო იყვნენ, რომ რუსეთი უკრაინასთან მარცხდება, მეტი არაფერი. ისტორიის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, დღეს ბელარუსს უფრო ნაკლები პრეტენზია აქვს სახელმწიფოებრიობაზე, მაგრამ ის დამოუკიდებელია, არის გაეროს წევრი, აქვს შემოსაზღვრული საზღვრები, კონსტიტუცია და იმდენად აქვს უფლება იარსებოს, რამდენადაც ძირძველ სახელმწიფოებს, მაგალითად, როგორიც ჩვენ ვართ.
როდესაც რუსეთი ამბობს, რომ სამივე ერი (რუსი, უკრაინელი და ბელარუსი) უნდა გაერთიანდეს, ამას თვითმპყრობელური, ველიკოდერჟავული ნაციონალიზმი ჰქვია. სხვა მხრივ, ეს არავითარი ერთი ერი არაა. ბელარუსს დღეს უნდა რუსეთის მოკავშირეობა, მაგრამ, ამასთანავე, სურს შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა. უკრაინას უნდა დამოუკიდებლობა და მიისწრაფვის დასავლეთისკენ. ვის რა უფლება აქვს იმის, რაც რუსეთმა გააკეთა? მსოფლიო ისტორია სავსეა ერთი ქვეყნის მიერ მეორის დაპყრობის მაგალითებით, მაგრამ მიღებული იყო, რომ დამპყრობელი სახელმწიფო წინასწარ განზრახვის ფორმალურ მიზეზს პოულობდა, რომ მეორე ქვეყანა დაეპყრო. შაჰ-აბასი რომ შაჰ-აბასია, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ წამოვიდა, მანაც კი მოიფიქრა მიზეზი, რატომ მოდიოდა ქართლ-კახეთის დასაპყრობად. ისინი თვლიდნენ საჭიროდ, თავისი ხალხი მაინც დაერწმუნებინათ, რომ სამართლიანი საქმისთვის მიდიოდნენ მეორე ქვეყნის დასაპყრობად.
- ალბათ, მიანიშნებთ რუსეთზე, რომლისთვისაც უკრაინის დაპყრობას არავითარი დასაბუთება არ ჰქონია და რომელიც თითქოს უკრაინაში მცხოვრები "ჩაგრული" რუსების განმათავისუფლებელ მისიას ასრულებს...
- მართლაც, არავითარი მიზეზი არ არსებობდა. გამოიგონეს რაღაც ფორმულა, თითქოს ქვეყნის სათავეში არიან ნაცისტები, რომლებიც ჩაგრავენ უკრაინელ და იქ მცხოვრებ რუს ხალხს. ეს სიყალბეა. დარწმუნებული ვარ და არის ფაქტებიც, რომ რუსი ჯარისკაცების ნაწილმა არც იცოდა, რისთვის მიდიოდა უკრაინაში. დონბასის მოსახლეობაც აღფრთოვანებული სულაც არ შეხვედრია რუსულ არმიას. როცა ერთი არმია მეორე ქვეყანაში შედის, უბედურება მოაქვს ყველასათვის ვისაც უნდა და ვისაც არ უნდა რუსეთი - ყუმბარა, ზარბაზანი და ტყვია მათ არ ასხვავებს.
- უკრაინელები ბრძოლისუნარიანობით ოდითგან გამოირჩეოდნენ.
- დიახ, ისინი განთქმული მებრძოლები იყვნენ ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში. კიევის რუსეთი შიშის ზარს სცემდა ბიზანტიის იმპერიას. მან გაანადგურა მაშინდელი უძლიერესი ხაზართა იმპერია, რომელიც ჩვენც გვაწიოკებდა მე-8-9-10 საუკუნეებში. დამარცხებული ყივჩაღები და მათი მეთაური ათრაქა შარაღანის ძე კიევის რუსეთს გამოექცნენ და ჩრდილოეთ კავკასიის სტეპებს შეაფარეს თავი. სადმე დასახლება სურდათ და ეს მომენტი გამოიყენა დავით აღმაშენებელმა, რომელმაც შემოიყვანა ის ურდო, დაასახლა საქართველოს საზღვრებზე და გაფანტა ქვეყნის პროვინციებში. განთქმული მეომრები იყვნენ ზაპოროჟიელი კაზაკებიც, რომლებიც შუა საუკუნეებიდან ებრძოდნენ ოსმალებს. ისინი ხშირად ათავისუფლებდნენ ქართველ ტყვეებს და აბრუნებდნენ საქართველოში (ანაკლიასა და შავიზღვისპირეთის ნავსადგურებში). მეფის რუსეთის იმპერიის ერთ-ერთი უმამაცესი შენაერთები ყოველთვის კაზაკები იყვნენ. აგერ, მეორე მსოფლიო ომში გერმანელები ვერც ერთ დღეს ვერ მომაგრდნენ უკრაინის ტერიტორიაზე, იმიტომ, რომ მათი ტყეები მოფენილი იყო უკრაინელი პარტიზანებით. ცნობილ კოვპაკს, ერთ-ერთი დიდი მრავალრიცხოვანი პარტიზანული თითქმის არმიის მეთაურს, 40 000 კაცი ჰყავდა. ფაშისტი დამპყრობლების წინააღმდეგ მიმდინარე პარტიზანულ ბრძოლებში მონაწილეობდა ქართველი მებრძოლი დავით ბაქრაძეც, სსრკ-ის გმირი.
წარმოვიდგინოთ ყველაზე შავი პროგნოზი - ვთქვათ, რუსებმა კიევი აიღეს, ამით არაფერი შეიცვლება, ომში რუსები ვერ გაიმარჯვებენ. მით უმეტეს, უკრაინას მხარს უჭერს მთელი ევროპა. რუსეთს იარაღის რესურსი მალე ამოეწურება, ვინაიდან იმდენი ფული არა აქვს, უკრაინას კი იმდენ იარაღს აწვდის დასავლეთი, არ იციან, სად წაიღონ. რუსეთი ვერ გაიმარჯვებს, რაც უფრო გახანგრძლივდება ომი, მით უფრო გამოიკვეთება მისი დამარცხება. პუტინს, როგორც ჩანს, ბლიცკრიგის, ელვისებური გამარჯვების იმედი ჰქონდა და რადგან ეს არ გამოუვიდა, ახლა ყოველი დღე წამგებიანი იქნება მისთვის.
- "ოქროს ურდოს" რუსეთზე გვითხარით ორიოდე სიტყვა. მონღოლთა ბატონობამ რუს ერს დიდი დაღი დაასვა, რასაც რუსი ისტორიკოსებიც აღნიშნავენ...
- მე-13 საუკუნის პირველ ნახევარში, როდესაც მონღოლებმა ერთი დაკვრით აიღეს უზარმაზარი რუსეთის სივრცე, იქ მონღოლთა იმპერია გაბატონდა. ის მთელ აზიას მოიცავდა აღმოსავლეთ ევროპამდე და ოთხ დიდ ურდოდ დაიყო. ერთ-ერთი იყო ე.წ. ოქროს ურდო, რომელიც მთელი რუსეთის ტერიტორიას მოიცავდა და კავკასიონის მთებამდე მოდიოდა. ჩემთვის აუხსნელი ამბავია - მაშინ, როცა მონღოლები რუსეთის ტერიტორიაზე 3 საუკუნის განმავლობაში უპირობოდ ბატონობდნენ, საქართველოში ერთი საუკუნეც ვერ გაძლეს, თანაც არ დაგვავიწყდეს, ქართული სახელმწიფოებრიობა არ გაუქმებულა, ჩვენთან ყველაფერი ხელუხლებელი იყო, ქრისტიანულ ეკლესიასაც ვერ ახლეს ხელი, იმდენად ძლიერი გვქონდა სახელმწიფოებრიობის ტრადიცია. "ოქროს ურდოსგან" რუსებმა 1480 წელს დაიხსნეს თავი. როგორც რუსი ისტორიკოსები კლუჩევსკი და სხვები აღიარებენ, "ოქროს ურდოს" ბატონობამ გამოიწვია რუსული მენტალობის, ფსიქოტიპისა და ფიზიკური ტიპის ცვლილება. მათ გადაედოთ მაშინდელი ყველაზე მთავარი მონღოლური ავადმყოფობა - "დაიპყარი ყველაფერი, რაც შეგიძლია". ეს მონღოლური მენტალური ტიპი, ძირითადად, დღევანდელი რუსია. უკრაინელები, ბელარუსები და სხვები კი დასავლელი სლავები არიან, რომლებშიც ეს დამპყრობლური ფსიქოტიპი ვერ გაბატონდა. ვეთანხმები რუსულ ისტორიოგრაფიას, რომ მე-12 საუკუნემდე რუსეთის სამთავროები უფრო ჰუმანური სლავები იყვნენ. მე-13 საუკუნის რუსები, რომლებმაც მერე მოსკოვის სამთავროს გარშემო მოიყარეს თავი, მონღოლოიდურ რუსებად ჩამოყალიბდნენ (ამიტომ ეძახიან მონღოლურ რუსებს). განსაკუთრებით აღმოსავლეთის და ციმბირის ხალხებს ეტყობათ, რომ ძველი მონღოლური ტომების ნაშიერები არიან (ბურიატები, მორდველები, ჩუჩმეკები). უკრაინელები ნამდვილი სლავები არიან, დასავლეთის სლავები, და ამ ჯგუფში უკრაინელების და ბელარუსების გარდა, შედიან სერბები, იუგოსლავიის ხალხები, ბულგარელები... დასავლეთის სლავები უფრო მცირერიცხოვანია და ისინი საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდნენ ცენტრალური ევროპის გვერდზე. მათ სხვანაირი ისტორია გაიარეს და ცივილიზებულ სამყაროსთან უფრო ახლოს იყვნენ. რუსეთი და დასავლეთის სლავები მე-12-13 საუკუნეების შემდგომ დაცალკევდნენ. 1240-იან წლებში ბათო ყაენმა ლაშქრობები შეაჩერა, თორემ პოლონეთიც, უნგრეთიც და სხვებიც დაიპყრო, მაგრამ მერე უკან შემოტრიალდა, დაპყრობებს თავი დაანება და "ოქროს ურდო" გაჩერდა იმ საზღვრებში, რომელშიაც იყო. დანარჩენი ხალხები მონღოლურ გავლენას გადაურჩნენ.
- ქართველების დასავლური არჩევანიც საუკუნეებს ითვლის...
- ისევე, როგორც უკრაინის, საქართველოს ევროპული არჩევანი ძველი საუკუნეების არჩევანია. ბევრს ჰგონია, ქართველების რუსებთან კავშირი ტრადიციული იყო. არავითარ შემთხვევაში - ძველ ქართველებს პირველი საუკუნით დაწყებული და უფრო ძველადაც მუდმივად დასავლურ სამყაროსთან ჰქონდათ კავშირი - ჯერ ძველ ბერძნებთან, მერე რომის იმპერიასთან, მერე ჯვაროსნებთან, მერე ევროპელებთან. ჩვენი გზები ევროპასთან 1453 წელს გაიყარა, როდესაც ოსმალებმა აიღეს კონსტანტინოპოლი, ბიზანტიის იმპერია დაეცა და საქართველო-ევროპას შორის კავშირი გაწყდა. დარჩა ერთადერთი რუსეთი, რომელიც, ალბათ, ღმერთმა მოგვისაჯა. მადლობა ღმერთს, რომ მე-20 საუკუნეში შეიცვალა ყველაფერი - ჯერ პირველი საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკა დაუკავშირდა ევროპას და მერე აგერ, 30 წლის წინ გამოვაცხადეთ დამოუკიდებლობა. დღეს კიდევ ერთხელ გვაქვს შანსი, რომ დასავლურ ცივილიზაციასთან გავიდეთ.
დღეს რუსეთის გამარჯვება მსოფლიო ისტორიას აბსოლუტურად შეცვლის და თუ ევროპა ამას შეურიგდება, ადრე თუ გვიან, მისი არსებობის საკითხიც დადგება. რუსეთის გამარჯვება, ანუ უკრაინის დაპყრობა, გამორიცხულია, მაგრამ არსებობს მეორენაირი, ნაწილობრივი გამარჯვება. მაგალითად, რუსეთმა უკრაინას დონბასის რეგიონი წაართვას და ევროპა შეურიგდეს ამას. მართალია, ეს ნაწილობრივი გამარჯვება მსოფლიოს ვეღარ შეცვლის, მაგრამ ჩვენ ნამდვილად შეგვცვლის, რუსეთი ჩვენ მოგვადგება. ჩვენ ძალიან რთული სიტუაციის წინაშე ვდგავართ და საქართველოს ხელისუფლებამ ხელი უნდა გაანძრიოს (ოპოზიციასთან ერთად) და გაარკვიოს, გააკეთებს თუ არა რამეს ევროპა ჩვენს დასაცავად. თუ ევროპა მზად არ არის საქართველოს დასაცავად, ისევე, როგორც უკრაინას იცავს, მაშინ ძალიან ცუდად იქნება საქმე. თუ რუსეთმა იმაზე მეტს მიაღწია, რასაც დონბასის დასაკუთრება ჰქვია, ხარკოვისკენ, პოლტავისკენ გადავიდა და მეტი ტერიტორია დაიპყრო, თანაც იმასაც თუ მიაღწია, თავისი მთავრობა დასვას უკრაინაში, ეს დასავლეთის დამარცხებაა.
- თუ რუსეთი დამარცხდება, დადგება თუ არა დღის წესრიგში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი?
- არ ვიცი, მაგრამ დასავლეთმა ისე უნდა გააკეთოს, რომ ევროკავშირსა და ნატოში ჯერჯერობით ამ ტერიტორიების გარეშე მიგვიღოს იმ ჩანაწერით, რომ ისინი დღეს-ხვალ უნდა დაგვიბრუნდეს. ევროპამ თუ სანქციები ბოლომდე გაატარა, უახლოეს თვეებში რუსეთი ძალიან დასუსტდება. დონბასის პროვინცია (ლუგანსკი და დონეცკი) ახლა ფაქტობრივად უკრაინას არ ეკუთვნის, იურიდიულად - კი. ჩვენც ასეთ მდგომარეობაში ვართ...